GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 დეკემბერი, 202410:44
ბოლო 10 დღის განმავლობაში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველო მოიცვა ფართომასშტაბიანმა ლეგიტიმურმა პროტესტმა. საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება თბილისში. ლეგიტიმური პროტესტი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით. ამასთან, ეს საპროტესტო აქციები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული და, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.

ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. 2024 წლის 28 ნომებრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი,[1]  ხდება:


- წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა.


- აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;


- არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;  


- მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ; რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდება.  


- უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (დაკავებულია 500-მდე პირი, ხოლო, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფოს ევროპის საბჭოს კომისარმაც მიმართა);


- ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;


- სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 30-ზე მეტი პირი);


- მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ - გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით.[2]

 

(1)   აქციის დაშლის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებები

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერი ძალის გამოყენებას, როგორც წესი, წინ უძღვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცრუ განცხადება იმის თაობაზე, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი.[3] იმ ფაქტს, რომ ეს განცხადება არის ცრუ, ასევე, ადასტურებს, ეუთოს შეფასებაც, რომლის თანახმადაც: „[...] მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR)  პრაქტიკის მიხედვით, როდესაც აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არის მშვიდობიანი, ვერანაირი ფაქტი ვერ აქცევს შეკრებას არამშვიდობიანად, და, შესაბამისად, მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა ვერ გამართლდება.[4] ამრიგად, აბსოლუტურად ყველა შემთხვევა გასული 10 დღის განმავლობაში, სადაც საპოლიციო რაზმებმა დაიწყეს სრული მასშტაბით აქციის დაშლა, იყო  უკანონო.


(2)   აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებები, არა მარტო, არაპროპორციულია, არამედ, თავისი შინაარსით, უტოლდება ორგანიზებულ დანაშაულს


I. ირღვევა მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების და დაკავებულების აბსოლუტური უფლება - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.[5]


წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები საყოველთაო, სისტემური და ფართომასშტაბიანი ხდება აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ.

საყოველთაოა, და, თითქმის ყველა შემთხვევაში ხდება ფიზიკური ძალადობა დაკავებულების მიმართ,[6] თუმცა, ასევე, მათ მიმართაც, ვინც თითქმის უგონო მდგომარეობაში  დახმარებას საჭიროებენ.[7] 500-მდე  დაკავებულიდან თითქმის ყველას მიმართ ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად ფიზიკურ ძალადობას.[8]  „[აქციაზე დაკავებულ და დაზიანებულ მოქალაქეებს] მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს.“[9]


დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე - დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა.[10] ცემასთან ერთად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ, უყვიროდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.[11] სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.[12]  სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას.[13] ზოგ შემთხვევაში დაკავებულებზე ძალადობა გრძელდებოდა განყოფილებაშიც.[14] ერთ-ერთი დაკავებულის მიხედვით, ფიზიკური ძალადობით ცდილობდნენ მისთვის  დანაშაულის  აღიარება ეიძულებინათ.[15]



II. აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების პრაქტიკა აღწევს არაადამიანური მოპყრობის ხარისხს


სპეცრაზმი ხშირად იყენებს ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს უსაფუძვლოდ, ამასთან, ერთმანეთის პარალელურად და ამ საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების წესების[16] უგულვებელყოფით.[17]  ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ისვრიან დიდი რაოდენობით და ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანთა ჯგუფი მჭიდროდ დგას ერთად, რაც ქმნის მათი პირდაპირი დაზიანების რეალურ რისკს. კაფსულები ისროლეს ასევე შენობების სახურავებიდანაც, მათ შორის არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ კაფსულების გასროლა ხდებოდა რუსთაველის ეროვნული თეატრის სახურავიდანაც. ასევე, დაბალ ტემპერატურაში დისპროპორციულად იყენებენ წყლის ცივ ჭავლს.[18]


შსს კვლავ აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევას,[19] რომელსაც მოაქვს გაცილებით დიდი ზიანი.[20] აქციაზე მყოფი არაერთი მოქალაქე აღნიშნავს გამოყენებული სპეციალური საშუალებების განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მიუხედავად საია-ს მოწოდებისა შსს-ს მიმართ, გაასაჯაროოს, თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს მაინც ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა, შსს კვლავ საზოგადოებისთვის უცნობ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.[21]


გარდა სპეციალური საშუალებებისა, სპეციალურმა დანიშნულების რაზმება დაიწყეს ალყაში მოქცევის ტაქტიკის გამოყენება, როდესაც ისინი რამდენიმე მხრიდან იწყებდნენ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, ძალადობასა და დაკავებებს.[22] ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით, აღნიშნული ქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ის არის პროპორციული,[23] სხვა შემთხვებში, როდესაც გამოყენებულია სხვა სპეციალური საშუალებები, მსგავსი ტაქტიკა უქმნის აქციის მონაწილეებს დისპროპორციულ საფრხეს ჯანმრთელობის დაზიანების ან სხვა ზიანის.[24] იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები უკვე იყენებდნენ სხვა სპეციალურ საშუალებებს დისპროპორციულად, მსგავსი ტაქტიკა არღვევს, არა მარტო, შეკრების თავისუფლებას, არამედ, წარმოადგენს დემონსტრანტების ფსიქოლოგიური ტერორის იარაღს.



III. მედია წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული ღონისძიების ყველა ეპიზოდის მიზანი, მედიის ფუნქციონირების ჩახშობაა


აქციების დარბევისას განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს მედია. ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევები, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება და კამერების განზრახ დამტვრევა, ასევე ფიზიკური ძალადობა და დაკავება აქციების თანმდევია, რაც  მიუთითებს საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.[25]  



IV. იძულებითი გაუჩინარება, საპროცესო გარანტიების უგულებელყოფა


2024 წლის 7 დეკემბრიდან ადამიანები უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჰყავთ საკუთარი სახლებიდან უცნობ პირებს ისე, რომ მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უცნობია რა საფუძვლით ან სად მიჰყავთ ისინი. ასევე, უცნობია არიან თუ არა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ის პირები, რომლებსაც ადამიანები გადაჰყავთ. ადვოკატებისთვის და ოჯახის წევრებისთვის შემდგომ საათობით უცნობია პირის ადგილსამყოფელის, მდგომარეობის და მისი საპროცესო-სამართლებრივი  სტატუსის შესახებ.


კერძოდ, 7 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აქციის მონაწილეებს მათთვის უცნობმა პირებმა მიაკითხეს სახლებში. მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით, ისინი საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს იმ პირებმა, რომლებიც საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებად, თუმცა, არ ეცვათ პოლიციის ფორმები. ერთადერთი, რასაც მათ ეუბნებოდნენ ის იყო, რომ გასაუბრება სურდათ. მათ, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე წაიყვანეს ადამიანები.[26]


აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა გაუტოლდეს იძულებითი გაუჩინარების კვალიფიკაციას, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც კერძო პირები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს უფლებამოსილებით, მხარდაჭერით ან თანხმობით,  ფარულად იტაცებენ, აკავებენ ან სხვაგვარად თავისუფლებას ართმევენ ადამიანებს ისე, რომ მათი ბედს ან ადგილსამყოფელს მიზანმიმართულად მალავენ, რაც ადამიანებს კანონის დაცვის მიღმა აყენებს.[27]


ამასთან, სახელმწიფო უხეშად უგულებელყოფს საპროცესო გარანტიებს, მთ შორის, ისეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, როგორიცაა დაკავებისთანავე ადვოკატის დახმარების უფლება.


როგორც შემდგომ გამოიკვეთა, აღნიშნული პირების ნაწილი გადაიყვანეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, მიუხედავად ადვოკატების განმარტებისა, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს არ სურდათ გამოკითხვაში მონაწილეობა, აღნიშნული პირები იძულებით შეიყვანეს გამოკითხვაზე. გამოკითხვაზე იძულებით მყოფ ადამიანებთან შესვლის უფლება ადვოკატს არ მიეცა და ის პროცედურის დასრულებას უწყების კართან ელოდა.[28] ამავდროულად, სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი პირისგან მიიღო შემაშფოთებელი ინფორმაცია. კერძოდ, დაკავებულის განმარტებით, ნიღბიანმა ადამიანებმა, დაკავებისას მასთან ერთად სამართალდამცავი უწყების სამარშუტო ტიპის ავტომობილში მყოფ ადამიანს იძულებით მოაკიდებინეს ხელი დანისთვის, პარალელურად მას ამეორებინებდნენ, რომ ეს მისი ცივი იარაღი იყო.[29]



V. არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების ჩართულობა პროტესტის წინააღმდეგ


მზარდია ძალადობრივი დაჯგუფებების თავდასხმის ფაქტები ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ.



VI. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ასევე, წარსულში მსგავსი ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით, მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში.

 

საია განაგრძობს შეკრების თავისუფლებისა და სხვა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას.





[1] რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს, 29.11.2024, https://gyla.ge/post/%20Darebva-kvlav-araprprciuli-zaliat-da-ukanonod-mimdinareobs, [02.12.2024]; შსს თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, 29.11.2024, https://gyla.ge/post/Gyla-gancxadeba-aqciis-dzaladobit-darebva, [02.12.2024]; ვითარება რუსთაველის გამზირზე, https://gyla.ge/post/29-30octomberi, [02.12.2024]; მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის, https://gyla.ge/post/2dekemberigancxadeba, [02.12.2024]; სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ, 02.12.2024, https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsveli-moutsodebs-shss-s-ar-gamoiqenos-spetsialuri-sashualebebi-mshvidobiani-shekrebis-monatsileta-mimart, [03.12.2024]; საია,  3 - 4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-6 დღეს, შსს-მ კვლავ ძალადობის გზით სცადა დემონსტრანტების დარბევა, 04.12.2024, https://gyla.ge/post/3-4-dekembris-darbevis-Sefaseba-GYLA, [04.12.2024]



[2] დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება, 02.12.2024, https://gyla.ge/post/gancxadebeba-2dekemberi, [02.12.2024];  IPN, Kakha Kaladze on the statement of the employees of the City Hall: I was expecting this, we have announced a reorganization in the City Hall, relocations are planned, God bless everyone on their way, 01.12.2024, https://www.interpressnews.ge/en/article/135532-kakha-kaladze-on-the-statement-of-the-employees-of-the-city-hall-i-was-expecting-this-we-have-announced-a-reorganization-in-the-city-hall-relocations-are-planned-god-bless-everyone-on-their-way/, [02.12.2024];  IPN, Nino Tsilosani on the employees of the Ministry of Foreign Affairs: it is disgusting that diplomats allegedly swear by the EU in exchange for the interests of their own country - after this farce, you will be more convincing if you leave your positions, 29.11.2024, https://www.interpressnews.ge/en/article/135405-nino-tsilosani-on-the-employees-of-the-ministry-of-foreign-affairs-it-is-disgusting-that-diplomats-allegedly-swear-by-the-eu-in-exchange-for-the-interests-of-their-own-country-after-this-farce-you-will-be-more-convincing-if-you-leave-your-positions/, [02.12.2024]; Civil Georgia, Kobakhidze Alludes to Purges, Says Civil Service is “Self-Cleansing”, 02.12.2024, https://civil.ge/archives/640508, [03.12.2024].



[3] იხ: საია - ის განცხადება „სიცრუა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება (00:37), რომ აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი“ 01.12.24, https://gyla.ge/en/post/gancxadeba-shinagansaqmetasaministrosgancxadebaze



[4] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Frumkin v. Russia, no. 74568/12



[5] სახალხო დამცველის განცხადება 29-30 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ, 30.11.2024, https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelis-gantskhadeba-29-30-noembris-aktsiis-dashlis-shesakheb, [02.12.2024].


[8] არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადება დაკავებული პირების შესახებ, 01.12.2024, https://gyla.ge/post/arasamtavrobo-organizaciebis-qselis-gancxadeba-dakavebulebze, [02.12.2024].


[9]სახალხო დამცველის განცხადება, 03.12.2024, https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/241203081257sakhalkho-damtsvelis-gantskhadeba, [04.12.2024].


[10] დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!, 02.12.2024, https://gyla.ge/post/dakavebulebi-sastikad-nacemia, [02.12.2024].


[11] იქვე.


[12] იქვე.


[13] იქვე.


[14] პუბლიკა, ადვოკატი: ზურა დათუნაშვილის დაკავების დროს და შემდეგ იზოლატორში მასზე იძალადეს, 05.12.2024, https://publika.ge/advokati-zura-datunashvilis-dakavebis-dros-da-shemdeg-izolatorshi-masze-idzalades/ [08.12.2024.]


[15] ნეტჰაზეთი, აქამდე დემონსტრანტებს დაკავებისას და მანქანაში სცემდნენ, ახლა უკვე იზოლატორშიცადვოკატი, 05.12.2024, https://netgazeti.ge/news/755077/ [08.12.2024].


[16] ECTHR - ის მიხედვით, დარბევის ისეთი საშუალებების გამოყენება, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, მოითხოვს მაღალი სტანდარტით დასაბუთებას. ცრემლსადენი გაზის გამოყენება, უნდა ექვემდებარებოდეს მკაფიო წესებს და უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი პერსონალის კონტროლსა და ზედამხედველობას დემონსტრაციების დროს,  ასევე ძალის გამოყენება უნდა შეფასდეს აუცილებლობის, პროპორციულობის და გონივრულობის კრიტერიუმებით, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ წევენ ძალადობრივ წინააღმდეგობას. - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე İzci v. Turkey, no. 42606/05.


[17] იხ: საია - ის განცხადება „მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის“ 02.12.24. https://gyla.ge/post/2dekemberigancxadeba


[18] იხ: საია - ს განცხადება „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს.“ 29.11.2024 https://gyla.ge/post/%20Darebva-kvlav-araprprciuli-zaliat-da-ukanonod-mimdinareobs


[19] იქვე.


[20] Chemical Irritants In Law Enforcement An Amnesty International Position Paper, 2021.


[21] იხ: საიას განცხადება „3 - 4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-6 დღეს, შსს-მ კვლავ ძალადობის გზით სცადა დემონსტრანტების დარბევა“04.12.24. https://gyla.ge/post/3-4-dekembris-darbevis-Sefaseba-GYLA


[22] იხ: საია - ს განცხადება „3 - 4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-6 დღეს, შსს-მ კვლავ ძალადობის გზით სცადა დემონსტრანტების დარბევა“, 04.12.24. https://www.facebook.com/GYLA.ge/posts/pfbid033rhvuFK2pDc6dgp1zqdtH1e4wXjziStPnip3xbV4SjaoBtMJiHJxjghVViAkdYY4l


[23] General comment No. 37 (2020) on the right of peaceful assembly. 2020.


[24] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Austin and Others v. the United Kingdom nos. 39692/09, 40713/09 and 41008/09.


[25] იხ: საია - ის განცხადება „მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის“ 02.12.24. https://gyla.ge/post/2dekemberigancxadeba. დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტი, სასიცოცხლო როლს ასრულებს. მედიის „ძირითადი ფუნქცია“ მოიცავს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ხასიათის შეკრებებისა და მანიფესტაციების გაშუქებას და აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.  სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.


[26] არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადება 7 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 08.12.2024, https://gyla.ge/post/7-dekemberi-qselisertoblivi-gancxaeba-gyla?fbclid=IwY2xjawHCQuVleHRuA2FlbQIxMAABHf8fZbbG1LyA01CcA3AtSX6UEqhaEcXNhxTV7WrvCaHVPIykewlDLH7ixw_aem_2FE6gpWtdskqOdVNRUGAMQ [08.12.2024]


[27] ევროპის საბჭოს რეზოლუცია 1463 (2005) https://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=17371


[28] არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადება 7 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 08.12.2024, https://gyla.ge/post/7-dekemberi-qselisertoblivi-gancxaeba-gyla?fbclid=IwY2xjawHCQuVleHRuA2FlbQIxMAABHf8fZbbG1LyA01CcA3AtSX6UEqhaEcXNhxTV7WrvCaHVPIykewlDLH7ixw_aem_2FE6gpWtdskqOdVNRUGAMQ [08.12.2024]


[29] იქვე.

სხვა სიახლეები