GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 დეკემბერი, 2024
3 - 4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-6 დღეს, შსს-მ კვლავ ძალადობის გზით სცადა დემონსტრანტების დარბევა.

22:23 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა დაიწყეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

23:21 საათის მდგომარებით, აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანად აპროტესტებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის დარბევის გადაწყვეტილება იყო კვლავ უკანონო.

23:30 საათიდან სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო აქციის დარბევა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა, ამავდროულად დაიწყეს რამდენიმე სპეციალური საშუალების ერთდროულად გამოყენება, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის.

ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ისროდნენ დიდი რაოდენობით და ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანთა ჯგუფი მჭიდროდ იდგა ერთად, რაც ქმნიდა მათი პირდაპირი დაზიანების რეალურ რისკს. კაფსულები ისროლეს ასევე სახურავებიდანაც, მათ შორის არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ კაფსულების გასროლა ხდებოდა რუსთაველის ეროვნული თეატრის სახურავიდანაც.

აქციაზე მყოფი არაერთი მოქალაქე აღნიშნავს გამოყენებული სპეციალური საშუალებების განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საიამ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაესაჯაროებინა თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა, თუმცა, შსს კვლავ საზოგადოებისთვის უცნობ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

03:29 საათიდან, მიუხედავად იმისა, რომ აქცია კვლავ მშვიდობიანი იყო, რუსთაველის მოედნიდან დაიწყო სპეცრაზმა აქციის დარბევა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე განლაგდა კიდევ ერთი სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც გასული ღამის მოვლენების გათვალისწინებით, ქმნიდა მომიტინგეების ალყაში მოქცევის საშიშროებას. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ტერიტორიის დატოვება, რა დროსაც დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე და გამოიკვეთა ძალადობის ფაქტები.

გამთენიისას აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მსვლელობის პროცესში გარკვეულ ლოკაციებზე სპეცრაზმი კვლავ აგრძელებდა მომიტინგეების დევნას. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია 20 დაკავებულის შესახებ.



სხვა სიახლეები