GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) — 1994 წლიდან იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. ის არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სანდო უფლებადაცვითი ორგანიზაცია. წლების განმავლობაში საიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაში.

საია აკვირდება და მონიტორინგს უწევს ხელისუფლების ყველა შტოს საქმიანობას და მის შესაბამისობას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან, წერს კვლევებსა და ანგარიშებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ადვოკატირებს პოზიტიურ ცვლილებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. საია იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარება შესთავაზა და ამით ხელი შეუწყო მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ორგანიზაცია დღემდე აგრძელებს მოსახლეობისთვის ამ სერვისის გაწევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, იყენებს სტრატეგიული სამართალწარმოების ინსტრუმენტს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა და ადვოკატირებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მექანიზმებში. საიას მიერ მოგებულმა არაერთმა პრეცედენტულმა საქმე მნიშვნელოვნად, პოზიტიური მიმართულებით შეცვალა  ადამიანების ყოველდღიურობა.

 

რას ვაკეთებთ

საია ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სამართლიანი მმართველობის შექმნას. ორგანიზაციის საქმიანობა რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზეა ფოკუსირებული.

ადამიანის უფლებების პროგრამის ფარგლებში საია სამ ძირითადი მიმართულებით მუშაობს.

 

უფლებების სადარაჯოზე (Watchdog ფუნქცია): პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეაგირებას ადამიანის უფლებების დარღვევაზე ნებისმიერ დროს (24/7) მთელი ქვეყნის მასშტაბით, განცხადებების, ანგარიშების გამოქვეყნებისა თუ სხვაგვარად გამოხმაურების გზით.

 

ანალიტიკა და განათლება: პროგრამა ამზადებს სიღრმისეულ სამართლებრივ კვლევებს და პოლიტიკის/ადვოკატირების დოკუმენტებს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, 2011 წლიდან აკვირდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს სასამართლოებში. მასპინძლობს სტუდენტებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებით, რითაც ხელს უწყობს მომავალი თაობის უფლებადამცველთა მომზადებას.

 

საერთაშორისო ადვოკატირება: პროგრმა ამზადებს ანგარიშებს გაეროს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოსთვის, მონაწილეობს საერთაშორისო სესიებსა და კონფერენციებში საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არსებითი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის მიზ ქვეყანაში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.

 

პროგრამა რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით მუშაობს: მართლმსაჯულების სისტემა, არჩევნები, საპარლამენტო ცხოვრების გაუმჯობესება, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის პრინციპების განმტკიცება, ეფექტიანი თვითმმართველობის ხელშეწყობა, ევროინტეგრაცია.

 

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მონიტორინგს უწევს მართლმსაჯულების სისტემას და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს. გარდა ამისა, აკვირდება საარჩევნო პროცესებს და გასცემს კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

პროგრამა აქტიურადაა ჩართული საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგსა და საკანონმდებლო პროცესებში, ასევე, მონიტორინგს უწევს როგორც  ცენტრალური, ისე ადგილობრივი საჯარო ინსტიტუტების გამჭვირვალობ და ხელს უწყობს მის გაუმჯობესებას.

 

გარდა ამისა, პროგრამა მხარს უჭერს დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას. ამასთანავე, ევროინტეგრაციის მიმართულებით მონიტორინგს უწევს ევროკავშირთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებს და აქვეყნებს შესაბამის შეფასებას.

სამართლებრივი დახმარების პროგრამა

დაარსებიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, საიამ 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გასწია. ორგანიზაციის იურისტები მუშაობენ ისეთ სტრატეგიულ საქმეებზე, რომლებმაც ადამიანების/ჯგუფების ცხოვრება შეცვალა და მათი უფლებრივი მდგომარეობა გააუმჯობესა. საიას ადვოკატები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სასამართლოებშიც აქტიურად იცავენ უფლებადარღვეულ ადამიანებს.

პროგრამა ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება: ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ლგბტქ+ ადამინებსა და უმცირესობათა წარმომადგენლებს. საიას იურისტები იცავენ უკანონოდ გათავისუფლებულებს, პოლიტიკური ნიშნით დევნილებს, საპოტესტო აქციების დროს დაკავებულებს და დისკრიმინაციის მსხვერპლებს, ყოველდღიურ რეჟიმში მხარს უჭერენ მოქალაქეებს, რათა სამართლიანობას და თანასწორობას მიაღწიონ.

გარდა ამისა, პროგრამა აქტიურად მონაწილეობს საკანონმდებლო რეფორმების პროცესში და ხელს უწყობს სისტემური ცვლილებების ინიცირებას. ასევე, ყოველწლიურად, 40-მდე სტუდენტს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას, რაც მათ პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

რისთვის ვიბრძვით

საიას მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და სოციალური თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში. ორგანიზაცია იბრძვის უფრო სამართლიანი და თანასწორი გარემოს შესაქმნელად, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია.