GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

01 დეკემბერი, 2024


სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზი უწყვეტად იღებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. ჩვენი ადვოკატები სხვადასხვა ქალაქებში ეძებენ დაკავებულ პირებს, პოულობენ მათ, ხვდებიან, ინიშნავენ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და იცავენ მათ უფლებებს სასამართლო დარბაზებსა და საგამოძიებო ორგანოებში.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით:

  • ცხელ ხაზზე შემოვიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია. მათ შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები, ადვოკატები. მხოლოდ გუშინ მიმდინარე აქციისას პოლიციამ 50-ზე მეტი პირი დააკავა. ამათგან 39-ის შესახებ ცხელ ხაზზე ინფორმაცია უკვე მიღებულია. ეს მონაცემები პერიოდულად იზრდება. ამ დროისათვის, დაკავებულთა 90%-ს უკვე შეხვდნენ ადვოკატები სხვადასხვა იზოლატორში. მონახულების პროცესი გრძელდება. პროცესს ართულებს ის გარემოებაც, რომ ვერ ხერხდება დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის დროულად მიღება.


  • თითქმის ყველა დაკავებული საუბრობს საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე, სადამსჯელო  ხასიათის დევნასა და ძალადობაზე. მათ შორის, იკვეთება ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები. დაკავებულთა ნაწილს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მათი ნაწილი მკურნალობის პროცესს სამედიცინო დაწესებულებაში კვლავაც გადის. ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს არ გადაყავთ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში.


  • იკვეთება, რომ მიზანმიმართულად ხდება დაკავებულებისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონების გადაყრა. ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულებს სამართალდამცავებმა მოპარეს ტელეფონები.


  • დაკავებულების უფლებების დარღვევა გრძელდება დაკავების შემდგომ ეტაპზეც - თითქმის ყველას თვითნებურად, შაბლონური დასაბუთებით გაუხანგრძლივდა დაკავების 24 საათიანი ვადა დამატებითი 24 საათით.


  • სასამართლოში გადაყვანის შემდგომ ეტაპზე - საქმეების განხილვა მიმდინარეობს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების უგულვებელყოფით. პროცესების განხილვა ხდება არაგონივრული დროით, ღამის საათებში, ადვოკატებს არ ეძლევათ სათანადო დრო მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დასაცავად. სასამართლო იყენებს მკაცრ სანქციებს, მათ შორის - ადმინისტრაციულ პატიმრობას. სასამართლო არ აკმაყოფილებს ადვოკატების შუამდგომლობებს პროცესების გადადებასთან დაკავშირებით, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ადვოკატებმა შეძლონ საქმის მასალების გაცნობა და მტკიცებულებების მოძიება. დაკავებულები ზოგიერთ შემთხვევაში 24 საათის ამოწურვის შემდგომ არასამუშაო დროის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე გადაყავთ სასამართლოში და არც ამის თაობაზე აქვთ ინფორმაცია ადვოკატებს.


  • დაკავებულთა უმრავლესობას, რომელთა საქმეებიც გუშინ გვიან ღამით იხილებოდა სასამართლოში, ჰქონდათ სერიოზული დაზიანებები, მათ შორის, სახისა და თავის არეში, ამის მიუხედავად სასამართლომ არ გადადო პროცესი და მთელი ამ დროის განმავლობაში მათ მოუწიათ საკნებსა თუ სხდომის დარბაზში ყოფნა. სასამართლოს არც დაზიანებებზე ჰქონია რაიმე რეაგირება, რასაც კანონმდებლობა მას პირდაპირ ავალდებულებს.


  • ამ დრომდე არ მომხდარა აქციის მონაწილეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებელი პირების გამოვლენა საგამოძიებო უწყებების მხრიდან.

ბოლო დღეების დინამიკა აჩვენებს, რომ ადგილი აქვს აქციის მონაწილეების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ორგანიზებული ხასიათის დანაშაულებრივ პრაქტიკას, რომელზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ საპოლიციო ძალების ხელმძღვანელ პირებს. 

ადვოკატებს უნდა მიეცეთ ნორმალურ პირობებში დაკავებულებთან კომუნიკაციის და მათი დაცვის შესაძლებლობა.

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული პირი და შეწყდეს მათ მიმართ დაწყებული საქმეების წარმოება.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

უფლებები საქართველო

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)




სხვა სიახლეები