სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მოქმედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ბარამიძის, მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით გათვალისწინებულ საბოტაჟსა და 307¹ მუხლით განსაზღვრულ „სამშობლოს ღალატში“ წარედგინა. 1
საქმე უკავშირდება გიორგი ბარამიძის მიერ საჯარო გადაცემაში აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულმა განცხადებამ დააზიანა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაცია, შელახა ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება, საფრთხე შეუქმნა ნდობის აღდგენის პროცესს და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას. 2
ბარამიძემ შემდგომ საჯაროდ განმარტა, რომ მისი განცხადება არ გულისხმობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ტყვეების დახვრეტის ფაქტის დადასტურებას. მისი პოზიციით, ნათქვამი არ ეხებოდა რეგულარულ ქართულ ჯარს ან სახელმწიფოს პოლიტიკას და არ უთქვამს, რომ ქართველები ტყვედ აყვანილ პირებს ხვრეტდნენ. 3
საია მიიჩნევს, რომ საქმეში იკვეთება არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი, რომელთა სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, გიორგი ბარამიძის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის და, მეორე მხრივ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური გავლენებისა და ინტერესებისგან თავისუფლად.
საბოტაჟის შემადგენლობის დასაბუთების პრობლემა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის მიხედვით, საბოტაჟი გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.
ამ ნორმის გამოყენებისთვის საკმარისი არ არის იმის მტკიცება, რომ კონკრეტული განცხადება შესაძლოა ყოფილიყო საზოგადოებისთვის მტკივნეული, პოლიტიკურად საკამათო, რეპუტაციულად საზიანო ან სახელმწიფოს პოზიციასთან შეუსაბამო. აუცილებელია, ბრალდების მხარემ წარმოადგინოს კონკრეტული და შემოწმებადი ფაქტები, რომლებიც დაადასტურებს:
რომელ სახელმწიფო ორგანოს, უწყებას ან დაწესებულებას შეეშალა ხელი ნორმალურ ფუნქციონირებაში;
კონკრეტულად რომელი ფუნქცია, საქმიანობა, მექანიზმი ან პროცესი შეფერხდა;
რა ფაქტობრივი შედეგი დადგა;
რა მიზეზობრივი კავშირი არსებობს ბარამიძის განცხადებასა და აღნიშნულ შედეგს შორის;
რა მტკიცებულებით დასტურდება, რომ ეს ხელშეშლა განხორციელდა სწორედ საქართველოს დასუსტების მიზნით.
პროკურატურა მიუთითებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნდობის აღდგენის მექანიზმების ფუნქციონირებაზე. თუმცა, უწყების ზოგადი დასახელება ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტული შედეგის დადასტურების ვალდებულებას. ბრალდების მხარემ უნდა განმარტოს, მაგალითად, რომელი ღონისძიება, დიალოგის ფორმატი, პროგრამა, მოლაპარაკება ან თანამშრომლობის მექანიზმი შეფერხდა; ვინ ვერ შეძლო კონკრეტული მოქმედების განხორციელება; რა დროით ან რა ფორმით შეიზღუდა ეს საქმიანობა; და რატომ არის ეს შედეგი უშუალოდ ერთი საჯარო განცხადების შედეგი.
სახელმწიფოს რეპუტაციის ან საერთაშორისო იმიჯის შესაძლო დაზიანება შეიძლება წარმოადგენდეს პოლიტიკურ ან დიპლომატიურ პრობლემას, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლი არ ადგენს სახელმწიფოს „რეპუტაციის დაზიანების“ ცალკე დანაშაულებრივ შემადგენლობას. შესაბამისად, რეპუტაციული ზიანის შესახებ ზოგადი მითითება ვერ გახდება სახელმწიფო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლის მტკიცებულების შემცვლელი.
„საქართველოს დასუსტების მიზნით“ მოქმედების მტკიცების ვალდებულება
საბოტაჟის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია პირის სპეციალური მიზანი. კერძოდ, მოქმედება „საქართველოს დასუსტების მიზნით“. ეს მოთხოვნა ფუნდამენტურად განასხვავებს პოლიტიკურად, მორალურად ან ისტორიულად საკამათო განცხადებას იმ ქმედებისგან, რომელიც შეიძლება საბოტაჟად შეფასდეს.
შესაძლოა, კონკრეტულ განცხადებას მოჰყვეს უარყოფითი პოლიტიკური, სოციალური ან რეპუტაციული გამოხმაურება. თუმცა, ასეთი შედეგი თავისთავად არ მიუთითებს, რომ განცხადების ავტორი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით მოქმედებდა. მიზანი უნდა დასტურდებოდეს დამოუკიდებელი მტკიცებულებებით და არ შეიძლება იგი ავტომატურად იქნეს გამოყვანილი მხოლოდ განცხადების შინაარსიდან ან მის მიმართ უარყოფითი შეფასებიდან.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება წრე, რომ განცხადება მიიჩნევა სახელმწიფოსთვის საზიანოდ, ხოლო მისი სავარაუდო საზიანოობა შემდეგ გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ ავტორს სახელმწიფოს დასუსტება სურდა. ასეთი მიდგომა ვერ აკმაყოფილებს სპეციალური განზრახვის მტკიცების სტანდარტს.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბარამიძის შემდგომი განმარტებების, განცხადების სრული შინაარსისა და ისტორიული კონტექსტის შეფასებაც. განცხადების შესაძლო უზუსტობა, სადავო ხასიათი ან მორალური მიუღებლობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დადგა საბოტაჟის შემადგენლობა ან რომ პირი მოქმედებდა საქართველოს დასუსტების მიზნით.
„სამშობლოს ღალატის“ კვალიფიკაციის გამოყენება
სისხლის სამართლის კოდექსის 307¹ მუხლი „სამშობლოს ღალატად“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი კონკრეტული დანაშაულების, მათ შორის საბოტაჟის, ჩადენას.
ეს მუხლი დამოუკიდებლად არ ქმნის ახალ დანაშაულს და ვერ შეავსებს ძირითადი დანაშაულის შემადგენლობაში არსებულ მტკიცებულებით ან სამართლებრივ ხარვეზს. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს 318-ე მუხლით გათვალისწინებული საბოტაჟის ყველა ობიექტური და სუბიექტური ელემენტის არსებობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეფასდეს 307¹ მუხლის დამატებითი კვალიფიკაციის საკითხი.
„სამშობლოს ღალატის“ ტერმინს განსაკუთრებული მორალური, პოლიტიკური და რეპუტაციული დატვირთვა აქვს. მისი გამოყენება საჯარო და სისხლისსამართლებრივ კონტექსტში განსაკუთრებით საჭიროებს, რომ კვალიფიკაცია იყოს მკაცრად ზუსტი, ინდივიდუალურად დასაბუთებული და დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე. სამართლებრივი სახელწოდება ვერ უნდა იქცეს კონკრეტული დანაშაულის მტკიცების შემცვლელად ან პირის საზოგადოებრივი სტიგმატიზაციის ინსტრუმენტად.
პროკურატურის როლი სამართლებრივი კვალიფიკაციის სიზუსტის განსაზღვრაში
მოცემული საქმის სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება თავად პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, პასუხისმგებლობას უკავშირდება.
პროკურატურის ფუნქცია არ არის სახელმწიფოსთვის შესაძლო არასასურველი პირების სს დევნა. როდესაც კონკრეტული პირის მიმართ ხდება ისეთი მექანიზმების გამოყენება როგორიცაა დაკავება ან პირის ბრალდება, სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტების არსებობის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს.
აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება „სამშობლოს ღალატის“ მსგავს კვალიფიკაციას, რომელსაც განსაკუთრებული მორალური და რეპუტაციული დატვირთვა აქვს.
პროკურორის პროფესიული ვალდებულება ამ ეტაპზე არის არა იმის დამტკიცება, რომ ბარამიძის განცხადება სახელმწიფოსთვის საზიანო იყო, არამედ იმის შემოწმება, იძლევა თუ არა მოპოვებული მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის დონეზე 318-ე მუხლის თითოეული ობიექტური და სუბიექტური ელემენტის არსებობის დასკვნის შესაძლებლობას.
თუ საჯარო განცხადება წარმოადგენს სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებას, კონკრეტულად რა გარემოებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ამ განცხადებით მოხდა კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა და რომ ეს განხორციელდა საქართველოს დასუსტების მიზნით? თუ ამ კითხვებზე პასუხი ეფუძნება მხოლოდ განცხადების შესაძლო რეპუტაციულ ან პოლიტიკურ შედეგებს, ჩნდება არა მხოლოდ კვალიფიკაციის სისწორის, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაბუთებულობის პრობლემაც.
ამასთან, პროკურატურამ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ ბრალდების სასარგებლოდ არსებული, არამედ სამართლებრივი კვალიფიკაციის საწინააღმდეგო გარემოებებიც. თუ გამოძიების პროცესში იკვეთება, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები ვერ თავსდება გამოყენებული მუხლის შემადგენლობაში, სამართლებრივი კვალიფიკაციის გადახედვა აუცილებელი ხდება.
არასწორი ან აშკარად შეუსაბამო სამართლებრივი კვალიფიკაციის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების გართულება, დაუსაბუთებელი თავისუფლების შეზღუდვის რისკი, შესაბამისი საპროცესო მოთხოვნების სასამართლოს მიერ დაუკმაყოფილებლობა და, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის ან უფლებამოსილების არამართლზომიერი გამოყენების საკითხის დაყენება. ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხისმგებლობის ფორმის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებული იქნება როგორც პროკურატურის რეალურ საპროცესო მოქმედებებზე, ისე სასამართლოს შეფასებაზე.
დაკავებისა და პატიმრობის დასაბუთება
საია ხაზს უსვამს, რომ დაკავება და განსაკუთრებით პატიმრობა არ შეიძლება ავტომატურად გამომდინარეობდეს ბრალდების სიმძიმიდან ან მისთვის მინიჭებული პოლიტიკური მნიშვნელობიდან. თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი დანაშაულის ჩადენის შესახებ და ამასთან, კონკრეტული, რეალური და ინდივიდუალურად შეფასებული საპროცესო საფრთხე.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო, 4 ხოლო გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.5 ამ პერიოდში ის საჯაროდ საუბრობდა მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ და განმარტავდა საკუთარ პოზიციას. სასამართლოს განჩინების სრული ტექსტი ამ ეტაპზე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, რაც ართულებს იმის შეფასებას, თუ რა გარემოებებით დასაბუთდა დაკავების აუცილებლობა.
თუმცა, სასამართლომ და პროკურატურამ კონკრეტულად უნდა განმარტონ:
რა ფაქტები მიუთითებდა მიმალვის ან მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რეალურ საფრთხეზე;
რომელი მოწმის, დოკუმენტის ან სხვა მტკიცებულების მიმართ არსებობდა ზემოქმედების, განადგურების ან შეცვლის რისკი;
რატომ ვერ მოხდებოდა შესაძლო საპროცესო რისკების განეიტრალება ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით;
საქმის საფუძვლად არსებული მთავარი მტკიცებულება საჯარო განცხადებაა, რომლის შინაარსი და გავრცელების ფაქტი, როგორც წესი, უკვე ფიქსირებულია და ბრალდებულის მიერ ვერ განადგურდება ან შეიცვლება. მხოლოდ ის გარემოება, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა ან საქმეში შესაძლოა მოწმეები არსებობდნენ, ვერ დაასაბუთებს პატიმრობის აუცილებლობას. მტკიცებულებებზე ზემოქმედების საფრთხე უნდა იყოს კონკრეტულად დასახელებული და რეალური ფაქტებით გამყარებული.
საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განაპირობებს ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველია საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება ისტორიულად მძიმე და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო დისკუსია ომის, ისტორიული მოვლენების, სახელმწიფო პოლიტიკისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე მაღალი ხარისხის დაცვით სარგებლობს.
ცრუ, მცდარი ან სადავო განცხადება თავისთავად არ შეიძლება იქცეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად მხოლოდ იმიტომ, რომ იგი საზოგადოების ნაწილისთვის შეურაცხმყოფელი, მტკივნეული ან სახელმწიფოსთვის არასასურველია. სისხლისსამართლებრივი რეაგირება უნდა ემყარებოდეს კონკრეტული დანაშაულის ყველა აუცილებელი ელემენტის არსებობას და არა მხოლოდ განცხადების პოლიტიკურ, მორალურ ან რეპუტაციულ შეფასებას.
როდესაც მოქმედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ გამოიყენება „სამშობლოს ღალატის“ მსგავსი განსაკუთრებულად მძიმე და სტიგმატიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბრალდება, ხოლო საქმის საფუძველს საჯარო პოლიტიკური განცხადება წარმოადგენს, სახელმწიფოს ეკისრება უფრო მაღალი ვალდებულება, წარმოადგინოს მკაფიო, დამოუკიდებელი და პოლიტიკისგან თავისუფალი სამართლებრივი დასაბუთება.
საია ყურადღებით დააკვირდება ამ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების შემდგომ განვითარებებს.
1 საქართველოს გენერალური პროკურატურა, „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, 7 აგვისტო 2026. ხელმისაწვდომია:https://pog.gov.ge/news/saqartvelos-generalurma-prokuraturam-samshoblos-ghalatis-da-sabotazhis-faqtze-gamodzieba-daitsko-5935?utm_source , განახლებულია: 12.09.2026.
2 იქვე.
3 „რადიო თავისუფლება“, „გიორგი ბარამიძე — არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“, 2026. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98/33824164.html?utm_source= განახლებულია:12.09.2026.
4 საქართველოს გენერალური პროკურატურა, „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, 7 აგვისტო 2026. ხელმისაწვდომია:https://pog.gov.ge/news/saqartvelos-generalurma-prokuraturam-samshoblos-ghalatis-da-sabotazhis-faqtze-gamodzieba-daitsko-5935?utm_source , განახლებულია: 12.09.2026.
5 საქართველოს გენერალური პროკურატურა, „გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა“, 11 სექტემბერი 2026. ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/news/generalurma-prokuraturam-samshoblos-ghalatis-kerdzod-sabotazhis-braldebit-sasamartlo-ganchinebis-safudzvelze-giorgi-baramidze-daakava-5986?utm_source= განახლებულია: 12.09.2026.
გააზიარე: