GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 ნოემბერი, 2024

შსს თბილისსა და ბათუმში კვლავ დემონსტრაციული ძალადობით ცდილობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას.
ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების წესის დარღვევით.
23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რის შემდეგაც აღნიშნულ საშუალებას პერიოდულად იყენებენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. წყლის ჭავლს იყენებენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც. აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცალსახად არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს.
წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს.
23:44 საათიდან სპეცრაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე დაიწყო აქციის მონაწილეთა დევნა და ძალადობრივი დაკავება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავებულ პირებზე სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა.
ჩიტაძის ქუჩაზე ძალადობრივი დაკავებების პროცესში დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
ამასთან პირდაპირი ჩართვისას დააკვეს ადვოკატი ბექა ბასილაია.
პოლიცია ძალადობრივად აკავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ასევე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლები ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს.
აშკარაა, რომ შსს-ს მიერ მიღებული ზომები კვლავ პროტესტის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად და ლეგიტიმური, მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიული მექანიზმებით ჩახშობას ემსახურება.
საპოლიცო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება.

სხვა სიახლეები