სიახლეები
საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს. “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.1 6 თებერვალს, “ქართული ოცნების” პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ცვლილებები ამ კოდექსშიც შედის, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის გარანტიებს.
საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შემდეგ საკითხებს:
შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორის პასუხისმგებლობა
ძველ რედაქციაში „მარწმუნებელი“ მხოლოდ შეკრების ინიციატორია, ხოლო „რწმუნებული“ - ამ ინიციატორის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი. საკანონმდებლო ცვლილებით, ეს ტერმინები უქმდება და ნაცვლდება შემდეგით: “ორგანიზატორი” და “პასუხისმგებელი პირი”. „ორგანიზატორად“ ცხადდება არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ნებისმიერი პირი, ვინც „ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს“ შეკრებას, ხოლო „პასუხისმგებელი პირი“ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პირი, ვინც შეკრების პროცესში რაიმე სახის ორგანიზატორულ საქმიანობას ეწევა.
ეს ნიშნავს, რომ შეკრების ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს შეიძლება დააკისრონ პასუხისმგებლობა, თუნდაც ის ოფიციალურად ორგანიზატორი არ იყოს. ასეთმა ბუნდოვანმა და ფართოდ ინტერპრეტირებადმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე. ამასთანავე, ახალი რედაქცია “პასუხისმგებელ პირს” აკისრებს ვალდებულებას აქციის ჩასატარებლად ხელმოწერილი გაფრთხილება შეიტანოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების შესახებ.
ამასთანავე, გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი.
სპონტანური შეკრების/მანიფესტაცია
კანონმდებლობას ემატება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის შემთხვევაში გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სპონტანურ შეკრებებზე წინასწარი, 5 დღით ადრე გაფრთხილების მოთხოვნა არაკონსტიტუციური იყო, რადგან ეს პირობა შეკრების სპონტანურ ბუნებას ეწინააღმდეგებოდა2. სპონტანური აქციის შემთხვევაში განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ახალი ფორმულირება საშუალებას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენლებს თვითნებურად განსაზღვრონ გაფრთხილების ფორმა და წესი.
საია მიიჩნევს, რომ თუ შეტყობინების ფორმა არ იქნება მარტივი, ტექნიკური და ბიუროკრატიული ბარიერებისაგან დაცლილი მექანიზმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ, მაგალითად, სამართალდამრღვევად შეიძლება მიიჩნიონ დაანონსებული მარშების როგორც ორგანიზატორები, ისე მონაწილეები, იმ მარტივი მიზეზით, თუ წინასწარ არ იქნება შეტყობინება გაკეთებული. ამასთან, თავის მხრივ, ამ შეტყობინების გაკეთების ვალდებულებით, “ქართული ოცნების” რეჟიმისთვის შეცნობადი ხდება ვინ არის კონკრეტული მარშის ორგანიზატორი, რაც გაუადვილებს მათ შემდეგ მის მიმართ რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას. სხვა კუთხით, ასეთი მარშების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, მათ შორის, ადმინისტრაციული უწყებებისთვის.
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ახალი რეგულაციით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში ან შენობაში იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე წინასწარ არ თანხმდება და ეს თანხმობა წერილობითი ფორმით უნდა გაიცეს. გარკვეულ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად შეიძლება ვერც მიიღონ მფლობელის წერილობითი თანხმობა, თუნდაც ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, წერილობითი დოკუმენტი შესაძლოა იყოს უძრავი ქონების მფლობელის აქციის ორგანიზატორად ცნობის მიზეზი და შემდგომ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
ეს არის რეაქციული პასუხი უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტებზე, რისი აღკვეთაც “ქართულ ოცნებას” ამ აკრძალვით სურს. მისთვის წინასწარვე შეცნობადია, რომ საჯარო უნივერსიტეტების უმრავლესობა, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ხშირად ასეთი შეკრებების მთავარი კერაა, არ მისცემს შეკრების უფლებას სტუდენტებს. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზეც, რომელიც 2024 წელს რეგიონში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი კერა იყო.
ობიექტების ბლოკირების აკრძალვა
ძველი რედაქციით აკრძალული იყო მხოლოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება, თუმცა ახლა ამ სიას დაემატა ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირებაც, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.
აღნიშნულ აკრძალვას განმარტებითი ბარათი ასაბუთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმით კუდრევიუსი და სხვები ლიეტუვის წინააღმდეგ3, სადაც ფერმერებმა გადაკეტეს ქვეყნის 3 ძირითადი მაგისტრალი 48 საათზე მეტი ხნით, რამაც შეაფერხა ეკონომიკური აქტივობები. ბარათი აღნიშნავს, რომ “ავტოსაგზაო მოძრაობისა და ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხება და სხვა ქმედებების მნიშვნელოვნად დაზიანება არ არის ევროპული კონვენციით დაცული შეკრების თავისუფლების არსებითი ნაწილი”. საია მიიჩნევს, აღნიშნული განმარტება მანიპულაციურია, ვინაიდან ევროპული სასამართლოს პრაქტის თანახმად, ნებისმიერმა საჯარო ადგილას დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაც. ამასთან, ამ საქმეში ევროსასამართლოს არსად უთქვამს, რომ ავტომატურად სისხლის სამართლებრივად დასჯადი უნდა იყოს ასეთი ქმედება (რასაც მოწმობს “ქართული ოცნების” სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა სსკ 222-ე მუხლთან დაკავშირებით და 8 პირის მიმართ 2025 წლის 5 თებერვალს ბრალის სწორედ ამ მუხლის მიხედვით წარდგენა), ან, ასეთი აქცია ავტომატურად ექვემდებარება დაშლას. მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ 48 საათის განმავლობაში ლიეტუვის ხელისუფლებამ პატივი სცა შეკრების თავისუფლებას და არ დაშალა ძალის გამოყენებით დემონტრანტები.4 პარალელის სახით, შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა საქმე, რომელიც არის გეილანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ. ამ საქმეზე გადაწყვეტილება კუდრევიუსის საქმის შემდეგ არის მიღებული და იგი 2023 წლით თარიღდება. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა და შეაპირისპირა ის სწორედ კუდრევიუსის საქმის სტანდარტთან. თურქეთის საქმეში დემონსტრანტები აქციას ერთ-ერთ მთავარ გზაზე მართავდნენ, პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო მყისიერად, აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებიდან 20 წუთზე ნაკლებ დროში. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციამ მანამდე რამდენჯერმე გააფრთხილა, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება არ იყო იმ ხარისხის, რომ გაემართლებინა პოლიციის მხრიდან სწრაფი ჩარევა.5
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტით, რომელიც, მათ შორის კუდრევიუსის საქმეშია მოცემული:
საჯარო სივრცეში გამართული ნებისმიერი დემონსტრაცია შესაძლოა გარკვეულ დონეზე იწვევდეს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის რღვევას, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებას;
გზის გადაკეტვა, ჩვეულებრივი ცხოვრების და მოძრაობის შეფერხება უნდა გაანალიზდეს არის თუ არა დემონსტრაციის თანმდევი ეფექტი;
სამართალდამცავებმა უნდა გამოიჩინონ ტოლერანტობის გარკვეული დონე ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც აბსტრაქტულად განსაზღვრული არ შეიძლება იყოს და უნდა გაანალიზდეს საქმის კონკრეტული გარემოებები, განსაკუთრებით კი „ჩვეულებრივი ცხოვრების წესის დარღვევის“ მოცულობა (მაგ. ასევე, რამდენად ფერხდება საგზაო მოძრაობა, არსებობს თუ არა შემოვლითი გზა და ა.შ.)
საია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ამ ცვლილებებს მანიპულაციურად გამოიყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ იმ შემთხვევებშიც, როდესაც მას არ ექნება ადამიანის უფლებების სტანდარტების თანახმად აქციის დაშლის ან სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენის საფუძველი.
შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით
ძველ რედაქციაში შეზღუდვა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიას ეხებოდა, ხოლო ახალ ვერსიაში ის თავად შენობაზეც ვრცელდება. რჩება 20 მეტრის მანძილზე შეზღუდვა, თუმცა ახლა აღნიშნული რეგულაცია ეხება შენობასაც.
გადაადგილების დაბრკოლება
თუ ძველ რედაქციაში მხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილების ხელშეშლა იკრძალებოდა, ახალში ხალხის გადაადგილებაც დაემატა. ეს ცვლილება “ქართულ ოცნებას” უფრო მეტ საშუალებას აძლევს, შეზღუდოს აქციები, რადგან „ხალხის გადაადგილების დაბრკოლება“ ბუნდოვანი ფორმულირებაა და შეიძლება ფართოდ ინტერპრეტირდეს.
დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვა
ემატება ახალი ამკრძალავი რეგულაცია დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესახებ. კერძოდ, აღნიშნული აკრძალულია თუ ქმნის საფრთხეს, აფერხებს პოლიციის მუშაობას, აზიანებს ორგანიზაციების ფუნქციონირებას ან არის აუცილებელი შეკრების ჩასატარებლად.
ეს ცვლილება ბევრ სუბიექტურ კრიტერიუმს მოიცავს, რაც “ქართულ ოცნებას” უფრო მეტი მანევრის საშუალებას აძლევს აქციების კონტროლისა და შეზღუდვისთვის. „შეკრების ჩატარებას არ უკავშირდება“ - ბუნდოვანი ფორმულირებაა და შესაძლოა ნებისმიერი დროებითი ინფრასტრუქტურის აკრძალვის საფუძვლად იქცეს. დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვების დადგმა, არის გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ფორმა. პროტესტის დროს დროებითი ინფრასტრუქტურის გამოყენება შეიძლება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შევიდეს, თუ იგი მშვიდობიანი პროტესტის ნაწილად რჩება და საზოგადოებრივ წესრიგს არ უქმნის არაპროპორციულ საფრთხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტილ პროტესტში მონაწილეობის აკრძალვა
შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ იმ შეკრებებში მონაწილეობა, რომლებიც შეწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით. აღნიშნული კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეებმა დაარღვიეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, როგორიცაა:
ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება, ცივი იარაღი ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;
სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
ისეთი საგანის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებების გაზრდა
საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებები.. თუ ადრე აღნიშნული უფლებამოსილება ეკუთვნოდა ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებს, ახლა ეს ფუნქცია სრულად გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
ცვლილებების თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტრო:
უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ.
ბალანსის დაცვის მიზნით შეიძლება დააწესოს დროისა და ადგილის შეზღუდვა.
ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.
ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია.
მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში მოითხოვოს შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა დაუყოვნებლივ, ხოლო არშეწყვეტის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.6 შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები ასევე დაჩქარებული წესით შევიდა ძალაში 2024 წლის დეკემბერში.7
1 კანონპროექტი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, იხ: https://info.parliament.ge/#law-drafting/30045, [05.02.2025].
2 2023 წლის 14 დეკემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება N3/3/1635, იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6004741?publication=0, [05.02.2025].
3 Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 37553/05, 15.10.2015;
4 იქვე., პარა 176-7;
5 Geylani and Others v. Türkiye, 10443/12, 12.09.2023, §§ 124-126.
6 საია, კანონების დაჩქარებული წესით მიღება, 2022, 38.7 საია, რა ცვლილებები შევა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში?, 16.12.2024, https://gyla.ge/post/ra-tsvlilebebi-shedis-administraciul-samartaldargvevata-kodeqsshi, [04.02.2025].
გააზიარე: