GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 თებერვალი, 202518:52

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა


2025 წლის 3 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტს1 დაუჭირა მხარი. აღნიშნული პაკეტი, მათ შორის, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ცვლილებებს, რომლებიც, კიდევ უფრო ასუსტებს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს. ამ ცვლილებებით:

  1. 4-ჯერ იზრდება ადმნისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღემდე (აქამდე ეს ვადა 15 დღე იყო);

  2. იზრდება სანქციები საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე;2

  3. 173-ე (დაუმორჩილებლობის) მუხლი კიდევ უფრო მძიმე რეპრესიულ იარაღად გვევლინება (აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მუხლს შსს ისედაც აქტიურად, დაუსაბუთებლად იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ), რაც გამოიხატება სანქციების ზრდაში;3

  4. მტკიცების ტვირთი, რიგ შემთხვევაში, ბრუნდება და ეკისრება პოტენციურ სამართალდამრღვევს. კერძოდ, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების მომწესრიგებელი მუხლის (1741 მუხლი) შემადგენლობის ცვლილებით, ხდება, როგორც, სანქციების გამკაცრება, ასევე, სამართალდარღვევათა ნაწილის შსს-ს განსჯადობაში გადატანა. რაც თანმდევი ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე, იწვევს სასამართლოში მტკიცების ტვირთის პოტენციურ სამართალდამრღვევზე დაკისრებას ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგოდ. ეს ცვლილება საგანგაშოა, რადგან, აქამდე სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ისედაც ინსტრუმენტალიზებული მართლმსაჯულება, რომელიც შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში შსს პოზიციას უჭერდა მხარს, ახლა ფორმალურადაც ამარტივებს, ადამიანის უფლებების საუარესოდ აბრუნებს მტკიცების ტვირთს, და ნაცვლად იმისა, სასამართლოში შსს-მ ამტკიცოს, თუ რატომ არის პირი სამართალდამრღვევი, ადამიანს მოუწევს ამტკიცოს, რატომ არ არის სამართალდამრღვევი. 

  5. პროტესტის ფორმებზე რეაქციულ რეჟიმში, ხდება ახალი სამართალდარღვევის შემოღება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა მიმართ საპროტესტო და პოლიტიკურ გამოხატვას დაუსაბუთებლად ზღუდავს;

  6. პირადი გასინჯვის წესი უარესდება, კერძოდ, ახალი მოწესრიგებით, გასასინჯ პირს აღარ აქვს უფლება, მოიწვიოს მოწმე. მიმდინარე აქციების კონტექსტში ეს არის რეაქციული პასუხი, რომელიც მიზნად ისახავს ფორმალური კანონიერების საფუძველი შეუქმნას უკანონო ჩხრეკის პრაქტიკას.

  7. სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის შემთხვევაში, შეტყობინების ფორმა ცვლილებით შემოთავაზებული ნორმით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უნდა მოწესრიგდეს. საია მიიჩნევს, რომ თუ შეტყობინების ფორმა არ იქნება მარტივი, ტექნიკური და ბიუროკრატიული ბარიერებისაგან დაცლილი მექანიზმი, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ, მაგალითად, სამართალდამრღვევად შეიძლება მიიჩნიონ დაანონსებული მარშების როგორც ორგანიზატორები, ისე მონაწილეები, იმ მარტივი მიზეზით, თუ წინასწარ არ იქნება შეტყობინება გაკეთებული. ამასთან, თავის მხრივ, ამ შეტყობინების გაკეთების ვალდებულებით, “ქართული ოცნების” რეჟიმისთვის შეცნობადი ხდება ვინ არის კონკრეტული მარშის ორგანიზატორი, რაც გაუადვილებს მათ შემდეგ მის მიმართ რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას. სხვა კუთხით, ასეთი მარშების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, მათ შორის, ადმინისტრაციული უწყებებისთვის. 

  8. პრობლმურია, რომ ფართოვდება ორგანიზატორის ცნება, და, იგი განიმარტება, როგორც შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. შესაბამისად, შესაძლოა ორგანიზატორად მიიჩნიონ აქციის აქტიური მონაწილეც “ხელმძღვანელობის ან სხვაგვარი ორგანიზების გაწევის გამო” და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ორგანიზატორის პასუხოსმგებლობას შეეხება, მასზეც გაავრცელონ.



შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.4

აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები კოდექსში ასევე დაჩქარებული წესით შევიდა 2024 წლის დეკემბერში.5 აღნიშნულ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია ამ ცვლილებების შესახებ. 

  1. ზოგადი ნაწილი 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღემდე იზრდება. დღეის მდგომარეობით, ეს ვადა 15 დღეა. ვადის ასეთი ზრდა, ცალსახად, პროტესტის მონაწილეთა დაშინებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით პატიმრობის მაქსიმალური ვადა, 60 დღე, სწორედ ისეთი სამართალდარღვევებისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც საპროტესტო კონტექსტში გამოიყენება. 

კოდექსით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებს ემატება შემდეგი გარემოებები: 

  • სამართალდარღვევის ჩადენა ისეთი პირის მიერ, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;

  • სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან თანდასწრებით; 

  • დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;  

  • სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

იზრდება ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები. ახალი მოწესრიგებით, იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. მოქმედი რედაქციით ეს ვადა 4 თვე არის. 

გარკვეულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც სწორედ საპროტესტო გამოხატვას ეხება, იცვლება იმ ვადების გამოთვლის წესი, რომლის განმავლობაშიც პირი სახდელდადებულად ითვლება. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. მოქმედი რედაქციით, ერთწლიანი ვადა აითვლება არა ჯარიმის სრულად გადახდიდან, არამედ ჯარიმის დაკისრებიდან. აღნიშნული ცვლილება შეეხება შემდეგ მუხლებს: 150-ე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება), 1502 (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება), 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა), 1662 (ვანდალიზმი), 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა), 1741 (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლები. აღნიშნული წესი გავრცელდება ასევე 17316 მუხლზე, რომელიც კოდექსს სწორედ აღნიშნული ცვლილებების შედეგად ემატება და ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

  1. წვრილმანი ხულიგნობა და ვანდალიზმი 

ცვლილებებით იზრდება წვრილმანი ხულიგნობისთვის გათვალისწინებული სანქცია და იქნება ჯარიმა 500 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით. არსებული მოწესრიგებით აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქცია არის ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება წვრილმან ხულიგნობად ჩაითვლება, თუ იგი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. მოქმედი რედაქციით საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა კუმულატიური მოთხოვნაა და არა ალტერნატიული. ეს სხვა სიტყვებით, ნიშნავს იმას, რომ ერთეული ადამიანების პრეტენზიის გამოც, განსაკუთრებით ისეთ რეალობაში, სადაც გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ყოველდღიურად გათელილია, პირი შეიძლება წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად გამოაცხადონ. 

სანქცია იზრდება წვრილმანი ხულიგნობისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ახალი მოწესრიგებით სანქცია 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 5-დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას შეადგენს. მოქმედი რედაქციით, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქცია 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმა ან 5 დღიდან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა არის.

ვანდალიზმისთვის (სახდელდადებული პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის) 12- ჯერ იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე. მოქმედ რედაქციაში აღნიშნული ვადა 5 დღეა.

  1. 173-ე მუხლთან (პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობა) დაკავშირებული ცვლილებები

სანქციები იზრდება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) შემთხვევაშიც. ცვლილებების მიხედვით, დაუმორჩილებლობისთვის სანქცია 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა იქნება. მოქმედ რედაქციაში აღნიშნული სამართალდარღვევა 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, 173-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელი გადაკიდებას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა). აღნიშნულისთვის სანქციად განისაზღვრება 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.  დღეს არსებული მოწესრიგებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებულია 173-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ცვლილებების მიხედვით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სანქცია გაიზრდება და იქნება ჯარიმა 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 60 დღემდე ვადით. მოქმედ რედაქციაში აღნიშნული სანქცია არის 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

  1. შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევასთან დაკავშირებული ცვლილებები

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ეხება 1741 მუხლის შემადგენლობასა და სანქციებს.

ცვლილებებით განისაზღვრა, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს  დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის არსებული მე-5 და მე-8 მუხლები უკავშირდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. 

თუმცა, გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა, თავის მხრივ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შედის შემდეგი ცვლილებები: 

მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა პასუხისმგებელი პირის მიერ სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით.“.


მე-8 მუხლს:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის შემთხვევაში დასაშვებია, გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაცვის გარეშე იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში  განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება განისაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს:

ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;

ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.

3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.“.


სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის შემთხვევაში, შეტყობინების ფორმა, ცვლილებით შემოთავაზებული ნორმით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უნდა მოწესრიგდეს. საია მიიჩნევს, რომ თუ შეტყობინების ფორმა არ იქნება მარტივი, ტექნიკური და ბიუროკრატიული ბარიერებისაგან დაცლილი მექნიზმი, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ, მაგალითად, სამართალდამრღვევად შეიძლება მიიჩნიონ დაანონსებული მარშების როგორც ორგანიზატორები, ისე მონაწილეები, იმ მარტივი მიზეზით, თუ არ იქნება შეტყობინება გაკეთებული. ამასთან, თავის მხრივ, ამ შეტყობინების გაკეთების ვალდებულებით, “ქართული ოცნების” რეჟიმისთვის შეცნობადი ხდება ვინ არის კონკრეტული მარშის ორგანიზატორი, რაც გაუადვილებს მათ შემდეგ მის მიმართ რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას. სხვა კუთხით, ასეთი მარშების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, მათ შორის, ადმინისტრაციული უწყებებისთვის. 

პრობლემურია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი ორგანიზატორის ცნებას აფართოებს და განმარტავს მას, როგორც შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორს, აგრეთვე პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. შესაბამისად, შესაძლოა ორგანიზატორად მიიჩნიონ აქციის აქტიური მონაწილეც “ხელმძღვანელობის ან სხვაგვარი ორგანიზების გაწევის გამო” და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ორგანიზატორის პასუხისმგებლობას შეეხება, მათზე გაავრცელონ.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციით, 1741 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას, არ შეიცავს მითითებას შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებზე და სანქციად ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში - ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით. 

ცვლილებებით, ასევე, იზრდება სანქცია სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებისთვის, შეკრების ან მანიფესტაციის  მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარებისთვის და იქნება  ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით. მოქმედი რედაქციით კოდექსი აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სანქციად  15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1 “, „ა2და “ზ” ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, რაც უკავშირდება აკრძალულ ადგილებში შეკრების ჩატარებას ან შეკრებისას აკრძალული მოწოდებების გაკეთებას უკავშირდება: პირველ ჯერზე მხოლოდ ჯარიმით (5 000 ლარით, ორგანიზატორის შემთხვევაში 15 000 ლარით) დაისჯება, განსხვავებით მოქმედი რედაქციისაგან, რომელიც იმავე ოდენობის ჯარიმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ნორმა ასევე ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. თუმცა, აღნიშნული ვერ ჩაითვლება სანქციის შემსუბუქებად, რადგანაც ცვლილებების მიხედვით, თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას ჩაიდენს პირი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დარღვევის გამო არის სახდელდადებული,  მას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით,  ორგანიზატორის შემთხვევაში – დაჯარიმება 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. მსგავს ნორმას, სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, კოდექსი დღეს არ შეიცავს.

ამასთან, ცვლილებებით შემოთავაზებულ სიახლეს წარმოადგენს იმ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაწესება რომელიც ითვალისწინებს მანიფესტაციისას სახის დაფარვას ან ლაზერული საშუალების ქონას. აღნიშნული გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 

ამასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის მასობრივი დარღვევის გამო, შსს-ს მოთხოვნით შეწყდა, გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

თავის მხრივ, ცვლილებები შედის “შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლებში, რომლებზეც მითითებას აკეთებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღნშიშნული ნორმა. მე-9 მუხლში შეტანილი ცვლილბების მიხედვით, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასევე, იკრძალება შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას (აქამდე აღნიშნული აკრძალვა მხოლოდ შენობების შესასვლელებს, ავტომაგისტრალებს და რკინიგზის ბლოკირებას ეხებოდა.). ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის მიმდებარედ ან შენობაში ტარდება მანიფესტაცია, შეუძლია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა (აქამდე აღნიშნული მხოლოდ შენობის მიმდებარედ ჩატარებულ შეკრება-მანიფესტაციებზე ვრცელდებოდა). 

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იკრძალება განზრახ დაბრკოლების შექმნა ხალხის და ტრანსპორტის გადაადგილებისთვის (აქამდე აღნიშნული მხოლოდ ტრანსპორტის გადაადგილებაზე ვრცელდებოდა).

ასევე, მე-11 მუხლს მე-2 პუნქტს ემატება ვ და ზ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც მონაწილეებს ეკრძალებათ “მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. ასევე, ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ შეკრებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნითშეწყდა.

მე-11 პრიმა მუხლში ცვლილებების შედეგად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, არამედ შსს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ქმედების ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

აღსანიშნავია, რომ აქამდე აღნიშნული მუხლი მთლიანად სასამართლოს განსჯადი იყო. შემოთავაზებული მოწესრიგებით, კი საგანგაშოა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ნაწილი იქნება სასამართლოს, ხოლო ნაწილი შსს-ს განსჯადი, რაც გამოიწვევს სასამართლოში მტკიცების ტვირთის პოტენციურ სამართალდამრღვევზე დაკისრებას

შსს-ს განსჯადი იქნება 1741 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები. აღნიშნული სამართალდარღვევები მოიცავს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ გაფრთხილების წესის დარღვევას, შეკრებებს აკრძალულ ადგილებში, შეკრებებზე აკრძალული მოწოდებების გაკეთებას, აქციაზე სახის დაფარვას და ლაზერის ქონას. 

სასამართლოს განსჯადი იქნება 1741 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილები, რომელიც გულისხმობს ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენას, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას/შეკრება-მანიფესტაციას სასამართლოში ან მოსამართლის საცხოვრებელ ადგილასდა ისეთ შეკრებაში მონაწილეობას, რომელიც შსს-ს მოთხოვნის შედეგად უნდა შეწყვეტილიყო. 

იმის გათვალისწინებით, რომ შსს აქციაზე მყოფი ადამიანების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს დაუსაბუთებლად იყენებს, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომელიც პირის ინდვიდუალური პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, აღნიშნული ნორმები კიდევ უფრო გააუარესებს აქციის მონაწილეთა მდგომარეობას. აღნიშნული ნორმები ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმების არასებობის პირობებში აქციის მონაწილეთა მიმართ შსს-ს თვითნებობის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის გასამართლებლად იქნება გამოყენებული.

  1. გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ახალი სამართალდარღვევა სახელმწიფო მოხელის შეურაცხყოფასთან დაკავშრებით

კოდექსში ჩნდება ახალი სამართალდარღვევა (17316 მუხლი)- საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა). აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით

ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე არ გავრცელდება კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება, რომლის შესაძლებლობას იძლევა, მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გათავისუფლდეს. 

აღნიშნული სამართალდარღვევა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ სხვებისთვის მისაღებ იდეებს, არამედ ისეთ გამოხატვასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელია.6 სახელმწიფოს წარმომადგენლები შეურაცხმყოფელი ენის მიმართ მაღალი დონის მიმღებლობას უნდა იჩენდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ენა ძალადობის მყისიერ რისკს იწვევს.7 ცალსახაა, რომ აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური გამოხატვის ფორმების დასჯას და “ქართული ოცნების”წარმომადგენლების კრიტიკას და მათ მიმართ მშვიდობიანი პროტესტის სხვადსხვა ფორმების დასჯას ემსახურება.

  1. პირადი გასინჯვის წესის გაუარესება 

უარესდება პირადი გასინჯვის წესი, რაც ადამიანს დაცვის გარანტიების გარეშე ტოვებს. პირადი გასინჯვის ახალი წესის მიხედვით, „პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა. პირადი გასინჯვა შესაძლოა ჩატარდეს დამსწრის თანდასწრებით.“ შესაბამისად, გასასინჯი პირი უფლებამოსილი აღარ იქნება მოიწვიოს დამსწრე. მოქმედი რედაქციით, აღნიშნული უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იყო მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე.

მიმდინარე აქციების კონტექსტში ეს არის რეაქციული პასუხი, რომელიც ცდილობს ფორმალური კანონიერების საფუძველი შეუქმნას აქამდე უკანონო პრაქტიკას, როდესაც მეტრო სადგურებთან პოლიციელები ხვდებიან დემონსტრანტებს და უკანონოს ჩხრეკენ მათ.8 ამასთან კავშირში, ხშირად პოლიციელები აცხადებენ, რომ ზედაპირულად ათვალიერებენ პირებს, თუმცა, განვმარტავთ, რომ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი.

  1. პირის იდენტიფიცირება 

კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის ღონისძიებები, მათ შორის, პირის მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებსა და სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმება.“ პოლიციის შესახებ კანონის მე-20 მუხლი შეიცავს პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებს, რომლის გამოყენებაც პოლიციელს შეუძლია, თუ პირისთვის პერსონალური მონაცემების გამოკითხვით და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით ვერ ხერხდება ამ განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

  1. მტკიცების ტვირთის ინდივიდზე დაკისრება და სხვა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 

ირონიულია, რომ რეპრესიული ცვლილებების პარალელურად, კოდექსში ასევე ემატება რამდენიმე ნორმა სასამართლოს მიუკერძოებლობის და მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესახებ. ამ ნორმების მიხედვით, „სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ასევე, ცვლილებების მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად“.

თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საგანგაშოა, რომ კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების/საჯარიმო ქვითრის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს. იმის გათვალისწინებით, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის (1741) ქვეშ მოაზრებული სამართალდარღვევათა ნაწილი შსს-ს განსჯადი ხდება, რაც ნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სახდელის დადება ადგილზე, შსს-ს თანამშრომლის მიერ მოხდება, გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კვლავ პასუხისგებაში მიცემული პირს დაეკისრება.   

ეს ნიშნავს მოცემულობას, როდესაც, ფუნდამენტური უფლების განხორციელების კონტექსტში (როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) სასამართლო სამართალდარღვევის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი პირების მიერ გამოვლენას უკვე დადგენილ იურიდიულ ფაქტად განიხილავს, ხოლო სამართალდამრღვევს დაავალდებულებს ამტკიცოს, რომ ამგვარ იურიდიულ ფაქტს, ანუ სამართალდარღვევას, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ადამიანის უფლებათა სამართლითა და სისხლის სამართლებრივი პრინციპების თანახმად, მტკიცების ტვირთის დაკისრება არა ბრალდების, არამედ დაცვის მხარისთვის არის დარღვევა.  იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები ცალკე წარმოებაა, ისინი, თავისი ბუნებით, სისხლისსამართლებრივია, რის გამოც, ასევე ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმპცია. 

ამრიგად, პრობლემურია, რომ შსს-ს მიერ ოქმის შედგენა, რომლითაც იგი ადასტურებს სამართალდარღვევის გამოვლენას, სასამართლოსთვის უკვე დადასტრებული იურიდიული ფაქტი იქნება, რომელსაც სასამართლო კონტროლი არ სჭირდება და მტკიცების ტვირთი სრულად გადაკისრებულია მოქალაქეზე. ამ მიდგომით, სასამართლო დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას და შესაბამისად დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილს, განსაკუთრებით იმის გათვალსწინებითაც, რომ სასწორი პინზეა ადამიანის ფუნდამენტური უფლება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, და, არა მარტო, უფლება სამართლიან სასამართლოზე. 

კოდექსს ასევე, ემატება დებულებები, რომელთა მიხედვით: „არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.“; „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.“ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ მაშინ, როდესაც შსს მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად ადმინისტრაციულსამართლებრივ მექანიზმებს აქციის მონაწილეთა მიმართ ანგარშსწორებისთვის იყენებს, ხოლო სასამართლო საქმეებს, როგორც წესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპის სრული უგულებელყოფით განიხილავს, აღნიშნული ნორმები იქნება მხოლოდ დეკლარაციული და რეალობაში ვერ მოახდენს გავლენას ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე.


საკანონმდებლო პაკეტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები იხილეთ: https://info.parliament.ge/#law-drafting/30044 [04.02.2025].

2 ეს ოდენობებია: წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით. ნაცვლად ჯარიმისა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობისა 15 დღემდე ვადით. ამავე სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან 5-დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა ნაცვლად 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმისა ან 5 დღიდან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობისა. ასევე, ვანდალიზმისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იზრდება 60 დღემდე, არსებული 5 დღიანი ვადის ნაცვლად.

 ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარი ხდება 2000-ის ნაცვლად, ხოლო პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღე 15 დღის ნაცვლად. ასევე სანქციების იდენტურად ზრდაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფის შემთხვევაში. ამ სამართალდარღვევისთვის სახდელდადებული პირის მიერ მისი განმერებით ჩადენისთვის იზრდება ასევე ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 6000 ლარამდე (ნაცვლად 4500 ლარისა) და პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღემდე (ნაცვლად 15 დღისა). 

4  საია, კანონების დაჩქარებული წესით მიღება, 2022, 38. 

5  საია, რა ცვლილებები შევა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში?, 16.12.2024, https://gyla.ge/post/ra-tsvlilebebi-shedis-administraciul-samartaldargvevata-kodeqsshi, [04.02.2025].

6  Savva Terentyev v. Russia, 10692/09, par. 61.

იქვე, პარ. 77.

8  საია, მეტროსადგურებთან პოლიციელები ხვდებიან მოქალაქეებს და ართმევენ აირწინაღებს, ნიღბებს და სხვა ნივთებს, 05.12.2024, https://gyla.ge/post/chkhrekebi-metrosadgurebtan, [05.02.2025].




სხვა სიახლეები