სიახლეები
2024 წლის 8 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგეგმებოდა კანონის მიღება, „რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“.[1] მისი განცხადებით, კანონის მიზანი ძალადობის პრევენციაა.[2]
უპირველესად, აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის მშვიდობიანი.[3] ამას ადასტურებს ეუთო[4] და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი[5] საკუთარ შეფასებებში. ხოლო ის კრიმინალური, ნიღბიანი დაჯგუფებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ „კონტრაქციის მონაწილეებად“[6] მოიხსენია, არიან სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები, რომლებიც სახელმწიფოს თანხმობით/ხელშეწყობით მოქმედებენ, რაზეც მიუთითებს მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობაც.[7] ამას ადასტურებს, ასევე, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International, თავის შეფასებაში.[8]
რაც შეეხება უშუალოდ ნიღბების აკრძალვას: აღნიშნული ინიციატივა, რომელიც 13 დეკემბერს პარლამენტის მიერ უკვე მესამე მოსმენით იქნა მიღებული, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ მიმართული მორიგი ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღდეგ რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გაადვილებას. ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
ხაზგასასმელია, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორების,[9] კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მათზე შეტევის, სამართალდამცავების მხრიდან უსაფუძვლო დაკავების, მათ შორის, სახლებიდან და ოფისებიდან მათი უკანონო გადაყვანის და საჯარო სამსახურებში არსებული ზეწოლის გათვალისწინებით,[10] ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აქციაზე ყოფნის დროს საკუთარი იდენტობის დაფარვას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უკანონო, რეპრესიული ანგარიშსწორება, ამასთან, თავი დაიცვან იმ ქიმიური გამაღიზიანებლებისგან, რომელთა შემადგენლობასაც შსს არ ასაჯაროებს და რომლებსაც შსს უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.
განსაკუთრებით ამ პირობების გათვალისწინებითაც, შეკრებების და მანიფესტაციების დროს ნიღბის ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა არღვევს როგორც შეკრების, ასევე გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში.
საკანონმდებლო ცვლილების დეტალური ანალიზის მხრივ, აღსანიშნავია, რომ რუსეთში ამოქმედებული მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ, ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ მშვიდობიან შეკრებისას ნებისმიერი ნიღბის ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაზე არაპროპორციულ შეზღუდვას.[11] ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიხედვით, არ უნდა არსებობდეს ბლანკეტური ან რუტინული აკრძალვა შეკრებაზე ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით.[12]
§ შეკრებაზე ნიღბის ტარება შესაძლოა იყოს გამოხატვის და კომუნიკაციის ფორმა, რომელიც დაცულია სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებით.[13]
§ ნიღბის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ლეგიტიმურ მიზანთან, მაგალითად, ემსახურებოდეს შემდგომი ანგარიშსწორებისაგან თავდაცვას.[14]
§ დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული, თუ არ არსებობს მყისიერი ძალადობის აშკარა მტკიცებულება.[15]
§ პირს არ უნდა მოსთხოვონ, მოიხსნას ნიღაბი, თუ მისი ქცევა არ ქმნის სავარაუდო დაკავების საფუძველს.[16]
მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, ასეთი შეზღუდვა ხშირად გამოიყენება კონკრეტული ჯგუფების მიზანში ამოსაღებად და მათი შეკრების თავისუფლების არასათანადოდ შესაზღუდად.[17] სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, არსებობს ლეგიტიმური და არაკრიმინალური მიზნები, რის გამოც დემონსტრანტები ნიღბებს ატარებენ, მათ შრის, აქციაში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორების შიში.[18]
მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთანაც. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასმართლომ საქმეზე Ibragimova v. Russia, დაადგინა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) შუქზე, რადგანაც ეროვნულმა ორგანოებმა სოლო დემონსტრაციის მოწყობისას ნიღბის ტარების გამო პირს ბლანკეტურად დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე.[19] შესაბამისად, კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სტანდარტის[20] საწინააღმდეგოდ, არ უზრუნველყოფს სპეციალური რაზმის წევრების მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვას, რაც მათ დაუსჯელობას იწვევს და ძალადობას ახალისებს.
აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებით
ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო დაუცველი გახადოს იმ ტერორის
მიმართ, რომლის დამყარებაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სურს.
[1] IPN, ირაკლი
კობახიძე - მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა
საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება, 08.12.2024, https://www.interpressnews.ge/ka/article/823937-irakli-kobaxize-mivigebt-kanons-romlitac-aikrzaleba-shekrebis-monacileebis-mier-sxvadasxva-sashualebit-saxis-daparva-kanoni-tvis-bolomde-srulad-amokmeddeba/,
[09.12.2024]
[2] იქვე.
[3] იქვე; იხ.
ასევე: OSCE human rights office condemns use of excessive force by police
during protests in Georgia, 30.11.2024, https://www.osce.org/odihr/581962?fbclid=IwY2xjawHCHQNleHRuA2FlbQIxMQABHQR9IheQTVJCFJ3oLK1xeP8PAfXi3iaEjQgzCmSJ_XIMYl0IstC5tLMPHg_aem_XXvlpTvRDJK4xDqh5nHi8A,
[10.12.2024].
[4] OSCE
human rights office condemns use of excessive force by police during protests
in Georgia, 30.11.2024, https://www.osce.org/odihr/581962,
[15.12.2024].
[5] CoE,
Commissioner for Human Rights, Georgian authorities must fulfil their
obligation to uphold the right of peaceful assembly, 04.12.2024, https://www.coe.int/en/web/tbilisi/-/georgian-authorities-must-fulfil-their-obligation-to-uphold-the-right-of-peaceful-assembly,
[15.12.2024].
[6] IPN, ირაკლი
კობახიძე - მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა
საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება, 08.12.2024, https://www.interpressnews.ge/ka/article/823937-irakli-kobaxize-mivigebt-kanons-romlitac-aikrzaleba-shekrebis-monacileebis-mier-sxvadasxva-sashualebit-saxis-daparva-kanoni-tvis-bolomde-srulad-amokmeddeba, [09.12.2024]
[7] საია, არაფორმალური
სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების
ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ, 08.12.2024, https://gyla.ge/post/araformaluri-sadamsjelo-jgufebi-gyla-ganckhadeba,
[10.12.2024].
[8] Amnesty
International, Georgia: Police committing shocking human rights violations amid
ongoing crackdown on protesters, 13.12,2024, https://www.amnesty.org/en/latest/news/2024/12/georgia-police-committing-shocking-human-rights-violations-amid-ongoing-crackdown-on-protesters/,
[15.12.2024].
[9] ხელისუფლების
მიერ პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიული მექანიზმების შესახებ უფრო ვრცლად
იხილეთ: საია, ტერორის 10 დღე მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, 08.12.2024, https://gyla.ge/post/terororis10dge,
[10.12.2024]
[10] იქვე.
[11] EUROPEAN
COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) OPINION ON FEDERAL LAW
NO. 65-FZ OF 8 JUNE 2012 OF THE RUSSIAN FEDERATION, Opinion no. 686/2012,
CDL-AD(2013)003, 11 March 2013, par. 28, https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2013)003-e,
[09.12.2024].
[12] EUROPEAN
COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) OSCE OFFICE FOR
DEMOCRATIC INSTITUTIONS AND HUMAN RIGHTS (OSCE/ODIHR) GUIDELINES ON FREEDOM OF
PEACEFUL ASSEMBLY (3rd EDITION), CDL-AD(2019)017rev, 15 July 2020, par. 153.
[13] იქვე.
[14] იქვე.
[15] იქვე.
[16] იქვე.
[17] Report of
the Special Rapporteur on the rights to freedom of peaceful assembly and of
association, Maina Kiai, A/HRC/26/29, 14 April 2014, https://documents.un.org/doc/undoc/gen/g14/134/75/pdf/g1413475.pdf,
[09.12.2024].
[18] იქვე.
[19] Ibragimova v. Russia, 68537/13, 30.08.2022
[20] Tsaava
and Others v. Georgia, 13186/20, 07.05.2024, par. 223.
გააზიარე: