GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 აპრილი, 2019

2019 წლის 17 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრთან (EHRAC)'' თანამშრომლობით,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. საჩივარი პოლიციელების მხრიდან ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა და ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტურობას შეეხება.

2017 წლის 16 თებერვალს, ირაკლი ხოფერია პოლიციის თანამშრომლებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც იგი პოლიციელთა მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას დაექვემდებარა. ძალადობის პარალელურად, პოლიციელები ირაკლის აიძულებდნენ ეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებითა და მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელით. ირაკლი ხოფერია განყოფილებაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის გარეშე, იმყოფებოდა. პოლიციელებმა ირაკლი ხოფერია მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაარკვიეს, რომ ირაკლი შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს.

ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება 2017 წლის 15 მარტს, ფაქტიდან დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო. თბილისის პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას, თუმცა, 2017 წლის ოქტომბერში გამოძიება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ პოლიციელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. 2017 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება განახლდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მას შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

წარდგენილ საჩივარში, საია დავობს, რომ ირაკლი ხოფერიამ დაზიანებები სწორედ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში, პოლიციელთა კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე 2 წელზე მეტი გავიდა და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით პირდაპირ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან ხოფერიას მიმართ არასათანადო მოპყრობის ჩადენის ფაქტი, დღემდე არ მომხდარა დამნაშავე პირთა დასჯა. შესაბამისად, მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ეფექტიანობის სტანდარტს. 

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევას ასაბუთებს.

ირაკლი ხოფერიას წამების საქმე ნათლად წარმოაჩენს იმ სისტემურ ხარვეზებს, რაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარე  გამოძიების პროცესში ვლინდება. ამ სახის დანაშაულის ჩადენის დაუსჯელობა არათუ ვერ უზრუნველყოფს  მომავალში პოლიციელთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების პრევენციას, არამედ შესაძლოა წამახალისებელი ეფექტიც იქონიოს.

აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად ამოქმედების საჭიროებას. საია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებით აღჭურვილი მექანიზმი იქნება სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტი.

 

 

სხვა სიახლეები