სიახლეები
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი მიიღო.
კანონის მოქმედების 5 წლის განმავლობაში საია-ს სტრატეგიულ სამართალწარმოებაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებს. ამ პერიოდში საია-მ საერთო სასამართლოებსა და საქართველოს სახალხო დამცველთან 30-ზე მეტი საქმე აწარმოა. კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საია აწარმოებდა სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, მოქალაქეობის, პოლიტიკური, პროფესიული კავშირის წევრობის და სხვა ნიშნებით დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებს.
2018 წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა წლებში, საია-ს წარმომადგენლობით წარმოებულ არაერთ საქმეზე დადგინდა დისკრიმინაცია სასამართლოს და სახალხო დამცველის მიერ.
- ერთ-ერთი საქმე, რომელზეც 2018 წელს საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, შეეხებოდა 56 წლის ქალის დამლაგებლის პოზიციიდან გათავისუფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ავადმყოფობისა და სხვა პირადი მიზეზების საფუძვლით, სხვა დამლაგებელთა ან თანამშრომელთა მიერ მოსარჩელის შრომითი ვალდებულებების შესრულების ფაქტი, რასაც ის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მიუთითებდა. ასევე, მოპასუხემ ვერ წარმოაჩინა, თუ რა ნიშნით არ შეესაბამებოდა მოსარჩელის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები დაკავებულ თანამდებობას, მაშინ როცა იგი კომპანიაში მუშაობდა 2013 წლიდან, რა დროის განმავლობაში დისციპლინური სახდელი არასდროს შეფარდებია. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, დაადასტურა, რომ მის სამუშაო ადგილზე ახალგაზრდა თანამშრომლის მიღების სურვილის გამო, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დაითხოვეს სამსახურიდან. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელდა არათანაბარი მოპყრობა - პირდაპირი დისკრიმინაცია, რაც გამოხატა ასაკის ნიშნით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაში.
- გასულ წელს საია-ს განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად მიიჩნია ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესი, რომლის თანახმად, სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება მხოლოდ მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ მინიჭებული. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ პირის საჭიროებების, მათ შორის, სპეციალური სადგომით სარგებლობის საკითხი გადაწყდეს პირის ინდივიდუალური შეფასების და არა სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე.
- საია-ს კიდევ ერთი საქმე, რომლის საფუძველზეც 2018 წელს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, შეეხებოდა უსინათლო პირის ოფიციალურ დოკუმენტზე მისაწვდომობის საკითხს. განმცხადებელი, რომელიც უსინათლოა, სარგებლობდა სოციალური შემწეობით. მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მორიგი შეფასების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, შეფასებაზე უფლებამოსილმა პირმა განმცხადებელს წაუკითხა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია, რის შემდეგაც განმცხადებელმა დეკლარაციას ხელი მოაწერა. მოგვიანებით, განმცხადებელმა დეკლარაციაში აღმოაჩინა შეცდომა, რის საფუძველზეც მის ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყდა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა დაადგინა ირიბი დისკრიმინაცია, რადგან მიიჩნია, რომ ბრაილის შრიფტის ან სხვა ალტერნატიული საშუალების არარსებობის პირობებში ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს შეზღუდული მხედველობა ან სრულად აქვს დაქვეითებული მხედველობა, მოკლებულია შესაძლებლობას პირადად გაეცნოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში ჩაწერილ არსებითად მნიშვნელოვან ინფორმაციას. მოცემულ საქმეში განმცხადებელს ეპყრობიან იმ პირების თანასწორად, ვისაც არ აქვს მხედველობის პრობლემა. ამდენად, განმცხადებელი არსებითად უთანასწორო მდგომარეობაშია იმ პირებთან მიმართებით, ვისაც სპეციალური საჭიროება არ გააჩნია.
- საია-ს მიერ ნაწარმოები კიდევ ერთი წარმატებული საქმე შეეხებოდა ქალის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებას, როდესაც განმცხადებელი შემავიწროებელს სამსახურებრივ გეგმებთან დაკავშირებით შეხვდა. აღნიშნული განცხადება ერთ-ერთია სამთაგან, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველმა გამოიყენა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის ქალის მიერ გონივრული აღქმის სტანდარტი (reasonable women’s standard) და პრეზუმფცია, რომ შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა მსხვერპლისთვის ქმედების არასასურველობის შესახებ (ought to have known). არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროება დაადგინა.
სამართალწარმოების პარალელურად, საია აქტიურად ადვოკატირებდა დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით. 2019 წლის თებერვალში კანონში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლითაც შევიწროება და სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმებად გაიწერა. თუმცა, უარი გონივრულ მისადაგებაზე, როგორც დისკრიმინაციის ფორმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით დღემდე არ არის აღიარებული.
საია, ასევე, არსებითად მიიჩნევს უფლების აღდგენის მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერება კერძო პირებთან მიმართებით, რაც ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალდებულების და აღსრულების მექანიზმის შექმნას გულისხმობს. ასევე, მსხვერპლის მიერ სასამართლოს მექანიზმის უფრო ეფექტიანად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მიმართვის სამთვიანი ვადის გაზრდა.
სამწუხაროდ, მხოლოდ ნორმატიული ჩარჩოს მოწესრიგება თანასწორობის მისაღწევად საკმარისი არ არის. როგორც საია-ს წარმოებაში არსებული საქმეები ცხადყოფს, დისკრიმინაციის განმაპირობებელი ფაქტორი, ხშირად, დაუცველი ჯგუფების ინტერესების და საჭიროებების არასათანადო გააზრება და უგულებელყოფაა. ადამიანების ძირითადი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის მიზეზი, ხშირად, სწორედ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მცდარ სტერეოტიპებს უკავშირდება. თავის მხრივ, სახელმწიფო სათანადოდ ვერ აცნობიერებს არსებითი თანასწორობის გარანტირების და დაუცველი ჯგუფების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის მნიშვნელობას, რაც რომელიმე ნიშნის საფუძველზე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას აფერხებს.
საია მომავალშიც განაგრძობს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების წარმოებას სასამართლოების და სახალხო დამცველის წინაშე და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საკანონმდებლო სივრცის და პოლიტიკის გაუმჯობესებას.
გააზიარე: