სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროება დადასტურდა

2018-11-02 19:11
Featured image

საია იცავდა ქალს, რომელმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და სახალხო დამცველს სექსუალური შევიწროების დადგენის მიზნით მიმართა. ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ქალები საჯაროდ 2018 წლის 17 მარტს ალაპარაკდნენ. 

რამდენიმე თვის განმავლობაში სახალხო დამცველი სწავლობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამ პირთან მიმართებით (ამათგან ერთის ინტერესებს საია იცავდა) დაადგინა ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია. ა.წ.1 ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისთვის არ არის აუცილებელი მოტივის არსებობა, არამედ, სექსუალური ხასიათის ქცევა თავისთავად შეიძლება, შეურაცხმყოფელი იყოს მსხვერპლისთვის, შემავიწროებლის განზრახვის მიუხედავად.  

სახალხო დამცველის განმარტებით, ზვიად დევდარიანს უნდა სცოდნოდა, რომ მისი სექსუალური ქცევა - კომენტარი თუ შეხება, შესაძლოა შეურაცხმყოფელი ყოფილიყო განმცხადებელთათვის. პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც კი, სამივე განმცხადებელთან მიმართ ზვიად დევდარიანის ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი სექსუალური შევიწროების ვარაუდის გასაქარწყლებლად. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მსხვერპლ ქალებს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო. 

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ზვიად დევდარიანს, რომ მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

სექსუალური შევიწროება არის ადამიანის უფლებათა დარღვევა და ქალის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული, სტრუქტურული ფორმა. საია იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული დასკვნა ხელს შეუწყობს სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო რეგულირების მიღებას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დროულად შექმნას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღკვეთის ეფექტიანი მექანიზმები როგორც სამუშაო ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში, განათლების, სპორტისა და სხვა სფეროებში.