GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

13 ოქტომბერი, 2021

2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - IPHR-თან ერთად, როსტომაშვილის ჯგუფის საქმეებზე, ხოლო დამოუკიდებლად, იდენტობის ჯგუფის საქმეებზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თაობაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.  წარდგენილ მოსაზრებებში საია აფასებს საქართველოს მიერ, საქმეების აღსრულების მიზნით, გატარებულ ზოგად ღონისძიებებს და, დამატებით, მიუთითებს იმ ზომებზე, რომელთა გატარებაც, აუცილებელია საქმეების ეფექტიანად აღსასრულებლად.

როსტომაშვილის ჯგუფის საქმეები

მინისტრთა კომიტეტი 2019 წლიდან ზედამხედველობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული 8 საქმის  აღსრულების პროცესს, რომლებიც ე.წ. როსტომაშვილის ჯგუფში არის გაერთიანებული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას შეეხება (კონვენციის მე-6 მუხლი). მათ შორის, არის საია-ს მიერ ევროპულ სასამართლოში წარმატებით წარმოებული 4 საქმე: „მეგრელიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“„ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“„კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“  და  „შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ“რომლებიც ნარკოტიკების/იარაღის ჩადებას შეეხება.

როსტომაშვილის ჯგუფის საქმეებში გამოწვევად რჩება, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მისი კანონიერების შემოწმების საკითხები, ისევე, როგორც, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა. ასევე, მიუხედავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა (გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს პარლამენტის მიერ მისი ეფექტიანად აღსრულება და, აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. დამატებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთვარობას ე.წ. „როსტომაშვილის ჯგუფის საქმეებზე“ სამოქმედო გეგმის წარსადგენად ექვსი თვე ჰქონდა. ვადის ათვლა კი გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან, 2019 წლის 8 თებერვალიდან, დაიწყო. თუმცა, ამ დრომდე მთვარობის მიერ მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარსადგენი სამოქმედო გეგმა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. საიამ და IPHR-მა როსტომაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულებაზე არსებული სტანდარტული ზედამხედველობის ნაცვლად,  გაძლიერებული ზედამხედველობის გამოყენებას მოითხოვეს. 

იდენტობის ჯგუფის საქმეები

იდენტობის ჯგუფი 5 საქმეს აერთიანებს, რომლებიც შეეხება სახელმწიფოს მიერ ლგბტ+ აქტივისტებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური პირებისგან მომდინარე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან არასათანადო დაცვას, რასთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, არ გამოკვეთა განხორციელებული ქმედების დისკრიმინაციული მოტივი. ასევე, ერთ-ერთი საქმე შეეხება ლგბტქ+ პირების მიმართ  დისკრიმინაციული მოტივით არასათანადო მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,  მათ შორის, საგამოძიებო პროცესში.

იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ლგბტქ+ თემის და იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობა და დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა. მიუხედავად მინისტრთა კომიტეტის და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციისადღემდე არ შექმნილა შსს-ში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი. ასევე, პრობლემურია ლგბტქ+ თემის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების საკითხიც. ამ მხრივ, საიამ წერილობით მოსაზრებაში დეტალურად მიმოიხილა 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები.  

ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები / განჩინებები რეალური, ხელშესახები შედეგის მომტანი, მხოლოდ მაშინ იქნება თუკი ეროვნულ დონეზე სახელმწიფო მათ ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს. ამ მიზნით, საიამ მინისტრთა კომიტეტს, ასევე, წარუდგინა ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი იქნება „როსტომაშვილის ჯგუფისა“ და „იდენტობის ჯგუფის“ საქმეების ჯეროვნად აღსასრულებლად. ხაზგასასმელია, რომ საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების მონიტორინგს პერიოდულად ახორციელებს, და, შესაბამის კომუნიკაციებს წარადგენს, როგორც მინისტრთა კომიტეტის, ისე, საქართველოს პარლამენტის, როგორც ეროვნული ზედამხედველი ორგანოს, წინაშე. 

 

 

სხვა სიახლეები