სიახლეები

2025 წლის 12 ნოემბერს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების ახალი პროექტი დაინიცირდა,1 რომელიც პარლამენტის მიერ 26 ივნისს, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების მსგავსად, მიმართულია სასამართლო სისტემის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ.
მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა გავლენიანი ჯგუფია, რომელსაც ქართული ოცნება მხარს უჭერს ძალაუფლების შენარჩუნებაში, კონტროლის კიდევ უფრო მეტი ბერკეტის მისთვის გადაცემით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისთვის მინიჭებული ჭარბი ძალაუფლების ფარგლებში, სისტემის ყველა საკვანძო საკითხზე ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ფორმალურადაც კი არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა აღარ სჭირდება.2
ივნისში ამოქმედებული ცვლილებებით, მას შემდეგ რაც მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ბალანსი შეიცვალა,3 საბჭომ არამოსამართლე წევრი ლევან ნემსაძე უზენაეს სასამართლოში არსებულ მოსამართლის ვაკანსიაზე კანდიდატად წარადგინა. ნემსაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა4, ამის შემდეგ კი იგი კონფერენციამ ახალი მოსამართლე წევრით ჩაანაცვლა.5 საბჭოში ამ მოცემულობით 10 მოსამართლე წევრია, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ მოსამართლე წევრების თანხმობა საკმარისია. საბჭოში სრულ ჰეგემონიას მოსამართლე წევრები ფლობენ.
2013 წლის რეფორმების შედეგად, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე განწესებული მოსამართლეების საბჭოში არჩევაზე დაწესდა შეზღუდვა და მათი რაოდენობა მაქსიმუმ 3 წევრით განისაზღვრა.6 შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარეებს არ ჰქონდათ წევრობის უფლება. თუმცა, 2017 წელს თავმჯდომარეებმა წევრობის უფლება დაიბრუნეს.7 ამ დროს უკვე ნათელი იყო, ძალაუფლებას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი იბრუნებდა. საბჭოში, მოსამართლე წევრების რაოდენობის გაზრდის პარალელურად, ივნისის ცვლილებებით ექვსამდე, ხოლო ინიცირებული პროექტით შვიდ წევრამდე გაიზარდა კონფერენციის მიერ ასარჩევი ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი მოსამართლეების კვოტა.8
ინიცირებული ცვლილებებით, მენეჯერული თანამდებობების რიცხვი იზრდება. სააპელაციო, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეებს უკვე 2 მოადგილე ეყოლებათ, რომელთაგან ერთი შესაძლოა საბჭომ პირველ მოადგილედ დანიშნოს.9 მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში მენეჯერულ თანამდებობებზე გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული მოსამართლეები ინიშნებიან და ისინი როტაციულად ერთმანეთში ცვლიან ამ თანამდებობებს.10
საია წლების განმავლობაში რეკომენდაციას უწევდა თავმჯდომარეების კვოტის გაუქმებას და ასევე, იერარქიის კიბის შესამცირებლად, მოადგილეების თანამდებობის გაუქმებას, რომელთა ძირითადი ფუნქცია თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების შესრულებაა.11 ამ პირობებში, როცა სასამართლო ქართული ოცნების ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენია ავტოკრატიის გზაზე, გავლენიანი ჯგუფის კიდევ უფრო წახალისება მოულოდნელი არ ყოფილა.
ცვლილებებით უქმდება საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეთა კანდიდატების შეფასებების გამოქვეყნების ვალდებულება, ასევე მოსამართლეთა კენჭისყრა ფარულად, ღია სხდომის ნაცვლად, დახურულ სხდომაზე ჩატარდება.12 განმარტებითი ბარათის შესაბამისად, დასაშვები იქნება მხოლოდ საბჭოს წარდგინების გასაჩივრება და აღარ მოხდება ე.წ. საბუთების გადარჩევისა და საჯარო მოსმენის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ცალ-ცალკე გასაჩივრება.13 თავის დროზე, დანიშვნაზე უარის შესახებ განკარგულებების გასაჩივრების მიზანი დანიშვნის პროცედურების გამჭვირვალობის გაზრდა იყო.
სამწუხაროა, რომ გაუმჯობესებული პროცედურები საბჭოს ხელში ღირსეული კანდიდატების გამოვლენას, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას არ ემსახურებოდა და იგი მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა. როგორც ჩანს, ეს ფორმალური კანონიერების დაცვაც უკვე ზედმეტი ტვირთია სისტემის მმართველებისთვის.
იმ ფონზე, როცა კითხვებს აჩენს მოსამართლეების სპეციალიზაციის გათვალისწინების გარეშე სხვადასხვა კოლეგია/პალატებში გადაყვანა, საბჭოს უკვე კანონით ენიჭება უფლებამოსილება, ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით „სასამართლოს ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად“, შეარჩიოს მოსამართლე, რომელსაც დაევალება სხვა პალატაში ან ვიწრო სპეციალიზაციაში საქმეთა განხილვაც.14 ამგვარი რეგულირება მანიპულაციის რისკებს შეიცავს.
ცვლილებებით უქმდება მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც კანონით საერთო სასამართლოების ადმინისტრირებასა და მენეჯმენტზე ზედამხედველობას ახორციელებს.15 უქმედება სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის დანამატის მინიმალური 10%-იანი ზღვარი და დანამატის ოდენობის განსაზღვრა სრულად იუსტიციის საბჭოს დისკრეცია ხდება,16 ასევე საბჭოს აღარ ექნება ვალდებულება სხდომაზე მისაღები ნორმატიული აქტის პროექტი წინასწარ გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე.17
ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ სასამართლო ვერ ასრულებს შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპით გათვალისწინებულ ვალდებულებას და იგი პრაქტიკულად მმართველი ძალის რეპრესიული პოლიტიკის გამტარებელია. დაინიცირებული ცვლილებები არის გაგრძელება დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციის და კიდევ უფრო ამყარებს გავლენიანი ჯგუფის პოზიციებს სასამართლო სისტემაში.
1 კანონპროექტი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ხელმისაწვდომიაა: https://info.parliament.ge/#law-drafting/31527ა, განახლებულია, 27.11.2025.
2 2025 წლის ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, თბილისი, 2025, გვ. 9, ხელმისაწვდომია: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/saerto-sasamart_geo11.pdf, განახლებულია, 26.11.2025.
3 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
4 „ოცნების“ პარლამენტმა მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად აირჩია, 2025 წლის 15 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/ocnebis-parlamentma-mikheil-jinjolia-da-levan-nemsadze-uzenaesi-sasamartlos-uvado-mosamartleebad-airchia/?fbclid=IwY2xjawOTq0ZleHRuA2FlbQIxMABicmlkETFVcFQ2Z2k4bVNFWXF2aEdVc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHj8HGaZGluSrDziAIw-IgSnvXfbIo9TsuFTUsVAU6RxlOlKrA_-knfTcdvzh_aem_CNN9DAT__Y2r7iRyONzn3Q, განახლებულია: 26.11.2025
5 მოსამართლეთა XXXVI რიგგარეშე კონფერენცია, 2025 წელი 25 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-xxxvi-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.html, განახლებულია: 25.11.2025
6 ვერძეული ს., “მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში 2013-2021“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2021, გვ. 12, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/judicial-system-reform-in-georgia-2013-2021 , განახლებულია 26.11.2025.
7 იქვე.
8 კანონპროექტი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 1-ელი მუხლის მე-16 პუნქტი, ხელმისაწვდომიაა: https://info.parliament.ge/#law-drafting/31527, განახლებულია:27.11.2025.
9 კანონპროექტი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 1-ელი მუხლის მე -2 პუნქტი, ხელმისაწვდომიაა: https://info.parliament.ge/#law-drafting/31527, განახლებულია:27.11.2025.
10 იხ. „ვიწრო წრე - სასამართლოში მენეჯერულ თანამდებობებზე კლანის წევრთა განაწილება“, ხელმისაწვდომია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/zA9YrTm, განახლებულია: 26.11.2025.
11 ნოზაძე ნ ., იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №9, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2021, გვ 25, ხელმისაწვდომია:https://shorturl.at/utK2O, განახლებულია: 27.11.2025.
12 კანონპროექტი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 1-ელი მუხლის მე -9 -მე-14 პუნქტები, ხელმისაწვდომიაა: https://info.parliament.ge/#law-drafting/31527, განახლებულია:27.11.2025.
13 განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხელმისაწვდომია: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/404626?, განახლებულია, 27.11.2025.
14 კანონპროექტი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 1-ელი მუხლის მე -2 პუნქტი, ხელმისაწვდომიაა: https://info.parliament.ge/#law-drafting/31527, განახლებულია:27.11.2025.
15 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 56 1 მუხლი.
16 კანონპროექტი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 1-ელი მუხლის მე -15 პუნქტი, ხელმისაწვდომიაა: https://info.parliament.ge/#law-drafting/31527, განახლებულია:27.11.2025.
17 კანონპროექტი : „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 1-ელი მუხლის მე -17 პუნქტი, ხელმისაწვდომიაა: https://info.parliament.ge/#law-drafting/31527, განახლებულია:27.11.2025.
გააზიარე: