სიახლეები
საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია გმობს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ განცხადებას, რამაც წაახალისა სიტუაციის დამატებით გამწვავება, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო რეაგირებას, რამდენადაც ვერ უზრუნველყო პრევენციულად მუშაობა და პროცესების ეფექტიანი მართვა. შესაბამისად, საია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთა, სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირება, ამასთანავე, სათანადოდ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და დაიცვას აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, აგრეთვე მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.
2021 წლის 5 ივლისს, 18:00 საათზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმებოდა. ღონისძიების გამართვას საფრთხე შეუქმნეს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა, ულტრა მემარჯვენე ჯგუფებმა, რომლებიც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის და სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფების მოწოდების შესაბამისად „ღირსების მარშის“ გაუქმების მოთხოვნით რუსთაველის მეტროსა და ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბნენ.[1]
აგრესიული ჯგუფები მიმართავენ ძალადობრივ ქმედებებს. მათ პარლამენტის წინ აღმართული ჯებირები გადალახეს და ოპოზიციის წარმომადგენლების კარვები დაშალეს.[2] აგრეთვე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქციის გაშუქებისას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნეს მედიის წარმომადგენლებსაც. აგრეთვე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქციის გაშუქებისას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნეს მედიის წარმომადგენლებსაც. ისინი ცდილობდნენ აქციიდან ჟურნალისტების გაძევებას, რის შედეგადაცდაფიქსირდა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავდასხმისა და აპარატურის დაზიანებისარაერთი შემთხვევა.[3] გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა„სირცხვილიას“ ოფისი, სადაც პრაიდის ორგანიზატორები იმყოფებოდნენ.[4] აგრესიული ჯგუფები მივიდნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისთანაც, აივანზე აძვრნენ და ლგბტქი+ დროშა დახიეს.[5]
საგანგაშოა პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომამდე გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც აღნიშნა, რომ „ღირსების მარში“ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მისი ჩატარებამიზანშეუწონლად მიიჩნია.[6] აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ მოუწოდა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.[7] აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეთაურებისგან და უწყებებისგან მსგავსი განცხადებები და პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანა იწვევს ისედაც დაძაბული ფონის დამატებით გამძაფრებას, ასევე ახალისებს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს და ფაქტობრივად კარტბლანშს აძლევს ძალადობას.
ასევე, საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა და სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პროცესების გამწვავებას.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. კონსტიტუციის მე-17 მუხლით კი დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. აგრეთვე, ამავე მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ ე.წ. „კონტრაქციის“ ორგანიზატორთა და მონაწილეთა როგორც განცხადებები, ასევე ქმედებები არის ძალადობრივი ხასიათის და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აგრეთვე, ხელს უშლის მოქალაქეთა მიერ შეკრების თავისუფლების, ხოლო მედიის წარომადგენელთა მიერ გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზებას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელწიფოს:
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა დაქმედებებზე და უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა;
- დაიცვას ლგბტქი+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება;
- უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებით სათანადოდ სარგებლობა;
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზება,აგრეთვე, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულის დროული, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.
საია სოლიდარობას უცხადებს ძალადობის მსხვერპლებს და მზადაა დაიცვას ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებულების უფლებები.
[1] „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, მათ შორის არიან სასულიერო პირები”, ინტერპრესნიუსის ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TFqUD7.
[2] “პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს”, ინტერპრესნიუსის ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dFfA0L.
[3] “ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობენ”, ნეტგაზეთის ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hD3kPy; „რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან - დაშავებულია "რუსთავი 2"-ის ოპერატორი“, რუსთავი 2-ის ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2SRFaIK; „ნაცემები არიან ჩვენი ოპერატორები და არაერთი, მათ შორის ერთი ძალიან მძიმედ დაშავდა - მარიკა გოცირიძე“, რუსთავი 2-ის ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36fVbeG; „რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ“, პუბლიკას ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yCJAm7; „ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ“, News.on.ge-ის ფეისბუქ გვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hjzlwQ; „თავდასხმა მედიაზე - ჰომოფობების და ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე მედიის წარმომადგენლებს პირი მოპედით დაეჯახა“, ფორმულას ფეისბუქ გვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Au2soZ; „მოძალადეები ჟურნალისტებს უპირსპირდებიან“, ტელეკომპანია პირველის ფეისბუქ გვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Vb2yld; „ძალადობრივი ძალები ჟურნალისტებს თავს ესხმიან“, ტელეკომოანია პირველის ფეისბუქ გვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jKD4We; „თავდასხმა მედიაზე“, ტელეკომოანია პირველის ფეისბუქ გვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TB59o4; „სიძულვილის ჯგუფები რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ“, რადიო თავისუფლებას ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hAnwl4; „მოძალადეები სირცხვილიას ოფისთან მივარდნენ - სასტიკადაა ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი“, ფორმულას ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Ao64sF.
[4] „ მოძალადეები კორპუსის მაცხოვრებლებს, სადაც სირცხვილიას ოფისია, ქვებსა და კვერცხებს ესვრიან“, ფორმულას ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3hfbIWs; „აგრესიულმა ჯგუფებმა მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს“, ნიუპოსტის ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jXj4Qj.
[5] „მოძალადეები "პრაიდის" ოფისთან მივიდნენ, აივანზე ავიდნენ და დროშა ჩამოხსნეს“ ფორმულას ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qL3GI3.
[6] „პრემიერი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, ის შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს“, ინტერპრესნიუსის ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3whwKYN.
[7] „შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი, 05.07.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dMkjh5.
გააზიარე: