GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 ივნისი, 2021

2021 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი,[1] რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების - საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“[2]   აღსრულებას და აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას. 

კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. [3]

კანონპროექტით კოდექსს ემატება მე-13 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს კონფიდენტის/ინფორმანტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების საკითხს. ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ ამგვარი მტკიცებულება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება არამხოლოდ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებით თუ შედგენილი ოქმით, არამედ სხვა მტკიცებულებებით. ჩანაწერში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ წესის გამოყენება არ ხდება მაშინ, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.[4]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2021 წლის 1-ლი ივლისით განსაზღვრა, რითიც საკანონმდებლო ორგანოს მისცა 6 თვიანი ვადა,[5] რათა პარლამენტის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისადმი მკაფიოდ განსაზღვრულიყო ჩხრეკის ჩატარების სათანადო ინსტრუქციები და ამ პერიოდში მომხდარიყო უწყებების ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.[6]  ამის საპირისპიროდ, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება არ არის ბოლომდე განმსჭვალული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული სულისკვეთებით და იგი უმეტესწილად ტექნიკურად ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

შემოთავაზებული კანონპროექტით არ არის დაკონკრეტებული რა შეიძლება მიჩნეული იყოს „სხვა მტკიცებულებებად“, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მკაფიოდ უთითებს ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობაზე და ამასთანავე საუბრობს თუ რა შეიძლება იყოს ამგვარი მტკიცებულება - ერთის მხრივ ნეიტრალური მოწმის დასწრება, მეორეს მხრივ ვიდეოგადაღება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მარტივად შესასრულებელია.[7]

კანონპროექტით განსაზღვრული ჩანაწერი, რომელშიც საუბარია წესისგან საგამონაკლისო შემთხვევაზე („აღნიშნული წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია“) არის ზოგადი და ტოვებს ჩანაწერის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მითუფრო, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩხრეკა/ამოღება ტარდება საგამონაკლისო წესით, რაც გულისხმობს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩხრეკა/ამოღების ჩატარებას. [8] ამასთანავე სუსტია ასეთი შუამდგომლობებისას სასამართლო კონტროლი.  საიამ შეისწავლა 2016 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში  გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი და განჩინებების დასაბუთებულობის ხარისხი. მონაცემები აჩვენებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა/ამოღების შესახებ შუამდგომლობას სასამართლოები თითქმის ყველა შემთხვევაში აკმაყოფილებენ. მაგალითად, 2017 წლიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართა 38 628 შემთხვევაში, აქედან სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა მხოლოდ 66 (0.2%) შემთხევაში.[9]

100 განჩინების შესწავლამ გამოავლინა, რომ წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შეფასებისას სასამართლო დაბალი სტანდარტით ხელმძღვანელობს და შემოიფარგლება მხოლოდ ერთგვაროვანი, ბლანკეტური დასაბუთებით. წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებების 74% არ არის სათანადოდ დასაბუთებული სასამართლოს მიერ, არ არის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საგამოძიებო მოქმედების ამგვარად ჩატარების მიზანი და დაყოვნების შესაძლო შედეგები. [10]

ჩხრეკა/ამოღების ოქმი მიუხედავად იმისა წარმოადგენს თუ არა ობიექტური საფუძვლებით გამყარებულ ინფორმაციას, კანონიერი მტკიცებულების სახით ხვდება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და ხშირად რიგი კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ძირითად საფუძველსაც კი წარმოადგენს. საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოა ორი საქმე, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა.[11] ორივე საქმეში საერთო სასამართლოების მხრიდან გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებულ ჩხრეკის ოქმს, იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციებს ასრულებდნენ და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს. ამასთანავე ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანთა ჩხრეკები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მოსამართლის წინასწარი ნებართვის გარეშე, რომლის სიზუსტე და სანდოობა ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არც წინასასამართლო და არც არსებითი განხილვის სხდომებზე არ შეაფასეს.[12]

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არსებული სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად წარმოდგენილი კანონის პროექტი გახდეს უფრო მეტად კონკრეტული, შექმნას ბრალდებულთათვის მეტი უფლებრივი გარანტიები, აღჭურვოს სამართალდამცავი უწყებები „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვების, მათ შორის ვიდეო-გადაღების რეალური შესაძლებლობებით. 

 

 

 

 

 

 

 


[1] ინიციატორი : საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ამილახვარი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი. ავტორი : საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი. კანონპროექტი: 07-3/55/10. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/22080 . 

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება,   ხელმისაწვდომია:https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10430 .

[3] იქვე, III-1.„ა“.

[4] კანონპროექტი: 07-3/55/10, მუხლი 1-ლი.

[5] იქვე, III-1.„გ“.

[6] იქვე, II- პ.111. 

[7] იქვე. II, 107-108.

[8] იხ. საიას სისხლის სამართლის მონიტორინგის 4-წლიანი ანგარიში, ტენდენციები და არსებული გამოწვევები, 2021. გვ.112. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wU8DQr .

[9] იქვე, გვ. 46. 

[10] იქვე, გვ. 49.

[11] მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Application no. 30364/09). გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-202419%22]} . 

ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Application no. 41674/10). გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-208752%22]} .

[12] საიას განცხადება: “ ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა“. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3fOlspN . 

სხვა სიახლეები