GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია გვაჯარიმებს შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის

19 თებერვალი, 2025

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (შემდგომში - ასკ) შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შსს-ს ექნება იმის გადაწყვეტის უფლებამოსილება, პირი უნდა იყოს თუ არა მიჩნეული სამართალდამრღვევად, ასევე, უნდა დაეკისროს თუ არა მას ჯარიმა. სამართალდარღვევების ნაწილი კვლავ სასამართლოს განსახილველი რჩება.


ამდენად, მიმოვიხილავთ:


- 6 თებერვლის შემდეგ მომხდარ შემთხვევებზე შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული რომელი სამართალდარღვევები შსს-ს და რომელი - სასამართლოს განსჯადი;


როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი მას აცნობებენ, რომ სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან;


- როგორია შსს-ს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი;


- ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, აჩერებს თუ არა გასაჩივრება ჯარიმის გადახდის ვალდებულებას;


- რა შეუძლია მოქალაქეს, მოიმოქმედოს, თუკი მისი პერსონალური მონაცემები უკანონოდ დამუშავდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილება და დააჯარიმოს იგი[1], როდესაც:



- აქციის მონაწილეს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას[2] (არ იგულისხმება გზის გადაკეტვის შემთხვევა);


- აქციის ორგანიზატორს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას[3] (არ იგულისხმება გზის გადაკეტვის ორგანიზების შემთხვევა);


- პირს ედავებიან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას კანონით აკრძალულ შენობებში ან მათი შესასვლელებიდან კანონით განსაზღვრულ აკრძალულ რადიუსში;[4]


პირს ედავებიან აქციაზე კანონით აკრძალული გარკვეული ნივთების ქონას (მაგ. ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, პიროტექნიკ), დროებითი კონსტრუქციის მოწყობას, კანონით აკრძალული მოწოდებების გაკეთებას;[5]


- აქციის მონაწილეს ან ორგანიზატორს ედავებიან გზის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა[6] (იგულისხმება გზის სავალ ნაწილზე ყოფნა, როდესაც ტროტუარზე არის საკმარისი ადგილი);


- პირს ედავებიან აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალების ქონას ან სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვას.


[7]

შსს-ს მიმართვის საფუძველზე, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილება, როდესაც:


- შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების რომელიმე წესის დარღვევისთვის ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პირს კვლავ ედავებიან სამართალდარღვევის ჩადენას;[8]


- პირს ედავებიან სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში;[9]


- დემონსტრანტს ედავებიან იმგვარ შეკრებასა ან მანიფესტაციაში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.[10]


ზემოთ მითითებული სამართალდარღვევების ჩადენა სანქციის სახით ითვალისწინებს სხვადასხვა ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.


აღსანიშნავია, რომ შსს-ს განსჯად საქმეებშიც კი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.[11]

თუკი პირი სახდელდადებულია (ერთხელ უკვე იყო მიჩნეული სამართალდამრღვევად), მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა ვეღარ იქნება გამოყენებული.[12]

 

 

შსს-ს განსახილველი საქმეები

სასამართლოს განსახილველი საქმეები

სამართალდამრღვევად მიჩნევის შემთხვევაში, როგორ იღებს პირი ინფორმაციას?

შსს უკავშირდება პირს და აცნობებს, რომ მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი). 

შსს ან სასამართლო უკავშირდება პირს და აცნობებს, რომ მის მიმართ განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. ტარდება სასამართლო პროცესი, რომელსაც ესწრება პირი, რომელსაც სამართალდარღვევის ჩადენას ედავებიან. იგი სასამართლო პროცესზე იგებს გადაწყვეტილებას.

 

* პირი, რომელსაც სასამართლოს მხრიდან ოფიციალურად ეცნობება სასამართლო სხდომის თარიღი, უნდა გამოცხადდეს ამ სხდომაზე.

როგორ საჩივრდება სამართალდამრღვევად მიჩნევისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება?

-          სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში)[13] - ბაჟი გადასახდელი არ არის.

-          ზემდგომი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში - ბაჟი გადასახდელი არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოში.

როგორ საჩივრდება სამართალდამრღვევად მიჩნევისა და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება?

შსს-ს პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების  უფლებამოსილება არ აქვს.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 48 საათში, სააპელაციო სასამართლოში.[14]

აჩერებს თუ არა გასაჩივრება ჯარიმის გადახდის ვალდებულებას?

სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) გასაჩივრება აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას საქმეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუკი იგი სასამართლოშიც გასაჩივრდა.[15]

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში არ აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას.[16]

რა ვადაში უნდა მოხდეს დაკისრებული ჯარიმის გადახდა?

შსს-ს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში.[17]

 

ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.

რა ხდება დაკისრებული ჯარიმის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში?

დაიწყება იძულებითი აღსრულება, რაც ნიშნავს თანხის ამოღებას შემოსავლიდან, ან უძრავი ან/და მოძრავი ქონების, მათ შორის, ანგარიშების დაყადაღების გზით.

დაიწყება იძულებითი აღსრულება, რაც ნიშნავს თანხის ამოღებას შემოსავლიდან, ან უძრავი ან/და მოძრავი ქონების, მათ შორის, ანგარიშების დაყადაღების გზით.

 

 

შეკრებასა და მანიფესტაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისას იკვეთება, რომ შსს მასობრივად იყენებს სახის ამომცნობ კამერებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. თუკი შსს თქვენ წინააღმდეგ ნაწარმოებ საქმეებზეც გამოიყენებს სახის ამომცნობი კამერით გადაღებულ კადრებს, შეგიძლიათ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და პერსონალური ინფორმაციის გამოყენების კანონიერების შესწავლა.

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ:



- თუკი დაგიკავშირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან შსს-ს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ადგილზე ჩაიბაროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ჯარიმის ქვითარი), ან აცნობოთ მათ თქვენი ფაქტობრივი მისამართი, რათა ოქმი (ჯარიმის ქვითარი) თავად მათ ჩაგაბარონ;


- თუკი დაგიკავშირდებიან შსს-დან სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, საქმის მასალების გასაცნობად ადგილზე გამოცხადებაზე უთხრათ უარი და დაელოდოთ სასამართლოდან შეტყობინებას/უწყებას;


- თუკი დაგიკავშირდებიან სასამართლოდან სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, მოინიშნეთ პროცესის თარიღი და გამოცხადდით დათქმულ დროს.

 

დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 577 07 05 63.



[1] შსს-ს განსჯადი საქმეები ჩამოთვლილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლში.

[2] ასკ-ის 1741-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელიც მიუთითებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებზე.

[3] ასკ-ის 1741-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც მიუთითებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებზე.

[4] ასკ-ის 1741-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც მიუთითებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე.

[5] ასკ-ის 1741-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც მიუთითებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე.

[6]სკ-ის 1741-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც მიუთითებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლზე.

[7] ასკ-ის 1741-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომელიც მიუთითებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე.

[8] ასკ-ის 1741-ე მუხლის მე-3, მე-6, მე-8 ნაწილები.

[9]სკ-ის 1741-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

[10] ასკ-ის 1741-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

[11]სკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

[12] ასკ-ის 1741-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი.

[13] ასკ-ის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

[14] ასკ-ის 2811-ე მუხლი.

[15] ასკ-ის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

[16] ასკ-ის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

[17] ასკ-ის 290-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.