შედეგები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების ფარგლებში შეკრების თავისუფლების მდგომარების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარუდგინეს
29 აპრილი, 20262026 წლის 26 აპრილს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების ჯგუფის აღსრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინეს.
სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი მინისტრთა კომიტეტს 2025-2026 წლებში საქართველოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების ფარგლებში განვითარებულ მოვლენებზე აწვდის ინფორმაციას. კერძოდ, დოკუმენტში ყურადღება მახვილდება საქართველოში შექმნილ ადამიანის უფლებათა კრიზისზე და სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების სტანდარტების საგანგაშო გაუარესებაზე. მათ შორის, შემდეგზე:
· შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაში რამდენიმე ტალღად განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ახდენს მშვიდობიანი შეკრების კრიმინალიზებას, მნიშვნელოვნად ავიწროვებს დასაშვები კრიტიკის სივრცეს და ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს;
· აღნიშნული ავტორიტარული კანონები ძლიერი ინსტრუმენტია მმართველი ძალის ხელში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიების განსახოციელებლად, სამოქალაქო აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოაგდოების ორგანიზაციების დევნის და შევიწროებისთვის;
· საპოლიციო საქმიანობასა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის თვითნებურ შეფარდებაზე ეფექტიანი სასამართლო კონტროლის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას;
· ხელისუფლება აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების ავტომატური ამოცნობის, რეპრესიებისა და უსამართლო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ღონისძიებების შეფარდების მიზნით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ამგვარი ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე საერთაშორისო სტანდარტებს;
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ 2025 წლის მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა, რომ წარმოედგინა სტატისტიკური მონაცემები პროტესტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღსრულების თაობაზე, რაც სრულყოფილი სურათის წარმოდგენის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებითაც ცხადია, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიების მასშტაბი საგანგაშოდ გაზრდილია. განახლებული სამოქმედო გეგმით, სახელმწიფომ ასევე არ წარმოადგინა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების სტანდარტების გასაუმჯობესებლად დაგეგმილი ან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
მაქარაშვილის საქმეების ჯგუფი 2023 წლიდან აერთიანებს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელშიც სასამართლომ დაადგინა მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლების დარღვევები მომჩივნების საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველზე.
2025 წლის 11-13 ივნისის სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტმა მაქარაშვილის საქმეების ჯგუფი გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოაქცია. ეს ნიშნავს, რომ კომიტეტმა მიიჩნია, რომ ეს საქმეთა ჯგუფი გამოკვეთს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემებს და სახელმწიფო ვალდებულია, გადადგას ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, კომიტეტი ამ საქმეთა ჯგუფს ყოველწლიურად განიხილავს, და აფასებს სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს საქმეთა აღსრულების მიმართულებით. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, კომიტეტს ყოველწლიურად წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ განხორცილებული ღონისძიებების შესახებ.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ეს საქმეთა ჯგუფი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე გასწიოს საერთაშორისო ადვოკატირება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მისაღწევად.
მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა საკითხების შეხვედრა 2026 წლის 9-11 ივნისს გაიმართება. სწორედ ამ სხდომაზე განიხილავს კომიტეტი მაქარშვილის საქმეების აღსრულების პროგრესს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშულის შესახებ კი საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.
გააზიარე: