შედეგები
8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
11 იანვარი, 20252025 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებული 8 ბრალდებულის, მათ შორის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვო კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. მოსამართლემ კვლავ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა პირები.
გარდა აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობისა, დღევანდელ სხდომაზე საგანგაშო იყო ბრალდებულთა დაცვის უფლების უხეში უგულვებელყოფა, რაც, საიას შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს; და დამატებით, პრობლემური იყო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვა იმავე მოსამართლის მიერ.
ქვემოთ გამოყოფილია დღევანდელი სხდომის საკვანძო ეპიზოდები (დამატებით აღვნიშნავთ, რომ საია პირველი წარდგენის სხდომაზეც ხსენებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას აფასებდა და აღნიშნავდა, რომ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.1 ვინაიდან სასამართლო პროცესზე უზრუნველყოფილი არ იყო საქმის ირგვლივ ჯეროვანი განხილვა, საია დამატებით შეისწავლის პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე განჩინებას და აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკე შეფასებასაც გააკეთებს):
დაცვის უფლების დარღვევა - სასამართლო პროცესზე არ იყო უზრუნველყოფილი საქმის ზეპირი განხილვისთვის საჭირო ლოჯისტიკური გარანტიები, რამაც, შემდგომში გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების მატერიალურად დარღვევაც, და, ბრალდებულებს წაართვა დაცვის უფლება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგ ეპიზოდებში:
მცირე სივრცე ეფექტიანი და პრაქტიკული კომუნიკაციის გამოწვევებს ქმნიდა ბრალდებულებსა და ადვოკატებს შორის - ბრალდებულთა მაღალი რიცხვის (8 პირი), მათი ადვოკატების რაოდენობის, მაღალი საჯარო ინტერესის და პროცესზე დასწრების მსურველთა (მათ შორის, ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და ნათესავების, რომელთა ნაწილმაც ვერ მოახერხა დარბაზში შემოსვლა) დიდი რაოდენობის მიუხედავად, სასამართლომ არ უზრუნველყო სხდომის ყველაზე დიდ დარბაზში ჩატარება, რომელიც სხდომის გამართვის დროისთვის თავისუფალი იყო და სასამართლოსთვის აღნიშნული წინასწარ განჭვრეტადი იყო. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობის შემდგომაც არ შეცვალა დარბაზი და სხდომა კვლავ შედარებით მცირე ზომის დარბაზში დატოვა, რაც ბრალდებულებსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაციას ართულებდა.
მცირე სივრცე ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, და, შესაბამისად, მათ პროცესში ჯეროვან მონაწილეობას რეალური რისკის ქვეშ აყენებდა - სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანის ყოფნისა და მცირე სივრცის გამო, ირაკლი მიმინოშვილი ცუდად გახდა (უჩიოდა უჰაერობას), რაც დამატებით პრობლემურ გარემოებას ქმნიდა, ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის კომუნიკაციის თვალსაზრისით.
სხვა ტექნიკური გამოწვევები: თავდაპირველად ადვოკატებისთვის არ იყო საკმარისი სივრცე, რის გამოც 11 ადვოკატს ერთ მაგიდასთან განთავსება უწევდა. მოგვიანებით, მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ მაგიდა დაამატა.
მოსამართლემ, ნაცვლად იმისა, გადაეტანა სხდომა შედარებით დიდ დარბაზში, ადვოკატებისა და ბრალდებულების მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემდეგ დარბაზის დატოვების საპასუხოდ, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩართო, რითაც ბრალდებულები დააყენა არჩევანის წინაშე:
სასამართლო დარბაზში წარმოდგენილი ყოფილიყო მათი ადვოკატი (მიუხედავად ზემოაღნიშნული კომუნიკაციური გამოწვევებისა);
ან, მათ ინტერესებს სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავდა, რომელთანაც მანამდე მათ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
აღნიშნული რეჟიმი ულტიმატუმის ხასიათს ატარებდა, რადგან სასამართლომ სრულად უგულვებელყო ის ობიექტური რეალობა, რომელზეც დაცვის მხარე აპელირებდა დაცვის უფლების არაჯეროვანი განხორციელების გამო.
საიას მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა სასამართლოს მხრიდან იყო ბრალდებულის უფლების განზრახი უგულვებელყოფა, დაცული ყოფილიყო მის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ.
აღსანიშნავია, რომ საქმეში შემდგომ ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატებიც უთითებდნენ იმავე გამოწვევებზე, რაც კერძო ადვოაკტებს ჰქონდათ ნახსენები დაცვის უფლების თვალსაზრისით, და, ასევე, უთითებდნენ, რომ არ იცოდნენ ბრალდებულთა პოზიცია, ვინაიდან სხდომაზე ამ დროისთვის აღარც ერთი ბრალდებული აღარ იმყოფებოდა.
განჩინების გადასინჯვა იმავე მოსამართლის მიერ და ორმაგი სასამართლო კონტროლის არარსებობა - საქმე იმავე მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა, და საკუთარ გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა. შესაბამისად, კრიტიკას იმსახურებს ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით იმ მნიშვნელობის პროცესზე, რომელიც უკავშირდება პირების სისხლის სამართლის წესით დაკავებას მათ მიერ სამოქალაქო უფლებების რეალიზების კონტექსტში, უზრუნველყოფილი არ ყოფილა სასამართლოს მხრიდან აღკვეთის ღონისძიების ორმაგი შემოწმების შესაძლებლოა სხვა მოსამართლის ჩართულობით.
შეჯამება
სასამართლო პროცესის ორგანიზაცია და სამართლებრივი სირთულეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა გადამწყვეტია, და ეს კომუნიკაცია უნდა იყოს ეფექტიანი და პრაქტიკული.
საიას შეფასებით, სასამართლოს უნდა შეექმნა შესაბამისი პირობები, საქმის განხილვისისთვის, სადაც ბრალდებულებს ექნებოდათ განცდა, რომ იყვნენ დაცულნი საკუთარი ადვოკატების მიერ, და, შესაბამისად, ჰქონდათ უსაფრთხო გარემო, რომელიც უზრუნველყოფდა მათ ჯეროვან მონაწილეობას პროცესში.
2025 წლის 11 იანვრის პროცესის დარღვევები თავისი მასშტაბით უტოლდება სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი გარანტიების დარღვევას, როგორიცაა დაცვის უფლება, რაც, თავის მხრივ, არის საფუძველი მტკიცებისა, რომ სამართალწარმოება სამართლიანი არ იყო, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები ადამიანის უფლებების სფეროში.
გააზიარე: