შედეგები
საია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მას საჯარო პოზიციების გამო დევნის
05 თებერვალი, 2025გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი დროით აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბის” წამყვანი. ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე.1 მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია,2 სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს.3 ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად.4 თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ.5 ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, აქციები იმართება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოთხოვნით: შეასრულოს მაუწყებელმა თავისი ფუნქცია და საზოგადოებას მიაწოდოს დროული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მოთხოვნას, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილიც უერთდება. 6
არაკონსტიტუციურია “ქართული ოცნების” მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენება მისი მიზნებისთვის, აგრეთვე მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, მისი საჯარო მანდატიდან გამომდინარე, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პოზიციას ან დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.7 ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში, სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა მაუწყებლის თავისუფლებაში დაცულია როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკით,8 რასაც საქართველოს შემთხვევაში ვერ ვხედავთ, ხოლო, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული რეპრესია ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ამასთან, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, წევრ სახელმწიფოებს ევალებათ შექმნან გარემო, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოჩინდება როგორც ინფორმაციის გავრცელების სანდო წყარო, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და დააკმაყოფილებს ეთიკისა და ხარისხის მაღალ სტანდარტს9, თუმცა, განსაკუთრებით მიმდინარე აქციებისა და ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ როლს არ ასრულებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ, იგი არსებობს, რათა ემსახუროს საზოგადოებას ზოგადად და, მეორე მხრივ, იგი ფინანსდება საჯარო სახსრებით,10 თუმცა, ნაცვლად ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისა, იგი ემსახურება “ქართულ ოცნებას”.
1 „ამ ვითარებიდან მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა“ - ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან. https://www.mediachecker.ge/ka/chveni-gundi/97111-qadamianis-uflebatha-centrisq-angarishi-saqarthvelos-mediagaremo, [04.02.2025]; საზმაუს თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან დღის ეთერის გახსნას ითხოვს. https://formulanews.ge/News/121942 [04.02.2025] ; საზმაუს პროდიუსერი ამბობს, რომ გადაცემიდან ანდრო ჭიჭინაძის პროტესტის ამოჭრა მოუწია https://formulanews.ge/News/122463 [04.02.2025];
2 საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 17 (6)
3 Recommendation CM/Rec(2007)3 of the Committee of Ministers to member states on the remit of public service media in the information society, Recommendations and declarations of the Committee of Ministers of the Council of Europe in the field of media and information society, 2016, 134.4 Mendel, T., Public Service Broadcasting: A Comparative Legal Survey, UNESCO, 2011, 95.
5 საქართველოს მედიაგარემო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2023, https://www.hrc.ge/files/reports/307mediagaremo-geo.pdf, [04.02.2025];
6 საზმაუს თანამშრომელთა ნაწილი არხის მენეჯმენტისგან დღის ეთერის გახსნას ითხოვს https://formulanews.ge/News/121942, [04.02.2025].
7 Mendel, T., Public Service Broadcasting: A Comparative Legal Survey, UNESCO, 2011, 158.
8 იქვე., 92.
9 Recommendation CM/Rec(2007)3 of the Committee of Ministers to member states on the remit of public service media in the information society, Recommendations and declarations of the Committee of Ministers of the Council of Europe in the field of media and information society, 2016, 135.
10 Declaration Decl-27.09.2006 of the Committee of Ministers on the guarantee of the independence of public service broadcasting in the member states, Recommendations and declarations of the Committee of Ministers of the Council of Europe in the field of media and information society, 2016, 301.გააზიარე: