GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

29 აგვისტო, 201810:28

2018 წლის 24 აგვისტოს უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების გარდა, იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი თეა წულუკიანი, ა(ა)იპ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის განცხადების საფუძველზე, საიას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიშით დაინტერესდა.[1]  

იუსტიციის მინისტრმა სხდომის მიმდინარეობისას კომისიის სამდივნოს მოსთხოვა საიას მონიტორინგის შედეგებისა და კომენტარების ამობეჭდვა, რათა ადგილზე წაეკითხა იგი და „საიას კვლევად ცნობილი დოკუმენტის“ ირგვლივ დისკუსია გაემართა.

იუსტიციის მინისტრმა საარჩევნო პროცესის მონაწილეებს მოუწოდა, რომ: „თავი შეიკავონ ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობის ან ამგვარ მცდელობაში მონაწილეობისგან უტყუარი მტკიცებულებების გარეშე“, ხოლო საიას წარმომადგენელს სთხოვა, წარმოედგინა მეთოდი, რომლითაც დადგინდა ნათესაური კავშირები. მისი განცხადებით, „მეთოდის შესახებ მოცემულ დოკუმენტში საუბარი არ არის, რის გარეშეც წარმოუდგენელია არსებობდეს სერიოზული კვლევის დოკუმენტი“. მან ასევე დასვა კითხვები  პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე.

შესაბამისად, ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე, გვსურს საჯაროდ წარმოგიდგინოთ საიას, როგორც უფლებადამცველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციის, მიზანი და მეთოდოლოგია.[2] აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ, ჩვენი შეფასებით, იუსტიციის მინისტრი თავისი ქმედებით გასცდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი მანდატის ფარგლებს. ასევე, უგულებელყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტი სახელმწიფოს მხრიდან დამკვირვებლების  საქმიანობის  მნიშვნელობაზე. კერძოდ: ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის მე-8 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოებმა დამკვირვებლების ყოფნა უნდა განიხილონ, როგორც პროცესის გაძლიერების შესაძლებლობა:

1.იმის მაგივრად, რომ იუსტიციის მინისტრს დეტალურად შეესწავლა და გადაემოწმებინა არსებული ხარვეზები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზე, ასევე, ინფორმაცია გადაემოწმებინა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მან ზედაპირული, წინასწარ განწყობებით არსებული შეხედულებებით იხელმძღვანელა. კომისიის სხდომა ანგარიშსწორების არეალად აქცია, შეეცადა სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დისკრედიტაცია მოეხდინა და საიას  საქმიანობა დესტრუქციულად წარმოეჩინა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ ცოტა ხნით ადრე საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ითხოვდა, თეა წულუკიანი მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრად დასახელებული არ ყოფილიყო;

2.იმის მაგივრად, რომ იუსტიციის მინისტრს კანონით მინიჭებული ობიექტური არბიტრის ფუნქცია ეტვირთა, ორგანიზაციას ბრალი დასდო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გეგმის განხორციელებაში და ინსტიტუციებისადმი შერჩევით მიდგომაში.

უწყებათაშორისი კომისიის მანდატი (გადამოწმების სტანდარტი და რეაგირების ზომები) - განსაზღვრავს, რომ კომისია საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცისა და დარღვევებზე რეაგირების გზით, ხელს უწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის დებულების თანახმად,[3] ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად:

- კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ მიზნით, კომისია თანამშრომლობს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან/საარჩევნო ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

- უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისგან საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობების გადამოწმებას;

- განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, რეკომენდაციით მიმართოს ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს, ადმინისტრაციულ ორგანოს, ცესკოს და მოსთხოვოს გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

იმის მაგივრად, რომ სხდომაზე საიას ანგარიშში გამოკვეთილ პრობლემებზე გამართულიყო მსჯელობა, დეტალურად შესწავლილიყო საკითხი და ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში გადამოწმებულიყო, მოხდა მტკიცების ტვირთის გადატანა არასამთავრობო ორგანიზაციაზე.  შესაბამისად, იუსტიციის მინისტრი გასცდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი მანდატის ფარგლებს და დაკარგა ობიექტური არბიტრის ფუნქცია. ამით ის შეეცადა მოეხდინა სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დისკრედიტაცია.

აქვე გვსურ განვაცხადოთ, რომ საია უფლებადამცველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და  საქმიანობის განხორციელებისას აბსოლუტური  პრივილეგიით სარგებლობს.

ორგანიზაციის წესდების თანახმად, ორგანიზაციის  მიზანს წარმოადგენს ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ასოციაციას სწამს რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპების უზენაესობის, თავის საქმიანობაში მუდმივად იცავს სრულ ნეიტრალიტეტს პოლიტიკური პროცესების მიმართ. წლების განმავლობაში საიამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგულება და სწრაფვა სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ამ მრწამსის შესაბამისად, ორგანიზაციამ 2010 წელს ხელმოწერით აღიარა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების გლობალური ქსელის (GNDEM) ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემუშავებული სადამკვირვებლო მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაცია და ქცევის კოდექსი.[4] ორგანიზაციის მონიტორებიც სწორედ ამ პრინციპების ერთგულები არიან.

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების თანახმად, სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ არჩევნების არაპარტიული დაკვირვება უფლებადაცვით საქმიანობას წარმოადგენს, ხოლო მონიტორები უფლებადამცველები არიან და აბსლუტური პრივილეგიით სარგებლობენ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლებადამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე, პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას, პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს.[5] ამავე კანონის  თანახმად,  პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ  წყაროს გამხელა.[6] თავის მხრივ, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება.[1] სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავის დროსაც კი მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის  წყაროს გამხელის ვალდებულება. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.[7]

ამასთან, არჩევნებზე დაკვირვება არ ნიშნავს მხოლოდ კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას, არამედ ასევე მოიცავს წინასაარჩევნო  და შემდგომი პროცესების მონიტორინგსაც,[8] მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორნგს.   

რაც შეეხება ორგანიზაციის საარჩევნო მონიტორინგის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების მონიტორინგის მეთოდოლოგიას, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების მონიტორინგს წლებია ახორციელებს. საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების მონიტორინგის საგანს წარმოადგენს, ვიკვლიოთ:

-რა კრიტერიუმებით ხდება საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევა;

- ხომ არ ხდება იმ პირთა პროფესიული ნიშნით არჩევა, რომლებიც უახლოეს წარსულში წარმოადგენდნენ სხვადასხვა პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში;

- რამდენად დამოუკიდებლები არიან პროფესიული წესით არჩეული პირები პარტიული ვერტიკალისგან;

- რამდენად ხდება კომისიებში წარსულში დისციპლინურ და ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთა არჩევა;

- რამდენად იცავენ არჩეული პირები ეთიკის პრინციპებს და ხომ არ აქვს ადგილი ინტერესთა კონფლიქტის/ ნეპოტიზმის შემთხვევებს.

მონიტორინგის მიზანს სწორედ არსებული ხარვეზების გამოვლენა, მდგომარეობის გაუმჯობესება და კანონმდებლობის დახვეწა წამოადგენს. საიას არაერთ არჩევნებზე უსაუბრია საკანონმდებლო და პრაქტიკის დონეზე არსებულ გამოწვევებზე. ორგანიზაციამ შესაბამისი რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ძირეული რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც წარადგინა.[9] 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სადამკვირვებლო მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაციისა და ქცევის კოდექსის თანახმად, სამოქალაქო ორგანიზაციები არაპარტიული საარჩევნო დაკვირვებისა და მონიტორინგისას იყენებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიას და ტექნიკას, რაც დამოკიდებულია საარჩევნო პროცესის კონკრეტულ ასპექტსა და/ან შესაფასებელ საარჩევნო გარემოზე.[10] ამასთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციები თავისუფლები არიან, მოიპოვონ, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ სიტყვიერი კომუნიკაციით, ბეჭდური ან ელექტრონული მედიით, მათ შორის, ინტერნეტით.[11]

საიას საარჩევნო მონიტორინგის მეთოდოლოგია სწორედ სადამკვირვებლო მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაციისა და ქცევის კოდექსის შესაბამისად არის შემუშავებული და ის სრულ ჰარმონიზაციაშია საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოსთან.

აქედან გამომდინარე, მინისტრის მხრიდან არასერიოზულობაზე აპელირება სწორედ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და პროფესიული, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის დაკნინების მცდელობას წარმოადგენს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საიას მონიტორინგის განხორციელებისას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არ დაურღვევია. კერძოდ:

საიას მიერ გავრცელებული სავარაუდო ნათესაური, მეგობრული კავშირის, ასევე პარტიული აქტივობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად მოპოვებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, რაც მონიტორების მიერაც გადამოწმდა. მაგალითად, ერთ-ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ საოლქო კომისიაში დანიშნული წევრი იყო მისი მეუღლე. ამგვარად, აღნიშნული პერსონალური მონაცემები თავად მონაცემთა სუბიექტებმა გახადეს საჯარო.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის (პირი, რომელსაც ეს მონაცემი ეხება) თანხმობის გარეშე დასაშვებია:

- თუ თავად მონაცემთა სუბიექტმა გახადა ეს მონაცემი საჯარო ან ხელმისაწვდომი.[12]

- როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.[13]

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საიამ ანგარიშში დაიცვა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, სადაც ნათქვამია: ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.“ კერძოდ, საიას ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკა და მუნიციპალიტეტები, სადაც  საუბარია სავარაუდო ნათესაური და პარტიული ნიშნით საოლქო კომისიის დროებითი წევრების დანიშვნის 11 ფაქტზე, კონკრეტული ადამიანის პერსონალური მონაცემის (სახელისა და გვარის ხსენების) იდენტიფიცირების გარეშე.

რაც შეეხება საჯარო ინტერესს, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის შერჩევის პროცესის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ასეთივე ინტერესი არსებობს იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესი ვერ გახდება დაბრკოლება სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის, გამოავლინოს და საზოგადოებას მიაწოდოს დროული და ობიექტური ინფორმაცია კანდიდატის პარტიული წარსულის თუ ოჯახური მდგომარეობის თაობაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ საარჩევნო კომისიის წევრის მიუკერძოებლობაზე და, ერთიანობაში, უარყოფითად აისახოს სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ იუსტიციის მინისტრი საკუთარ საქმიანობას უწყებათაშორის კომისიაში წარმართავს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და პატივს სცემს  პროფესიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატს. 

 

 


[1] საუბარია საიას მონიტორინგის ანგარიშზე, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც წლებია გამოწვევას წარმოადგენს. კერძოდ: ვერ იქმნება ობიექტური წინაპირობები საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური, დამოუკიდებელი და მაღალი ეთიკის მქონე პირების შესარჩევად და ადგილი აქვს სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევებს.

[2] ჩვენი მეთოგოლოგია 

[3] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4230849

[4] DECLARATION OF GLOBAL PRINCIPLES FOR NON-PARTISAN ELECTIONOBSERVATION AND MONITORINGBY CITIZEN ORGANIZATIONS and CODE OF CONDUCT FOR NON-PARTISAN CITIZEN ELECTION OBSERVERS AND MONITORS.

[5] „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ო) ქვეპუნქტი.

[6] „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი.

[7]„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი.

[8] ვენეციის კომისია, CODE OF GOOD PRACTICE IN ELECTORAL MATTERS GUIDELINES AND EXPLANATORY REPORT, (პარ. 88), http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2002)023rev-e

[9] https://gyla.ge/ge/post/rekomendaciebi-saarchevno-garemos-gaumjobesebisatvis#sthash.vhsQMdvl.dpbs

[10] სადამკვირვებლო მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაცია და ქცევის კოდექსი. პარ.13 https://docs.google.com/viewerng/viewer?url=http://www.gndem.org/sites/default/files/declaration/Declaration_of_Global_Principles_0.pdf

პარაგრაფი 13

[11] სადამკვირვებლო მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაცია და ქცევის კოდექსი. პარ. 18 (f) https://docs.google.com/viewerng/viewer?url=http://www.gndem.org/sites/default/files/declaration/Declaration_of_Global_Principles_0.pdf

[12] მსგავსი წესია დადგენილი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით.

[13] პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ზ) ქვეპუნქტით,

სხვა სიახლეები