სიახლეები

საიამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც მიმოხილულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლის (სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში მონაწილეობის უფლების) იმპლემენტაციის მდგომარეობა საქართველოში.
ანგარიში წარდგენილია კომიტეტის ზედამხედველობის პროცედურის (follow-up procedure) ფარგლებში, რომლის მიზანიც არის შეფასდეს, რამდენად ასრულებს სახელმწიფო 2022 წელს კომიტეტის დასკვნით მოსაზრებებში1 გაცემული რეკომენდაციებიდან სამ საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. აღნიშნული საკითხები მოიცავს ანტიკორუფციულ ზომებს, COVID-19-ზე სახელმწიფოს პასუხს და და სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში მონაწილეობის უფლებას.2 ამ საკითხებიდან, საიას ანგარიში შეეხება მხოლოდ სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
2022 წელს, დასკვნით მოსაზრებებში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა უზრუნველეყო საზოგადოებრივ საქმეთა წარმართვაში მონაწილეობის უფლების სრულყოფილი განხორციელება, მათ შორის, ოპოზიციის პოლიტიკური კანდიდატებისთვის. ასევე, კომიტეტის რეკომენდაციით, სახელმწიფოს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა. ამ მიზნით, კომიტეტის მიხედვით, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო, საარჩევნო დარღვევების შესახებ ყველა ბრალდების დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება; საარჩევნო დაფინანსების გამჭვირვალობა, ეფექტიანი, დამოუკიდებელი მონიტორინგი და თანაბარი პირობების შექმნა საარჩევნო კამპანიისთვის; საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური წარმომადგენლობის დაბალანსებული განაწილება; პოლიტიკური პლურალიზმის გარემოს დამკვიდრება და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.3
კომიტეტის 2022 წლის რეკომენდაციების შემდეგ, სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში მონაწილეობის უფლების მდგომარება სწრაფად და მკვეთრად გაუარესდა.
საიას ანგარიში ყურადღებას ამახვილებს როგორც 2024 წლის არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობებზე, მათ შორის, ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე; ისე 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ირგვლივ შექმნილ შემზღუდველ გარემოზე.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ემიგრანტებისთვის აქტიური საარჩნენო უფლების შეზღუდვაზე და აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაქტის 25-ე მუხლი სახელმწიფოს პირდაპირ არ ავალდებულებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობის შექმნას, აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ შორის, საზრვარგარეთ ხმის მიცემის მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, შეზღუდვა დაუსაბუთებელი და თვითნებურია.
ანგარიში ასევე კრიტიკულად აფასებს პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვას და საზოგადოებრივი აქტიურობის წინააღმდეგ შექმნილ ბარიერებს, მათ შორის, პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით 2025 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, „პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის“ ბუნდოვანი და ფართო ცნების შემოღებასთან დაკავშიებულ ცვლილებებს და 2026 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პარტიის წევრობას კრძალავს პირისთვის, რომელმაც ე.წ. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ მიიღო შემოსავალი. ეს რეგულაციები, როგორც ცალკე აღებული, ისე ერთობლიობაში, ემსახურება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში, სრულფასოვანი მონაწილეობის შეზღუდვას და ამ მიზნით არსებითი დაბრკოლებების შექმნას.
ანგარიში ასევე შეშფოთებას გამოხატავს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა წარმოადგენს დარტყმას პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიისათვის და მიზნად პოლიტიკური კონკურენციის მოსპობას ისახავს. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნების ფონზე.
ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებების ზოგად მდგომარეობაზეც და აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მდგომარეობის გაუარესების უფრო ფართო კონტექსტის ფონზე ხდება.
სახელმწიფოს მიერ კომიტეტისთვის ანგარიშის წარდგენის ვადად 2025 წლის 28 ივლისი იყო განსაზღვრული. გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფოს ანგარიში კომიტეტმა 2025 წლის 23 ივლისს მიიღო.4 საიას ალტერნატიულ ანგარიშში მიმოხილულია როგორც 2025 წლის ივლისამდე, ისე ივლისის შემდეგ მოვლენები. საიას პოზიციით, ანგარიშში უფრო ახალი მოვლენების განხილვა აუცილებელია სახელმწიფო საქმეთა წარმართვაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვების უწყვეტი და მზარდი ხასიათიდან გამომდინარე. აღნიშნული მოვლენები, აგრეთვე, ცხადყოფს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების კუმულაციურ და მძიმე გავლენას პაქტის 25-ე მუხლით დაცული უფლებებით ეფექტიან სარგებლობაზე.
საიას ანგარიში იხილეთ ბმულზე
1 CCPR/C/GEO/CO/5, https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CCPR%2FC%2FGEO%2FCO%2F5&Lang=en,
2 იქვე, პარ. 12, 22, 50, 54.
3 იქვე, პარ. 50
4 CCPR/C/GEO/FCO/5, https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CCPR%2FC%2FGEO%2FFCO%2F5&Lang=en,
გააზიარე: