სიახლეები
საია მიმდინარე საარჩევნო პერიოდში ტრადიციულად აკვირდება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებას და ამ შემთხვევაში გამოიკვეთა პრობლემები რომელზეც წლებია ვსაუბრობთ, კერძოდ:
1. ბუნდოვანია წევრების შერჩევის კრიტერიუმები და გადაწყვეტილების მიმღებ კომისიის წევრთა მოტივაცია. არ ხდება მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება. კანდიდატთა შერჩევის პროცედურა ყოველგვარი დისკუსიის, კომისიის წევრებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე წარიმართება. არ ხდება ახსნა იმისა, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი კონკრეტულ კანდიდატს ან რატომ იყო „ა“ კანდიდატი უკეთესი „ბ“ კანდიდატთან მიმართებაში და რატომ სჯობდა „გ“ კანდიდატი „დ“ კანდიდატს.
2. ვერ იქმნება ობიექტური წინაპირობები საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური, დამოუკიდებელი და მაღალი ეთიკის მქონე პირების შესარჩევად. არ ხდება პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება და იმ უნარების გამოკვეთა გადაწყვეტილების მიღებისას, რაც კონკურსანტს სხვა კანდიდატებისგან გამოარჩევს. მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონკურსის ჩატარებისას პირადი გასაუბრების აუცილებლობა კომისიის წევრობის კანდიდატებთან. ზემდგომი საარჩევნო კომისიები ცესკო/საოლქო კომისიების თითოეული კანდიდატის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იღებენ.[1] გასაუბრების გარეშე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები ვერ უზრუნველყოფს კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას, რაც კონკურსის მიზანს წარმოადგენს.
3. წლებია საიას დამკვირვებლები აფიქსირებენ ისეთ ფაქტებს, როდესაც ზემდგომი საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით იმ პირებს ირჩევენ საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც წინა არჩევნებზე პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილნი საარჩევნო ადმინისტრაციაში. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის აკრძალვას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს, ჩვენი მოსაზრებით, ამგვარი პრაქტიკა ეჭვის ქვეშ აყენებს პროფესიული ნიშნით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არსს და უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც აპოლიტიკური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სანდო ადმინისტრაციული ორგანოს იმიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები არ წარმოადგენდა კანონის დარღვევას, მსგავსი ტენდენციის არსებობა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიზანს - პროფესიული ნიშნით საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისას საარჩევნო ადმინისტრაცია დააკომპლექტოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური წევრებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ:
გრძელვადიან პერსპექტივაში - უნდა განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა. უნდა გადაიხედოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი ყველა დონეზე. საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით. ამასთან, უნდა შემცირდეს კომისიის წევრთა რაოდენობა და შემოღებულ უნდა იქნეს ორი დონის, განსხვავებული სირთულის ტესტირება საუბნო და ზემდგომი კომისიის წევრობის მსურველთათვის.
რეფორმის განხორციელებამდე - იმისათვის, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მოიხსნას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კუთხით არსებული კითხვის ნიშნები, მიგვაჩნია, რომ:
- უნდა გაუმჯობესდეს კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა;
- უნდა დაიხვეწოს საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის პირობები;
- უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმი იმისთვის, რათა მოხდეს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა;
- უნდა მოხდეს კონკურსის ჩატარების წესის პროცედურის დეტალურად გაწერა კონკურსის თითოეული ეტაპის მიხედვით;
- უნდა დადგინდეს კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება;
- შემოღებულ უნდა იქნეს მეტი კრიტერიუმი, ვიდრე ეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის არსებობა ან თუნდაც საარჩევნო გამოცდილების ქონაა;
- სავალდებულო ეტაპად უნდა განისაზღვროს გასაუბრების ეტაპი;
- უნდა დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეთა შეფასების ფორმა;
- უნდა გაიზარდოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შესარჩევად დადგენილი ვადა;
- საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის თაობაზე ინფორმაციის ფართო მასებისთვის დროული ინფორმირება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება.
საია აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე.
ანგარიში იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში
[1] კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველო ქმედუნარიან მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას, აქვთ უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-20 მუხლის მე-11 და მე-17 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
გააზიარე: