სიახლეები

საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება (Amicus curiae) ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ.
საიას სასამართლო მეგობრის პოზიცია მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით; პატიმრობასთან, როგორც, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა საიას სასამართლო მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე; ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, შეფასება; აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა; პირის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:
პატიმრობა, ანუ თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა, ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა1, ამიტომ აღნიშნული სასამართლომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იყოს აცილებული: (1) ბრალდებულის მიმალვა და მისი მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლა; (2) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლა; (3) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.2 საიას სასამართლო მონიტორინგის შედეგები წლებია აჩვენებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ყოველთვის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში არ ხდება. მაღალია პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი და დაუსაბუთებელი შემთხვევები.3
საიას შეფასებით, სასამართლოში პირველი წარდგენის ეტაპზევე ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია.4 პროკურატურა მიუთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე. საიას შეფასებით, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად მანდატურები არიან, ხოლო მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში. ამასთან, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია მიმდინარეობდა.
საია წლებია აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთებისას ბრალდების მხარე საუბრობს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე, მისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლით, მაშინაც კი, როცა სხდომაზე საჯაროდ გაცხადებული მონაცემებით, ბრალდებულის წინარე გამოცდილება არ იძლევა ამგვარი ვარაუდის საფუძველს. პროკურატურის ზემოხსენებული მანკიერი პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ექპერტიზის დანიშვნის საფუძველი არა ბრალდებულის შერაცხადობის დადგენა ან ჯანმრთელობის და ღირსების დაცვაა, არამედ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ეტაპზე სასამართლოსთვის შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე აპელირებაა. მართალია აღნიშნული არ არის პირის პატიმრობაში დატოვების საფუძველი, თუმცა სასამართლოს წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, ხშირად გვხდება ამგვარი გადაწყვეტილებები არგუმენტაციაში.
გაუგებარია, პროკურორმა, შესაბამისი პროფესიული ცოდნის არმქონე პირმა, რაზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დასადგენად მნიშვნელოვანი იყო სტაციონარული ექპერტიზის ჩატარება, მით უფრო, რომ მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში მინიმალური სტანდარტითაც კი არ არის დასაბუთებული რატომ ვერ მოხდებოდა მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი გზით. პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება არა ახალ გარემოებას ან ბრალდებულის ქცევით გამოვლენილ რაიმე საფრთხეს, არამედ თავად დაცვის მხარის მიერ ბრალდებულის პირველი წარდგენის პროცესზე დართულ ჯანმრთელობის ცნობას. შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის სტანდარტებს, რაც არღვევს თავისუფლების უფლების კონვენციურ სტანდარტებს და ქმნის თვითნებური ჩარევის რისკს.5 თანაც, პროკურორის შუამდგომლობა აჩენს იმის აღქმას, რომ პროკურატურას იმთავითვე ჰქონდა მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოლოდინი და აღნიშნულის გამო არ გაუწევია ზედმეტი ძალისხმევა წარდგენილი შუამდგომლობის დასასაბუთებლად.
ამასთანავე, საგანგაშოა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიერ გამოტანილი განჩინების დაუსაბუთებლობის ხარისხიც. მეტიც, საგანგაშოა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომელიც ესოდენ იჭრება ბრალდებულის უფლებებში, მაშინ, როდესაც მისთვის პროკურატურას არ წარუდგენია არანირი მტკიცებულება შესაძლო დანაშაულის ჩადენის პერიოდთან ახლოს პერიოდში ან ახლა ნინო დათაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ, დააფუძნა 2019 წელს გაცემულ ე.წ. ფორმა 100-ს.
პირის ექსპერტიზაზე იძულებით მოთავსებამდე სამართალწარმოება უნდა ითვალისწინებდეს თვითნებობის წინააღმდეგ ეფექტიან გარანტიებს.6 პირის უშუალო მონაწილეობა სასამართლო პროცესში ან ადვოკატის მიერ მისი ინტერესების წარმომადგენლობა თვითნებობის თავიდან აცილების ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი გარანტიაა.7 დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებული არ იყო ინფორმირებული პროკურორის შუამდგომლობის შესახებ, ხოლო ადვოკატმა აღნიშნულის შესახებ შეიტყო პროცესამდე 40 წუთით ადრე. ამ დროში ადვოკატმა ვერ შეძლო პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა და მისი ინფორმირება ბრალდების მხარის შუამდგომლობის შესახებ. ადვოკატსა და ბრალდებულს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ერთად დაეგეგმათ სტრატეგია. ამგვარად, დაირღვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების სამართალწარმოების პროცესში ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტია – თვითნებობის თავიდან აცილების ეფექტიანი მექანიზმი, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, ფაქტი, რომ სასამართლოს ამ აქტის გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას დამატებით შეიძლება მიუთითებდეს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების არქონაზე.
ბრალდების მხარის თანახმად, 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავს დაესხა სასამართლოს მანდატურს, რის გამოც მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353² მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული ნორმა სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. 21 ივნისს სასამართლომ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 31 ივლისს თბილისის პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ შუამდგომლობით.
პარალელურად საყურადღებოა ნინო დათაშვილის განცხადება, რომელიც, მიუთითებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. სასამართლოში მანდატურების მხრიდან მიმდინარე ძალადობაზე მიუთითებდნენ სხვა მოქალაქეებიც.8 საიასთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რაიმე სახის შიდა მოკვლევა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სასამართლოში მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე.
1 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ამბრუსკიევიჩი პოლონეთის წინააღმდეგ“, Ambruszkiewicz v. POLAND, Application no. 38797/03, 04.05.2006, § 31.
2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 198.3 საქართველოს უზენაესი სასამართლო, მონაცემები აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, იხ: http://www.supremecourt.ge/statistics/ [05.08.2025].
4 საია, ნინო დათაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, 21.06.2025, იხ: https://gyla.ge/post/nino-davitashvili-gyla-gancxadeba [05.08.2025].
5 შდრ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ტრუტკო რუსეთის წინააღმდეგ“, Trutko v. Russia, Application no. 40979/04, 02.05.2013, § 54.
6 შდრ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “M.S. ხორვატიის წინააღმდეგ (no.2))”, M.S. v. Croatia (no. 2), Application no. 75450/12,19.02.2015, § 147.
7 შდრ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “ბეირე ლატვიის წინააღმდეგ“, Beiere v. Latvia, Application no. 30954/05, 29.11.2011, § 52.
8 ნეტგაზეთის ფეისქბუქ-გვერდი, სასამართლოში არაერთმა მოქალაქემ მიიღო დაზიანება მას შემდეგ, რაც ისინი ძალის გამოყენებით გამოყარეს შენობიდან, 12.06.2025, იხ: https://www.facebook.com/netgazeti/videos/1059980326082349 [05.08.2025]. მაგალითად, ნათია ჩიქოვანის შემთხვევა. მის მიერ გამოქვეყნებული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, მას აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის ზედაპრული ტრავმა, წვივის ზედაპირული ტრავმა, ხრის სარტყლისა და მხრის ზედაპირის ტრავმა, სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი მოლურჯო-იისფერი ჰემატომები და სისხლჩაქცვები. აღნიშნულზე საუბრობენ ჟურნალისტებიც, თუმცა ამ საქმეებზე არათუ პასუხისგებაში მიუციათ ვინმე, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული. ამგვარი მიდგომები ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიუთითებს - სასამართლოს მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად 30-მდე სისხლჩაქცევა მაქვს - მოქალაქე, ნეტგაზეთი, 14.06.2025, იხ: https://netgazeti.ge/news/776905/ [05.08.2025].
გააზიარე: