GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 ივნისი, 202522:15

2025 წლის 21 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ნინო დათაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის  3532-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. სხვა რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული მუხლი 2025 წლის 6 თებერვალის ცვლილებებით დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს. 


პროკურატურა ნინო დათაშვილს 2025 წლის 09 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში მომხდარ შემთხვევას ედავება, რასთან დაკავშირებით დაკავებულიც აცხადებს პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე თავად საპატრულო პოლიციაც გამოიძახა, თუმცა მის მიმართვას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 


სასამართლო სხდომაზე პროკურატურა უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე. საიას შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება არ უნდა იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული გარემოებებით. ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლოსობა თავად მანდატურები არიან, ასევე მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში. ამასთან,  ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს.


მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა ალტერნატიულ სასჯელს - ჯარიმასაც ითვალისწინებს. ბრალდებულს ჰყავს შვილი და აქვს მასზე ზრუნვის ვალდებულებები, ასევე დაცვის მხარემ ისაუბრა  ბრალდებულის ჯანმრთელობის პრობლემაზეც.  


აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიმართული არ უნდა იყოს ბრალდებულის დასჯისკენ. სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა,  უნდა იმსჯელოს  ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერცერთი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, საგამონაკლისოდ, გამოიყენოს პატიმრობა.


თავისუფლების უფლება გულისხმობს, რომ პატიმრობა - თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა - ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, „პირის დაკავება იმდენად მკაცრი ღონისძიებაა, რომ მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება მიიჩნევა არასაკმარისად ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად”. 1 ამდენად, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად. 2


გარკვეული საფრთხეების განეიტრალების მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. დამატებითი ვალდებულებების გამოყენებასაც. 3 კერძოდ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.


ამრიგად, დამატებითი ვალდებულებების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მოსამართლეს შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი სხვა დამატებითი ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დამატებითი ღონისძიებების ნუსხაში. მოსამართლეს უფლება აქვს, დამატებითი ღონისძიებები გამოიყენოს მხოლოდ აღკვეთის ძირითად ღონისძიებასთან ერთად და არა – მისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ღონისძიებებს აქვს დამატებითი ფუნქცია და მათი მიზანია, აღკვეთის ძირითად ღონისძიებებთან ერთად, საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა. 4


სწორედ ამგვარი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა დაცვის მხარე გირაოსთან ერთად, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. აქტივისტების მიმართ განხორციელებული ტოტალური კონტროლის პირობებში წარმოუდგენელია სახელმწიფოს მხრიდან იმის უაპელაციოდ გაცხადება, რომ პატიმრობაა ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქალი ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია. 


ამასთან საყურადღებოა ნინო დათაშვილის განცხადება, რომელიც, ასევე, მიუთითებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა, თუმცა აღნიშნულს არანაირი რეგირება არ მოჰყოლია. 


საიასთვის უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება ან რაიმე სახის შიდა მოკვლევა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბოლო პერიოდში აქციების კონტექსტში დაკავებული დემონსტრანტების პროცესებზე დასწრების მიზნებისთვის სასამართლოში მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ  ძალადობრივ ფაქტებზე, ვინაიდან, სასამართლოში მანდატურების მხრიდან მიმდინარე ძალადობაზე მიუთითებდნენ სხვა მოქალაქეებიც.5 აღნიშნულზე საუბრობენ ჟურნალისტებიც. ამგვარი მიდგომები  ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიუთითებს. 

ამასთან დაკავშირებით, დამატებით, საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ საილუსტრაციო საკითხზეც, მაგალითად, დღეს, 21 ივნისს, ტვ პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ქუთათელაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 60 000 ლარის ოდენობით. 6 მართალია ყველა სისხლის სამართლის საქმე ინდივიდუალურია და სასამართლომ ყველა საქმეში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს, მაგრამ ბოლო პერიოდებში 50-მდე აქტივისტის მიმართ სხვადასხვა მოსამართლემ, მათ შორის, ნანა შამათავამაც ყველა ჯერზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. 


საია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ონლაინმედიებთან დაკავშირებით სასამართლოს დამოკიდებულებაზე. გაუგებარია, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ რატომ არ მისცა ონლაინგამოცემების წარმომადგენელს ფოტოგადაღების უფლება. სასამართლოში განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ მედიის წარმომადგენლებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება, მაგალითად ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ჟურნალისტს, საიას მონიტორის დაკვირვებთ, არაერთხელ მიუმართავს სასამართლოსთვის, რომ მისთვისაც, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მიეცათ უფლება დინამიკთან ახლოს დაედო მიკროფონი, თუმცა აღნიშნული თხოვნა ყველა ჯერზე უგულვებელყო სასამართლომ და ჟურნალისტს უწევს ხანგრძლივ პროცესებზე ხელში ეჭიროს მიკროფონი და ისე განახორციელოს პროფესიული მოვალეობა. გაუგებარია, რიგი მოსამართლეების მხრიდან სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი ღირსების შემლახავი დამოკიდებულება. მით უფრო, იმის გთვალისწინებით, რომ ჟურნალისტები ორიენტირებული არიან საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. 


საია დააკვირდება ნინო დათაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესებს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.


ფოტო: პალიტრა 

1 ECtHR, ამბრუსკიევიჩი პოლონეთის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება, პარ. 31.

2 HRC-ის კომენტარი 35, პარ. 38; CCPR, სმანტსერი ბელარუსის წინააღმდეგ, პარ. 10.3.

3 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 199 (2).


5 სასამართლოში არაერთმა მოქალაქემ მიიღო დაზიანება მას შემდეგ, რაც ისინი ძალის გამოყენებით გამოყარეს შენობიდან, ნეტგაზეთის ფეისქბუქ-გვერდი,12.06.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/netgazeti/videos/1059980326082349იხ. მაგალითად, ნათია ჩიქოვანის შემთხვევა.  მის მიერ გამოქვეყნებული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, მას აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრისა და ბარძაყის ზედაპრული ტრავმა, წვივის ზედაპირული ტრავმა, ხრის სარტყლისა და მხრის ზედაპირის ტრავმა, სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი მოლურჯო-იისფერი ჰემატომები და სისხლჩაქცვები.  აღნიშნულზე საუბრობენ ჟურნალისტებიც, თუმცა ამ საქმეებზე არათუ პასუხისგებაში მიუციათ ვინმე, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული. ამგვარი მიდგომები  ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიუთითებს - სასამართლოს მანდატურების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად 30-მდე სისხლჩაქცევა მაქვს - მოქალაქე, ნეტგაზეთი, 14.06.2025, ხელმისაწვდომია:  https://netgazeti.ge/news/776905/, [21.06.2025].


6 ქართული ოცნების მაღალჩინოსანი შვილის თანატოლს ჩაუსაფრდა და ესროლა | ბრალდებული გირაოთი გაუშვეს   ხემისაწვდომია: mailto:https://youtu.be/U0G9c90vfDo?si=O_wWYTb9mZ-YI92l


სხვა სიახლეები