GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 ივლისი, 202511:33

2025 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა გიორგი ტერიშვილის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის  მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე 1 მორიგი სასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2 გიორგი ტერიშვილი გააძევა სხდომის დარბაზიდან. კერძოდ, მოწმე გიორგი ჩხეიძის დაკითხვის მიმდინარეობისას, ანდრო ჭიჭინაძემ მოწმეს დაუსვა კითხვა „[...] ფხიზელი ხართ? [...]“ 3, რასაც მოჰყვა ჩოჩქოლი. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გააფრთხილა დარბაზი და ბრალდებულები. ამის შედეგ გიორგი ტერიშვილმა მოწმეს მიმართა  სიტყვებით „[...]გონორზე ხარ [...]“, რის შემდეგაც მოსამართლემ ტერიშვილი დარბაზიდან გააძევა, ხოლო საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა მას ძალით დაატოვებინეს დარბაზი.

მართალია, მოსამართლემ წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით გააკეთა გაფრთხილება, თუმცა გიორგი ტერიშვილის მხრიდან წარმოთქმული მცირე რეპლიკები არ იყო ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი,  ძალადობრივი, სხდომის დარბაზში უხეშად არ არღვევდა წესრიგს, არ ავლენდა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას. მეტიც  ბრალდებულის რეპლიკა შესაძლოა მივიჩნიოთ მისი მხრიდან მოწმის მიერ გადმოცემულ ინფორმაციაზე პოზიციის დაფიქსირებად, რასაც თან ახლდა მცირედი ემოციური ფონი, ამასთან საყურადღებოა, რომ გაფრთხილებიდან გაძევება იმდენად მცირე დროში მოხდა, რომ ბრალდებულმა, მით უფრო, აღელვების ფონზე, შესაძლოა ვერც გაიაზრა იმ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის დადგომის რისკი, რაზეც მოსამართლე მიუთითებდა.


საიას შეფასებით, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გიორგი ტერიშვილის გაძევება არ იყო ბრალდებულის ქმედების პროპორციული.


ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებაში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით − სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა, მონაწილეობა მიიღოს .ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.4


ბრალდებულის უფლება, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აღიარებულ  ფუნდამენტურ უფლებას. აღნიშნული უფლება არ არის ფორმალური — იგი ქმნის დაცვის ეფექტიანად განხორციელების საფუძველს და პირდაპირ უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.


პროცესში უშუალო მონაწილეობა ბრალდებულს  საშუალებას აძლევს რეალურ დროში გაეცნოს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, თავად დაუსვას მოწმეებს კითხვები და დააყენოს დაცვის უფლების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები.


ამასთან, საქმესთან დაკავშირებული  ცალკეული გარემოებების არსებობასა და შინაარსზე ინფორმირებული შეიძლება იყოს მხოლოდ ბრალდებული — როგორც პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა ან განახორციელა ან არ განუხორციელებია კონკრეტული მოქმედება, და რომელსაც აქვს უნიკალური პერსპექტივა ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას. აღნიშნული ცოდნა წარმოადგენს მისი პირადი ცნობიერებით მიღებულ ინფორმაციას, რომლის სასამართლოსთვის გადმოცემაც ვერ მოხდება მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე.


ამრიგად, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა  არის დაცვის უფლების განუყოფელი ნაწილი, ხოლო მისი არყოფნა არღვევს არა მხოლოდ ბრალდებულის უფლებებს, არამედ ზღუდავს ადვოკატის შესაძლებლობას, სრულყოფილად გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, ართულებს რეალურ დროში სტრატეგიის შეთანხმებას, ართულებს და ამცირებს ბრალდებულთან ეფექტიან კომუნიკაციას, ადვოკატს ართმევს შესაძლებლობას ბრალდებულთან დაუყოვნებლად გადაამოწმოს ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, ბრალდებულის  სასამართლო დარბაზში ფიზიკური ყოფნა სასამართლო პროცესზე ადვოკატისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი ამყარებს ადვოკატის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, ვინაიდან ბრალდებულის უშუალო თანხმობა და აქტიური მონაწილეობა აძლიერებს მის მიერ გაჟღერებულ  სამართლებრივ არგუმენტებს. ბრალდებულის რეაქციები და განმარტებები პროცესში ქმნიან ერთიან, მყარი დაცვის სტრატეგიას, რომელიც ნათლად გამოხატავს ბრალდებულის ნებას და პოზიციას. სასამართლოს აღქმისთვის კი დაცვის პოზიცია არა მხოლოდ ფორმალური იურიდიული არგუმენტია, არამედ ბრალდებულის ჩართულობის გამოხატულებაცაა, რაც ზრდის პოზიციის სანდოობასა და სასამართლოზე პოზიცური გავლენის შესაძლებლობას. შედეგად, ბრალდებულის ფიზიკური ყოფნა პროცესში მნიშვნელოვნად ამაღლებს დაცვის ეფექტიანობას და წარმოშობს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების წინაპირობებს.  ამდენად, ბრალდებულის პროცესდან გამოთიშვა არღვევს   მის  უფლებებს და ზღუდავს ადვოკატის შესაძლებლობებს, რეალურ დროში სრულფასოვნად დაიცვას თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები.


მოსამართლემ ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეაფასოს დარღვევის სიძლიერე და ხასიათი, რამდენჯერ და როგორ გაფრთხილდა ბრალდებული წესრიგის დაცვის აუცილებლობაზე, და განიხილოს ალტერნატიული, ნაკლებად მკაცრი ზომების გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ასევე შეფასდეს, როგორ აისახება გაძევება ბრალდებულის დაცვის უფლებებზე და პროცესში აქტიურ მონაწილეობაზე, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მისი შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს პროპორციული, აუცილებელი და ბრალდებულის უფლებების და სამართლიანი სასამართლოს პრინციპისთვის მინიმალური ზიანის მომტანი.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნინო გალუსტაშვილმა სხდომის დარბაზიდან ასევე გააძევა და არ მისცა სხდომაზე დაბრუნების უფლება რევაზ კიკნაძეს.  5


საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომიდან გაძევებული პირი სხდომაზე დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობასაც მოკლებულია, უშუალო მონაწილეობის აღნიშნული ალტერნატიული მექანიზმის არქონა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს სასამართლოს ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან გაძევებამდე შეაფასოს მის გადაწყვეტილების  პროპორციულობა. 


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს აქტივისტების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეეზე მიმდინარე სასამართლო სხდომების მონიტორინგს.



1 ხსენებულ პირებს  საქართველოს პროკურატურა  ბრალს სდებს საქართველოს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩადენაში.

2 ნინო გალუსტაშვილი 2024 წლის 26 დეკემბერს 3 წლის ვადით გამწესდა მოსამართლედ , იხ. https://shorturl.at/ivvnK, ამავე თარიღიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე https://tcc.court.ge/Justice/Details/1616


3 რადიო თავისუფლების facebook გვერდი ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/photo?fbid=1222152043282731&set=a.576849084479700. განახლებულია:22.07.2025.

 სსსკ მუხლი 38. 242


4 მოსამართლემ რევაზ კიკნაძის სხდომაზე დაშვების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, პუბლიკაცს Facebook გვედი: ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/share/p/15gjddWXyu/. განახლებულია: 22.07.2025.

სხვა სიახლეები