სიახლეები

2026 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე1 სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ამავე სხდომის თავმჯდომარე თამარ მახარობლიძე დარბაზიდან გააძევა ადვოკატი.
ადვოკატის გაძევებას წინ უძღვოდა ის, რომ სხდომაზე მიმდინარეობდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტის დაკითხვა. დაცვის მხარის განცხადებით, ექსპერტის კვალიფიკაციასა და მის მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული კითხვების დასმის შესაძლებლობა შეიზღუდა, ხოლო ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის და შოთა კახიძის მხრიდან განმარტების მოთხოვნას და პოზიციის დაფიქსირებას მოჰყვა ადვოკატის გაძევება.2 ადვოკატი სხდომიდან მოსამართლე თამარ მახარობლიძე გააძევა, რომელიც ერთ-ერთია იმ მოსამართლეთაგან, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს შეუზღუდა დარბაზიდან სატელევიზიო ჩართვის მიზნებით გასვლა შემდგომში დაბრუნების მიზნით.3
საქართველოში დაცვის უფლება გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, თუმცა დაცვის უფლების განხორციელების ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს მხოლოდ ფორმალურად, აღნიშნული უფლების კანონმდებლობაში მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ, ყველა ასეთი უფლება, პრაქტიკული და ეფექტიანი უნდა იყოს, და არა თეორიული და ილუზორული. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის დაკითხვაში დაცვის მხარის ეფექტიანი მონაწილეობა არის დაცვის უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. მოწმის დაკითხვის დროს ბრალდებულის ან/და ადვოკატის გაუმართლებელი ან არაპროპორციული შეზღუდვა პირდაპირ ეწინააღმდეგება დაცვის უფლების პრაქტიკული და ეფექტიანი განხორციელების პრინციპს. იმის გათვალისიწინებით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში ექსპეტრიზის დასკვნები ხშირად იკავებს საკვანძო ადგილს, ბუნებრივია, რომ აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევა დაცვის მხარის მიერ ექვემდებარება მკაცრ შემოწმებას.
დაცვის მხარის კითხვების დაუსაბუთებლად განრიდება და ამ ფორმით ადვოკატის შეზღუდვამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებაზე, რაც დაუშვებელია. ამასთან, მოსამართლე ვალდებულია, დაასაბუთოს კითხვის განრიდების გადაწყვეტილება. სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლის როლი არის არა დაცვის შეზღუდვა, არამედ პროცესის იმგვარად მართვა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს ლეგიტიმური, აუცილებელი და პროპორციული. თუ მოსამართლე აკმაყოფილებს კითხვის განრიდების შუამდგომლობას, მან უნდა მიუთითოს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი (მაგალითად არარელევანტურობა, დამაზიანებელი/დამამცირებელი ხასიათი, სუბიექტური შეფასება, მოწმის დაცვის საჭიროება და ა.შ.), განმარტოს, რატომ არის კითხვა დაუშვებელი ან შეუსაბამო, დაცვის მხარის და დამსწრეთათვის ნათელი გახადოს, რომ კითხვის განრიდების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პროპორციულობის შეფასების შედეგად.
ადვოკატის (დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევება მის მიერ ექსპერტის კვალიფიკაციისა და მეთოდოლოგიის კრიტიკული გამოკვლევის პროცესში დასმული კითხვების შემდეგ, იმ პირობებში, როცა, მისივე განმარტებით, ის ვერ ისმენს სასამართლოს მხრიდან კითხვის განრიდების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, შესაძლოა, შეფასდეს ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერ ჩარევად. ასევე, სხვა ადვოკატის მხრიდან ეს შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც მინიშნება, რომ აქტიური და პრინციპული დაცვა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ასეთი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ, კონკრეტული საქმის სამართლიან განხილვას, არამედ მთლიანად ადვოკატის ინსტიტუციურ როლსა და მისი დამოუკიდებლობის აღქმას სამართალწარმოებაში.
მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესის საკვანძო პრინციპია, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეები სარგებლობენ თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობებით - წარადგინონ მტკიცებულებები, დასვან შეკითხვები და დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია დამოუკიდებლად, ხოლო მოსამართლემ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოიცავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული და რეალური შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც არსებითად არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში. ეს უფლებები უნდა იყოს პრაქტიკული და ეფექტიანი და არა მხოლოდ ფორმალურად უზრუნველყოფილი. თანასწორობის და შეჯიბრობითობის, აგრეთვე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვისთვის მნიშვნელოვანია დაცვის მხარემ ყველა ჯერზე მოისმინოს კანონიერი, რელევანტური და დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიერ დასმული კითხვების განრიდებასთან მიმართებაში.
ადვოკატის სასამართლო სხდომიდან გაძევება არის უკიდურესი ზომა და უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო, პროპორციულ და დასაბუთებულ საფუძველს. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც იგი უხეშად არღვევს სამართლებრივ ან ეთიკურ ნორმებს. დაუშვებელია, დაცვის უფლებას კანონისა და პროფესიული ეთიკის შესაბამისად დასმული კითხვების და დაფიქსირებული პოზიციების გამო, ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემა ან/და გაძევება. ასეთი გადაწყვეტილებები ზრდის მოსამართლეთა თვითნებობის რისკს და აზიანებს ადვოკატის საქმიანობის ეფექტიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს დაცვის უფლების უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასამართლო და ადამიანის უფლებების გარემოს მონიტორინგის ფარგლებში, არაერთ გამოწვევას დააკვირდა 2025 წლის განმავლობაშიც, რომლებიც ადვოკატის პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეხებოდა.4 მათ შორის ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებულ 8 პირს.5 კერძოდ, სასამართლო პროცესზე არ იყო უზრუნველყოფილი საქმის ზეპირი განხილვისთვის საჭირო ლოჯისტიკური გარანტიები. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, ნაცვლად იმისა, გადაეტანა სხდომა შედარებით დიდ დარბაზში, ადვოკატებისა და ბრალდებულების მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემდეგ დარბაზის დატოვების საპასუხოდ, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩართო, რითაც ბრალდებულები დააყენა არჩევანის წინაშე: სასამართლო დარბაზში წარმოდგენილი ყოფილიყო მათი ადვოკატი (მიუხედავად ზემოაღნიშნული კომუნიკაციური გამოწვევებისა); ან, მათ ინტერესებს სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავდა, რომელთანაც მანამდე მათ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. საიამ მიიჩნია, რომ ასეთი მიდგომა სასამართლოს მხრიდან იყო ბრალდებულის უფლების განზრახი უგულვებელყოფა, დაცული ყოფილიყო მის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ. მიგვაჩნია, რომ მომავალშიც სასამართლომ არ უნდა მიმართოს მსგავს თვითნებურ და კანონშეუსაბამო პრაქტიკას.6
საია, როგორც უფლებადაცვითი და მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადვოკატებისთვის პროფესიული მოვალეობის ხელშეშლა არის ადამიანის უფლებების კრიზისის საგანგაშო განზომილება და მოუწოდებს მართლმსაჯულების სისტემის ყველა რგოლს, არ დაარღვიონ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გარანტიები.
1 აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 13-პირიანია და ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.
2 თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი გაიმართა, პუბლიკა, 11.02.2026, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/1CQPgSBwkD/ . განახლებულია: 12.02.2026
3 თამარ მახარობლიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეთაგან, რომელიც ჟურნალისტებს ჩართვის შემდეგ სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობას არ აძლევს, პუბლიკა, 17.12.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/v/16YSzDo4jA/ .განახლებულია: 12.02.2026 საყურადღებოა, რომ მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული საქმის განხილვისას, გარდა იმისა, რომ აღნიშნული საქმეები მრავალპირიანია და ყველა დამსწრეს არ ეძლევა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა, წარდგენილი ბრალიდან გამომდინარე, მათ მიმართ არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესიც. სასამართლოში საჯაროობის პრინციპის შემზღუდველი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტად აზიანებს აღნიშნულ პრინციპს, ზღუდავს მედიის საქმიანობას და მოქალაქეებს არ აძლევს შესაძლებლობას თანმდევ რეჟიმში მიიღონ სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას.
4 საია ეხმიანება ადვოკატთა პროფესიულ დღეს და ადვოკატების წინაშე არსებულ გამოწვევებს აფასებს, საია, 08.11.2025, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/gyla-advokatta-dge
5 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა, საია, 11. 01.2025, ხელმისაწვდომია: https://www.gyla.ge/post/agkvetis-gadasnijvis-skhdoma-ukehsi-darghvevit-warimarta.
6 აღსანიშნავია ისიც, რომ, აღნიშნული ფაქტის შემდეგ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2025 წლის 17 იანვარს კერძო განჩინებით მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვა ადვოკატებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - და კომისიამ მნიშვნელოვანი განმარტება: [[„საპროცესო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადვოკატების ქცევა ვერ გახდება მათი დისციპლინირების საფუძველი, ვინაიდან ადვოკატები მოქმედებდნენ კლიენტების ინტერესების დასაცავად. მაშინ, როდესაც, საქმის სამართლიანი განხილვა განსაზღვრავს გადაწყვეტილებას, ადვოკატების განცხადებები და შუამდგომლობები მიემართებოდა საქმის სამართლიანი განხილვის მნიშვნელობას, მოპასუხე ადვოკატების პროფესიული ვალდებულება იყო კლიენტების პოზიციების დაფიქსირება, რაც გამომდინარებდა კანონმდებლობიდან და პროფესიული ეთიკის დაცვით ხორციელდებოდა. შესაბამისად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადვოკატთა მოქმედებები პასუხობდა პროფესიული ქცევის ეთიკურ სტანდარტებს და არ არსებობდა მოპასუხე ადვოკატების მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველი“]].
გააზიარე: