GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

28 მაისი, 202612:22

საია ეხმიანება გორში პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული არასათანადო მოპყრობის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის [წამების აკრძალვა] გაგებით) ფაქტს. დღეს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ  პროკურატურამ ზემოთ ხსენებული დანაშაულის ფაქტზე ექვსი პოლიციელი დააკავა, ამავე განცხადებით ირკვევა, რომ  მათ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების  კვალიფიკაციით წარედგინებათ  ბრალი. 


პოლიციელების მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი არასათანადო მოპყრობა დაუსჯელობით წახალისებული სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გამოვლენილი სისტემური ძალადობრივი შემთხვევების კიდევ ერთი მაგალითია.


წარსულში არაერთხელ გვინახავს ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობაში, წამებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში მოქმედებით, თუ უმოქმედობით მონაწილე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. საზოგადოების მღელვარების გადასაფარად პროკურატურის მხრიდან ასეთ შემთხვევებში მანკიერ ტრადიციად იქცა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის მიცემა. ძალადობის სხვა მონაწილე პირები ან ისინი, ვისაც მათი კოლეგების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე კანონის შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია, როგორც წესი, კვლავ აგრძელებენ სამართალდამცავ უწყებებში საქმიანობას. მსგავსი ტიპის მოჩვენებითი რეაგირება კი ამკვიდრებს და ახალისებს სამართალდამცავ უწყებებში სისტემურ ძალადობას. ამასთან, საია წლებია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით.  პროკურატურის  მხრიდან ჯგუფურად  ჩადენილი არასათანადო მოპყრობის  არასწორი კვალიფიკაციით შეფასება მნიშვნელოვნად აზიანებს მართლმსაჯულების პროცესს. როდესაც ასეთი ქმედება მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ფასდება, დანაშაულის რეალური სიმძიმე ხელოვნურად მცირდება და იკარგება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სპეციფიკური კონტექსტი.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მკაცრად აკრიტიკებს მიდგომას, როდესაც პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამება ან არასათანადო მოპყრობა ფორმალურად კვალიფიცირდება, როგორც მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ევროსასამართლოს განმარტებით, არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია პირდაპირ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურულ ვალდებულებას, რადგან ის ფარავს დანაშაულის რეალურ, დამამცირებელ ან არაადამიანურ ბუნებას. ძალადობრივი დანაშაულის რეალური სიმძიმის შენიღბვა და უფრო მსუბუქი მუხლების გამოყენება იწვევს არაადეკვატურად რბილი სასჯელის დაკისრებას, რაც დაუსჯელობის სინდრომს აყალიბებს. შეგნებულად არასწორი კვალიფიკაციის არჩევით, საგამოძიებო უწყებები ფაქტობრივად მფარველობენ მოძალადე სამართალდამცავებს და თავს არიდებენ, რომ მათ დაეკისროთ ადეკვატური სასჯელი. სასტიკი ფიზიკური ძალადობის ფაქტების ფორმალურად „სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების“ ჩარჩოში მოქცევა არის სისტემის მხრიდან პოლიციელების დანდობის მცდელობა, რაც ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ილუზიას ქმნის და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას პირდაპირ ეწინააღმდეგება.


შედეგად, გამოძიება აღარ არის ორიენტირებული ძალადობის სისტემურ ბუნებაზე. ამასთან, განსაკუთრებით ზიანდება დაზარალებულის ინტერესები. სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართულად ხდება მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გაუფასურება, რაც აძლიერებს უსამართლობის განცდას და ამცირებს გამოძიებისა მიმართი ისედაც შელახულ  ნდობას.


ასეთი პრაქტიკა სამართალდამცავ სისტემაში ქმნის სახიფათო ინსტიტუციურ გზავნილს, რომ პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაც კი შესაძლოა შედარებით მსუბუქი სამართლებრივი შეფასების ფარგლებში მოექცეს და სახელმწიფომ მასზე სრულად ადეკვატური რეაგირება არ მოახდინოს. როდესაც  წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები არასათანადო კვალიფიკაციით ფასდება, სუსტდება კანონის პრევენციული და შემაკავებელი ფუნქცია, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებში ყალიბდება განცდა, რომ სისტემა უფრო მეტად უწყების ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული, ვიდრე ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვასა და დამრღვევ პირთა სრულ პასუხისმგებლობაზე. ეს ქმნის რისკს, რომ ძალადობრივი პრაქტიკა აღქმული იყოს არა როგორც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა, არამედ როგორც პროფესიული გადაცდომა, რაც სამართალდამცავ უწყებებში საბოლოოდ ამყარებს დაუსჯელობის სინდრომს და ახალისებს სისტემურ ძალადობას.


ამასთან საყურადღებოა, რომ თითქმის არასდროს მსგავსი ტიპის შემთხვევებს თან არ სდევს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის განმსაზღვრელი, ხელმძღვანელი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხგებლობა. 


დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაღალია დანაშაულში მონაწილე პოლიციელების მხრიდან მტკიცებულების განადგურებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ვარაუდი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტების თანახმად, არასათანადო მოპყრობაში სავარაუდო მონაწილე სახელმწიფო მოხელეებს დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიების პერიოდში პოლიციელების თანამდებობაზე დატოვება აფერხებს ობიექტურ პროცესს და არღვევს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. ამასთანავე, პოლიციელთა უფლებამოსილების დროული შეჩერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მიმართ ტოლერანტობის ეჭვის გასაქარწყლებლად. წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ბრალდებული პირები გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე აუცილებლად უნდა ჩამოშორდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს. აღნიშნულ მიდგომას მხარს უჭერს, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და სახელმწიფოებს მოუწოდებს, პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, გამოძიების განმავლობაში უფლებამოსილება შეუჩერონ გამოძიების ფიგურანტ შესაძლო დანაშაულში მხილებულ პირებს, რომელიც შინაარსობრივად არასათანადო მოპყრობის ელემენტებს მოიცავს. 


მოვუწოდებთ   საქართველოს პროკურატურას

სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით განახორციელოს პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა (წამება / არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა) და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებში  მონაწილე ყველა პოლიციელის სისხლისსამართლებრივი დევნა სპეციალური მუხლებით, და, არა უფლებამოსილების გადამეტებით. 

ამასთან საზოგადოებას მიაწოდოს მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია.


სხვა სიახლეები