სიახლეები

8 ნოემბერს საქართველოში ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. დღეს ამ თარიღის აღნიშვნა ადვოკატებს ბევრი პროფესიული გამოწვევის პარალელურად უწევთ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნამ და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონმდებლობით ავტორიტარიზმისკენ სვლამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ადამიანის უფლებების დასაცავად ადვოკატების ბრძოლა. წახალისებული ძალადობის, დევნის და დისკრიმინაციის გარემოში ადამიანების დაცვა არ არის მარტივი. ადვოკატების ნაწილი სხვადასხვა ეტაპზე აწყდება პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გამოწვევებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასამართლო და ადამიანის უფლებების გარემოს მონიტორინგის ფარგლებში, არაერთ გამოწვევას დააკვირდა 2025 წლის განმავლობაში, რომლებიც სპეციფიკურად ადვოკატების პროფესიული მოვალეობის შესრულებას უკავშირდებოდა. ასევე, ცალკე გვინდა, გამოვყოთ ევროპის საბჭოს ფარლგებში ადვოკატების პროფესიული დაცვის ახალი გარანტიები:
(1) სისხლის სამართლის საქმეებში დაცვის უფლების უზრუნველყოფა
წლის განმავლობაში დოკუმენტირებულ ასეთ რამდენიმე შემთხვევას გამოვყოფთ:
1.1. პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატების წინააღმდეგ მიმართული პროცესები კიდევ უფრო შორს წავიდა, როცა 2025 წლის 11 ოქტომბერს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოიკითხა.1 საია მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატ დავით ჯანდიერის მოწმის სახით დაკითხვა დაკავშირებულია მის პროფესიულ საქმიანობასთან და მიზნად ისახავს ადვოკატის/ადვოკატების დაშინებას ან/და მათ პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას, რაც კანონსაწინააღმდეგო და საგანგაშოა. ამ საკითხს, ასევე, გამოეხმაურა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, და ადვოკატ დავით ჯანდიერის გამოკითხვის ფაქტი შემაშფოთებელ პრეცედენტად მიიჩნია - შემთხვევად, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში არამართლზომიერ ჩარევას.
ასევე, საჯაროდ ცნობილია, რომ დ. ჯანდიერი არაერთ საქმეზე აწარმოებს საერთაშორისო წარმომადგენლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, და, მის მიმართ ასეთი ღონისძიებები, შეიძლება მიანიშნებდეს სახელმწიფოს მხრიდან ისეთ გარანტიებზე ზემოქმედებაზე, როგორიცაა, მათ შორის, ევროსასამართლოში საჩივრის დაუბრკოლებლად წარდგენის უფლება.
1.2. 2025 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციების კონტექსტში დაკავებული პირების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის - სისხლის სამართლის საქმეზე თერთმეტივე ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. მოცემულ საქმეზე არ არსებობდა კანონისმიერი საფუძვლები საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნისთვის. პრევენციულად საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. მხედველობაშია ასევე მისაღები ბრალდებულსა და მის დამცველს შორის ნდობის ფაქტორი. ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ნდობას. ბრალდებულთა მიერ სხდომაზე გაცხადებული პოზიციით, მათ უკვე ჰყავდათ კერძო, შეთანხმებით მოწვეული, ადვოკატები. საქმის განხილვის ეტაპზე არ გამოვლენილა არცერთი შემთხვევა, რომ რომელიმე ბრალდებული დამცველის გარეშე ყოფილიყო და ამ მიზეზით სასამართლოს ხელი შეშლოდა სხდომის ჩატარებაში. იმ პირობებში, როდესაც, ზოგ შემთხვევაში, თითო ბრალდებულს 4 ან 5 დამცველი ჰყავდა, გაურკვეველია, რა საჭირო იყო დამატებით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა. დაცვის მხარის განმარტებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს რაიმე კანონისმიერი საფუძველი, გაუგებარია, რატომ უზღუდავს სასამართლო ბრალდებულებს კონკრეტული დამცველის მომსახურებით სარგებლობის უფლებას. საიას შეფასებით, ასეთ ვითარებაში სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნა უსაფუძვლოა და ეს ბრალდებულის დაცვის უფლებაში სასამართლოს მხრიდან უხეში ჩარევაა.2
1.3. 2025 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებული 8 ბრალდებულის - ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. ამ სხდომაზე საგანგაშო იყო ბრალდებულთა დაცვის უფლების უხეში უგულებელყოფა, რითაც, საიას შეფასებით, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. პროცესზე არ იყო უზრუნველყოფილი საქმის ზეპირი განხილვისთვის საჭირო ლოჯისტიკური გარანტიები, რამაც შემდგომ გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების მატერიალური დარღვევაც და ბრალდებულები, ფაქტობრივად, დაცვის გარეშე დატოვა.3
აღნიშნულის შედეგ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 2025 წლის 17 იანვარს კერძო განჩინებით მომართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას და მოითხოვა ადვოკატებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - [[„საპროცესო კოლეგიამ აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადვოკატების ქცევა ვერ გახდება მათი დისციპლინირების საფუძველი, ვინაიდან ადვოკატები მოქმედებდნენ კლიენტების ინტერესების დასაცავად. მაშინ, როდესაც, საქმის სამართლიანი განხილვა განსაზღვრავს გადაწყვეტილებას, ადვოკატების განცხადებები და შუამდგომლობები მიემართებოდა საქმის სამართლიანი განხილვის მნიშვნელობას, მოპასუხე ადვოკატების პროფესიული ვალდებულება იყო კლიენტების პოზიციების დაფიქსირება, რაც გამომდინარებდა კანონმდებლობიდან და პროფესიული ეთიკის დაცვით ხორციელდებოდა. შესაბამისად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადვოკატთა მოქმედებები პასუხობდა პროფესიული ქცევის ეთიკურ სტანდარტებს და არ არსებობდა მოპასუხე ადვოკატების მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველი.“]]4
1.4. 2025 წლის 22 მაისს დაფიქსირდა შემთხვევა, როცა სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ადვოკატს სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ.5 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიმ აღნიშნულზე განმარტა, რომ - [[შესაბამისმა სამსახურებმა, სასამართლოს ტერიტორიისა და შენობის უსაფრთხოების დაცვისას, პატივი უნდა სცენ ადვოკატებს და უზრუნველყონ მათი უფლებების სათანადოდ განხორციელების ყველა პირობა.6]]
1.5. საიას მონიტორი შეესწრო შემთხვევას, რომლის დროსაც სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი ძალადობრივად ცდილობდა სასამართლოს სხდომის დაბრაზთან პროცესის მომლოდინე ადვოკატის შენობიდან გამოყვანას.7 აგრეთვე დაფიქსირდა შემთხვევა, განმარტების მიუხედავად, რომ ის იყო ადვოკატი და ჰქონდა სასამართლოს შენობაში დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება, სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა საიას მონიტორსაც შეუქმეს სასამართლოს შენობაში გადაადგილების დროს დაბრკოლება.
1.6. კიდევ ერთ შემთხვევაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: თამარ გაბოძემ, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა და სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვასილ მშვენიერაძეს, დავით მატიაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით 8 აგვისტოს მიმართა. ადვოკატი აღნიშნავს - "შესვენებაზე მოვიდა ჩემთან და აგრესიული ფორმით, ყვირილით მაიძულებდა, რომ მოსამართლესთან დამეყენებინა შუამდგომლობა და მისთვის ბოდიში მომეხადა. მისი ეს აგრესია კი გამოწვეული იყო ჩემი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე. სწორედ იმიტომ მომვარდა და მიყვიროდა, რომ სხდომაზე წარვადგინე მტკიცებულებები, როგორ ძალადობდნენ მანდატურები მოქალაქეებზე."8 სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე9, რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს ეთიკის ნორმების შესაბამისად და მისი ქცევით არ მოახდინოს მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატები აწყდებოდნენ მსგავს დამოკიდებულებას, და შემდეგ აღნიშნული რჩებოდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე. მნიშვნელოვანია, ადვოკატების პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მათზე მუქარის10 ან/და ძალადობის ფაქტებს მოჰყვეს სამართალდამცავების მხრიდან სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.
ზემოთ ხსენებული კიდევ ერთხელ გვიბიძგებს განვმარტოთ, რომ - ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.11
ამდენად ადვოკატის პროფესიული საქმიანობა დაცულია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლით. ნებისმიერი ზეწოლა ადვოკატზე, მისი საქმიანობის ხელის შეშლა ან პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაცია წარმოადგენს პირდაპირ დარღვევას აღნიშნული სამართლებრივი ნორმების. ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ადვოკატს, არამედ ადვოკატთა მთელ კორპუსს, სამართლებრივ სისტემას და ადამიანის უფლებების დაცვას, რადგან ადვოკატის პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება წარმოადგენს თითოეული მოქალაქის სამართლებრივი დაცვის მნიშვნელოვან საფუძველს.
(2) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში ადვოკატების გამოწვევები:
განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან ადვოკატები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების სასამართლო განხილვების დროს, მათთვის ხშირად უცნობია, როდის გადაჰყავთ მათი დასაცავი პირები სასამართლოში, სასამართლო სხდომები ინიშნება მოკლე დროში ან საერთოდაც მათი ინფორმირების გარეშე, შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო ხშირად არ აძლევს ადვოკატებს მასალების გაცნობისთვის შესაბამის დროს. მაშინაც კი, როცა არ არსებობს კანონით განსაზღვრული საამისო საფუძველი, სასამართლო უგულვებელყოფს ადვოკატების შუამდგომლობას და ხშირად შუაღამემდე აგრძელებს სამართალდარღვევის საქმეების განხილვას, აღნიშნული კონვეიერული სისტემით პირთა გასამართლებასთან ერთად დამატებით ართულებს ადვოკატის პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ადვოკატები იძულებული ხდებიან, არასათანადო პირობების მიუხედავად, გააგრძელონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.
(3) ევროპის საბჭოში ადვოკატის პროფესიის დაცვის ახალი ჩარჩო
ევროპის საბჭოს ფარგლებში 2025 წელს ახალი კონვენცია შემუშავდა. კონვენციის სრული სახელია „ევროპის საბჭოს კონვენცია ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“. ის მიიღეს 2025 წლის 12 მარტს და ხელმოწერისთვის გაიხსნა 2025 წლის 13 მაისს.
კონვენციის მთავარი მიზანია, ადვოკატების დამოუკიდებლობის დაცვა, მათი საქმიანობის დაცვა ძალადობის, მუქარის, შევიწროებისა და ჩარევისაგან, და სამართლის უზენაესობის განმტკიცება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატების როლს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. 2025 წლის 13 მაისს, კონვენციას ხელი მოაწერა მინიმუმ 17-მა სახელმწიფომ. ესენია, ანდორა, ესტონეთი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია და სხვები. ძალაში შესასვლელად საჭიროა მინიმუმ 8 ქვეყნის რატიფიკაცია, მათ შორის ევროპის საბჭოს წევრი 6 სახელმწიფოსი. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ოფიციალური საჯარო წყაროები არ ადასტურებენ ფაქტს, რომ საქართველო არის ხელმომწერი ან/და რატიფიკაციის მქონე ქვეყნებს შორის.
ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს კონვენცია უზრუნველყოფს ადვოკატებისთვის უსაფრთხო და დამოუკიდებელ გარემოს, ხელს უშლის მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევას და ემსახურება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლებას.
1 დავით ჯანდიერი სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება
2 მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11-პირიან საქმეზე ბრალდებულებს საზოგადოებრივი
6 ადვოკატთა ასოციაციის განცხადება
7 ადვოკატი ჯემა ჭკადუა ელოდებოდა სხდომის დაწყებას, როცა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაიწყეს ადამიანების შენობიდან ძალადობრივად გაყვანა და ერთ-ერთ მოუწოდებდა ჯემალ ჭკაცუასაც დაეტოვებინა სასამართლოს შენობა.
8 “სადაც ძალადობაა, ყველგან ის არის”, - მანდატურების ხელშეუხებელი უფროსი
9 საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 59.
11 საქართველოს კანონი ადვოკატის შესახებ , მუხლი 38.
გააზიარე: