GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 ოქტომბერი, 202511:55

2025 წლის 13 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაიწყო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან1 დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობის (მათ შორის, პარტიის დაარსება, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება), სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.2


აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 13 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომელიც, მათივე თქმით, უზრუნველყოფს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას.3 აღნიშნულის შედეგად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა მიეცა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა) არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).”4


Საიამ აღნიშნული ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებად და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასა.5 ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს ახალი, უკვე ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის.


კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მოიხმობენ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიზანია დემოკრატიული პროცესების დაცვა მისი „ბოროტად გამოყენებისგან“. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინა მართლაც აღიარებს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის უნარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოქტრინის შეუცვლელი ნაწილია ლიბერალური, წარმომადგენლობითი დემოკრატიული წესრიგი, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ აქტორებს შორის თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას და გამყარებულია სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებით, ასევე პლურალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებით. აღნიშნული კანონპროექტი კი აჩენს რეალურ რისკს, რომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ავტორიტარული ტენდენციების გასამყარებლად და ფასადურად, დემოკრატიის დაცვის მოტივით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების იარაღად იქცეს.


პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა, წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას,6 რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება). ამავე მუხლით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის უშიშროებისა და  თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრ სახემწიფოებს აკისრიათ ვალდებულება დაიცვან ინდივიდების უფლება - თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს.7 პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით.8


გარდა ამისა, კანონპროექტიდან არ ჩანს, თუ რას მოიცავს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება და მასში რა სახის კავშირი იგულისხმება. კანონის ასეთი ბუნდოვანი რეგულაცია კი ტოვებს ინტერპრეტაციის ფართო არეალს და ქმნის მისი ბოროტად გამოყენების რისკს, რომ ოპოზიციურად განწყობილი პირების აქტივობა სასამართლოს მეშვეობით მარტივად შეიზღუდოს პარტიასთან „დაკავშირებული პირის“ სტატუსით. თავისთავად, ბუნდოვანი ნორმა მისი არაკონსტიტუციურობის საფუძველს შეიძლება ქმნიდეს.


პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია: ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულია სანაცვლო სამართლებრივ სიკეთესთან შედარებით. პარტიასთან დაკავშირებულობა თავისთავად, არ ქმნის პასუხისმგებლობას პარტიის უკანონო ქმედებებისთვის. ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის კავშირში იყო პარტიასთან, რომელიც აიკრძალა.


ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ვარიანტით ეს პასუხისმგებლობა არ არის დროითი ვადით შემოსაზღვრული და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპროციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.


წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოვებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს - კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით.


მოცემულ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას.


ზემოთ განხილული ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს.9 სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით.


შესაბამისად, საიას შეფასებით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს.




1 კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.


2 კანონპროექტი ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/v1/law-drafting/bills/31315/details/106849, განახლებულია: 14.10.2025.


3 „ქართულმა ოცნებამ” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღო“, საინფორმაციო პორტალი „რადიო თავისუფლება“, 2025 წლის 13 მაისი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33412623.html, განახლებულია: 14.10.2025.


4 „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პარტიების გაუქმების შესახებ ინიციირებული ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული“, საიას ოფიციალური ვებგვერდი, 2025 წლის 7 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/saias-ganckhadeba-politicuri-partiebis-gauqmebis-iniciativaze, განახლებულია: 14.10.2025.


5 იქვე.


6 საქმეში Ždanoka v. Latvia (2006, Grand Chamber,), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა შეიძლება გამართლდეს მხოლოდ კონკრეტული, იდენტიფიცირებადი ქმედებით — და არა „კოლექტიური ბრალეულობის” ლოგიკით.


7 Guidelines on Political Party Regulation, Adopted by the Venice Commission at its 84th Plenary Session, (2010), State’s Duty to Protect Free Association for Political Parties.


8 იქვე.


9 შედარებით საკონსტიტუციო სამართალში ცნობილია ე.წ. აგრეგატის თეორია, რომლის მიზანიცაა წვრილ-წვრილი საკანონმდებლო ცვლილებების გზით დიდი ზიანის აღმოჩენა და პრევენცია. ამ შემთხვევაში კანონების რაოდენობა ჯამურად იწვევს სამართლის ხარისხობრივ გაუარესებას. დემოკრატიული ეროზია, როგორც წესი, აგრეგაციული პროცესია, რომელიც მრავალი მცირე ნაბიჯისგან შედგება. ისინი როგორც წესი იმალებიან კანონის ნიღბის ქვეშ. დეტალურად იხ.: Roznai, Y., The Straw that Broke the Constitution’s Back? Qualitative Quantity in Judicial Review of Constitutional Amendments, Constitutionalism: Old Dilemmas, New Insights, edited by Alejandro Linares Cantillo, Oxford University Press, 2021, 158-165.

სხვა სიახლეები