სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი იცავდა 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან უკანონოდ განთავისუფლებულ 2 პირს. ორივე მათგანი თვითმმართველობის რეორგანიზაციამდე წლების განმავლობაში მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ისინი სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მათი შტატები რეორგანიზაციის შედეგად არ იყო შემცირებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაბათილდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანებები, ხოლო მოპასუხეს გათავისუფლებული თანამშრომლების ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.
სასამართლომ განმარტა, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნით განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული საკანონმდებლო საფუძველზე, ერთის მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მის მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულო ხასიათს.
ამ საქმეს საია BFDW-ის (ფონდი „პური მსოფლიოსათვის“) მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა დათემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში აწარმოებდა.
გააზიარე: