GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 მაისი, 202511:09

19 მაისს ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი დააინიციირა, რომლის მიხედვითაც უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი საგამოძიებო უფლებამოსილებები პროკურატურის შემადგენლობაში გადადის. 


აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პირობებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საკუთარ ვალდებულებებს აქამდეც არაეფექტიანად ასრულებდა, რითაც ფაქტობრივად ხელს უწყობდა საპოლიციო ძალადობას, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავეთა დაუსჯელობას. თუმცა აღნიშნული უწყების გაუქმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება დემონსტრაციულად უარს ამბობს საპოლიციო ძალადობის გამოძიებაზე, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასა და ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. 


პოლიციელთა  მიერ ჩადენილი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიზნით, დამოუკიდებელი უწყების შექმნა განაპირობა, როგორც „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით” ნაკისრმა ვალდებულებებმა, ასევე ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესმა. 


სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების მიზნით 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნა, ხოლო 2022 წელს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ყოველგვარი წინასწარი საჯარო განხილვების გარეშე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი უწყების (სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის) შექმნა დამოუკიდებელი ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომელსაც როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მწვავე კრიტიკა მოჰყვა


პრობლემური იყო, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქამდეც არ სარგებლობდა პროკურატურისაგან საკმარისი დამოუკიდებლობით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ცინცაბაძის ჯგუფის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ფარგლებში, 2024 წელს მოუწოდა საქართველოს, გაეძლიერებინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობა პროკურატურისაგან. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი განმტკიცება წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას იმ 9 რეკომენდაციას შორის, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოს 2023 წელს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად განუსაზღვრა. 2023 წელს, პროკურატურისაგან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდის რეკომენდაცია  სახელმწიფოს ვენეციის კომისიამაც მისცა. 


აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ერთ-ერთი იმ ინსტიტუტთაგანი იყო, რომელიც ქართული ოცნების მიერაა მიტაცებული და ამ ფორმით არსებობის პირობებშიც კი არ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტირების ანგარიში, ისევე როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, ცხადყოფს, რომ 2024 წლის აპრილი-მაისის, ასევე 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარე საპოლიციო ძალადობის, სისტემური წამების და არასათანადო მოპყრობის გამოძიებას სამსახური არაეფექტიანად აწარმოებს და ამით აღვივებს ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ დონეზე დაუსჯელობას. 

გარდა იმისა, რომ სამსახურის გაუქმება პრობლემურია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და სახეზეა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიტაცების შემთხვევა, ქართული ოცნება კანონპროექტის განმარტებით ბარათში მანიპულაციურად ასაბუთებს მისი გაუქმების აუცილებლობას. კერძოდ, პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  „კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფო მმართველობის მოდელი კონსტიტუციით ექსკლუზიურად უნდა იყოს მოწესრიგებული. დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს სამართლებრივი სტატუსი უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის უზენაეს კანონში. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ კომპეტენციებს, რომელთა განხორციელება მხოლოდ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი განამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საფუძვლებს, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების განმგებლობის საკითხებს, სადაც ცხადია გამოძიება ცენტრალური ხელისუფლებისთვისაა მიკუთვნებული. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე არ შეიძლება არსებობდეს ცალკე საგამოძიებო სტრუქტურები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურატურის მსგავსად, ცენტრალური ხელისუფლების დონეზეა შექმნილი. კონსტიტუციაში მისი სახელდობრ არ მოხსენიება ვერ იქნება ინსტიტუტის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, პარტიის წარმომადგენლების დასაბუთება სამართლებრივად არასწორია.

სამსახურის გაუქმებით ქართული ოცნება კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად გამოხატავს, რომ არ აპირებს საპოლიციო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.



1 ცინცაბაძის ჯგუფი ადამიანის უფლებათა სასამართლოს 18 გადაწყვეტილებას აერთიანებს, რომელიც სიცოცხლის უფლების და წამების აკრძალვის დარღვევას ეხება, რაც პოლიციის და ციხის თანამშრომლების ქმედებებით და მათი არაეფექტიანი გამოძიებით იყო გამოწვეული.

სხვა სიახლეები