სიახლეები
საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა, პარტნიორ ორგანიზაცია European Implementation Network-ის ორგანიზებით მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და მომჩივანთა წარმომადგენლებისა თუ არასამათავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეხვედრაში.
შეხვედრაზე საიას წარმომადგენელმა მინისტრთა კომიტეტს გააცნო იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა, და, დამატებით, ასევე, მიმოიხილა 2021 წლის 05 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები.
საიამ მინისტრთა კომიტეტს მოუწოდა არ დახუროს აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე ზედამხედველობა, არამედ, განაგრძოს საქმეების განხილვა გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ და ზეპირი მოსმენით კიდევ ერთხელ განიხილოს ის უახლოესი შესაძლებლობისთანავე. ასევე, მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, მნიშვნელოვანია იდენტობის ჯგუფის საქმეების სრული და ეფექტიანი აღსრულებისთვის.
იდენტობის ჯგუფი 5 საქმეს აერთიანებს, რომლებიც შეეხება სახელმწიფოს მიერ ლგბტ+ აქტივისტებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ ფიზიკური პირებისგან მომდინარე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან არასათანადო დაცვას, რასთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, არ გამოკვეთა განხორციელებული ქმედების დისკრიმინაციული მოტივი. ასევე, ერთ-ერთი საქმე შეეხება ლგბტქ+ პირების მიმართ დისკრიმინაციული მოტივით არასათანადო მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მათ შორის, საგამოძიებო პროცესში.
იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება:
- ლგბტ+ თემისა და იეჰოვას მოწმეების უფლებრივი მდგომარეობა: სახელწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ლგბტ+ პირებისა და, რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, იეჰოვას მოწმეების, უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. გამოწვევად რჩება სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ლგბტ+ ადამიანებისა და იეჰოვას მოწმეების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ეფექტიანი რეალიზება.
- შსს-ში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფის არარსებობა: მიუხედავად მინისტრთა კომიტეტის არაერთი პირდაპირი მოთხოვნისა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციისა, შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რომელიც გამოიძიებდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, დღევანდელი მდგომარეობით, ეს ღონისძიება კვლავ არ არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული.
- სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დისკრიმინაციული მოტივის არარსებობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები / განჩინებები რეალური, ხელშესახები შედეგის მომტანი, მხოლოდ მაშინ იქნება თუკი ეროვნულ დონეზე სახელმწიფო მათ ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს. ამ მიზნით, საიამ მინისტრთა კომიტეტს იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ანგარიშები წარუდგინა როგორც 2020, ისე 2021 წელს. საია განაგრძობს ამ ჯგუფის საქმეებზე აღსრულების მდგომარეობის მონიტორინგს, და, შესაბამის განახლებულ ინფორმაციას კვლავ მიაწვდის კომიტეტს.
გააზიარე: