GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

11 მარტი, 2020

2020 წლის 10 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან, ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC),'' თანამშრომლობით ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა. 

2017 წლის 16 თებერვალს ირაკლი ხოფერია პოლიციელებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც იგი სამართალდამცავთა მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას დაექვემდებარა. არასათანადო მოპყრობის მიზანი ხოფერიასგან აღიარებითი ჩვენების მოპოვება იყო იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებითა და მრავალწლიანი საპატიმრო სასჯელით ემუქრებოდნენ. ხოფერია განყოფილებაში მიყვანიდან 4 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაარკვიეს, რომ ირაკლი, შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს. 

ხოფერიას წამების ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 17 აპრილს გაიგზავნა. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), რადგან იგი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა და ამ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი იყო. 

2019 წლის 20 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ირაკლი ხოფერიას წამების საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2019 წლის 16 სექტემბრამდე მიეცათ 12 კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. იქიდან გამომდინარე, რომ მეგობრული მორიგების პირობებზე მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხდა, 11 ოქტომბერს სასამართლომ მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მთავრობას დამატებით 12 კვირიანი ვადა განუსაზღვრა. 

საქართველო ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში განმარტავს, რომ ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე ეროვნულ დონეზე გამოძიება ეფექტიანად მიმდინარეობს და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. შესაბამისად, სახელმწიფოს მტკიცებით, მომჩივნის საჩივარი ევროპულ სასამართლოში არის ნაადრევად გაგზავნილი. 

საქართველოს პოზიციის საპირისპიროდ, 10 მარტს წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია და EHRAC ასაბუთებენ, რომ ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ეფექტიანობის სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელების მხრიდან ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული ძალადობიდან და ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან 3 წელი გავიდა, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ ჩაუტარებიათ მნიშვნელოვანი მოქმედებები. ამასთან, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული არაერთი მტკიცებულება პირდაპირ ადასტურებს კონკრეტული პოლიციელების მიერ ხოფერიას არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა, დღემდე არ მომხდარა დამნაშავე პირთა დასჯა. ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ნაცვლად, 2019 წლის მარტიდან დღემდე გენერალურ პროკურატურას არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. 

დამატებით, საია ამტკიცებს, რომ ირაკლი ხოფერიამ დაზიანებები პოლიციელთა კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო და მასზე ძალადობა სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა განახორციელეს. შესაბამისად, მომჩივნის წამებაზე საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა. 

საიამ ევროპულ სასამართლოში ასევე წარადგინა ინფორმაცია წამებისა და არასათანადო მოპყრობის და აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, საია ასაბუთებს, რომ სამართალდამცავთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება საქართველოში კვლავ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტების გამოუძიებლობა კი სამართალდამცავებში დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებს და ამგვარი დანაშაულების ჩადენას ახალისებს. 

საია ითხოვს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს საქართველოს მხრიდან კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის საფუძვლით.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.

 

სხვა სიახლეები