სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ჩვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით. საიასთვის მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის და მასზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მარგინალიზაციის მცდელობა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ვაფასებთ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად, რაც მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში.
წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს საიამ განცხადებით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას. ორგანიზაციამ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა და დამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა, რაც პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს ჯარიმის 2000 ლარის ოდენობით. კერძოდ, ა.წ. 31 ივლისს ქ. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვის მეშვეობით ჩაერთო წინასაარჩევნო აგიტაციაში. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ვიდეომიმართვა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევის პირველ შემთხვევას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, იგი გაკვირვებულია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე ... აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები...“
გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, განურჩევლად იმისა, დაემთხვევა თუ არა ჩვენი მოქმედებები რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ფიგურის ინტერესებს.[1] შევახსენებთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით იმოქმედოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს ყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანონის დაცვისა და პატივისცემის უპირველესი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რაც საიას მონიტორინგის ერთ-ერთ უმთავრეს ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს სხვა სუბიექტებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს წინასაარჩვნო პერიოდში, თავისი წილი პასუხისმგებლობისაგან - დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. სწორედ ეს წარმოადგენდა ახლახანს 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელებული დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობები. სამწუხაროა, რომ ამ პრინციპის მიღება და პატივისცემა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ამასთან, ის გარემოება, რომ ქვეყანაში ხდება სხვა კანონდარღვევები თუ უფლებადარღვევები, იქნება ეს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება თუ სხვა (რაზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად აფიქსირებს საჯარო პოზიციას და იყენებს ყველა მშვიდობიან და სამართლებრივ გზას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად), არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, ასევე დაარღვიონ კანონმდებლობა იმ არგუმენტით, რომ მათ მიერ ჩადენილი გადაცდომა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს სხვა პირთა მიერ ჩადენილ დარღვევებთან შედარებით.
კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისი მხარდამჭერებისა და ზოგადად - საზოგადოების მისამართით. შესაბამისად ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტები თუ მათი მხარდამჭერები პატივისცემით მოეკიდებიან საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავენ კანონით დადგენილ ნორმებსა და არ შეეცდებიან ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები ჯანსაღ დამოკიდებულებას გამოიჩენენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი შეფასებების მიმართ, რითაც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პატივისცემისა და რეალური მრავალპარტიული და მრავალსუბიექტიანი დემოკრატიის განვითარებას.
საია აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს და როგორც შესაბამის უწყებებს, ასევე საზოგადოებას, მიაწვდის ინფორმაციას საარჩვენო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის სრული დაცვით. ჩვენ ასევე ღია ვრჩებით სახელმწფიფო უწყებებთან და პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობისათვის კანონიერი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.
დანართი
აქვე საზოგადოების დეზინფორმირების და შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, გვსურს განვმარტოთ ორი ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება:
ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაინტერესდა, როგორ აფასებდა საია ბიძინა ივანიშვილის (იმ დროისათვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის) ჩართულობას საარჩევნო აგიტაციაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ამასთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2012 წლის ივნისში საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით გარდამავალ დებულებებში განისაზღვრა, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან მიეცა პირს, რომელიც დაბადებული იყო და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და ჰქონდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეს მიენიჭა როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლება და იგი აღიჭურვა ყველა იმ უფლებითა და მოვალეობებით, რაც განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსითა და საქართველოს კანონით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, მათ შორის წინასაარჩევნო აგიტაციის უფლებით. აღნიშნული ცვლილებები უარყოფითად შეფასდა საიას მხრიდან და საქართველოს პარლამენტს 2012 წლის 2 მაისს წარედგინა შესაბამისი დასკვნა. [2]
მიუხედავად ჩვენი უაყროფითი პოზიციისა, აღნიშნული ცვლილება პარლამენტის მიერ მოწონებულ იქნა და იქცა კანონად. შესაბამისად, 2012 წელს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში კანონდარღვევას არ წარმოადგენდა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მას „ჩამოერთვა“ საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ვერ ჩათვლის მას დაკარგულად, რადგან საკუთარი ნებით არ დაუთმია.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება შეიცავს ფაქტობრივ-სამართლებრივ უზუსტობას, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. [3] შესაბამისად, ამ შემთხვევაში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
[1] წლების მანძილზე საიას წინასაარჩევნო მონიტორინგი აფასებდა როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტების მოქმედებების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. გამონაკლისი არც 2016 წლის არჩევნებზე იქნება დაშვებული. ამასთან, საიას წინასაარჩვნო მონიტორინგის ფარგლებში დღეისათვის შეტანილი აქვს 5 საჩივარი/განცხადება, რომელიც ეხმიანება, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას (სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო აგიტაციის ფაქტები).
[2] საიამ დაუშვებლად მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის მიმართ იმგვარი დამოკიდებულება, რომელიც უზენაესი კანონის გარკვეულ გარემოებებსა და პიროვნებებზე მორგებას გულისხმობდა. ამასთან, საიამ აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით გამოწვევის წინაშე დადგა საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი და საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის მართვის კონსტიტუციური პრინციპი.
[3] საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. აღნიშნული კანონის თანახმად, საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შემთხვევისა.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამი საფუძველი:
• საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა;
• საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
• საქართველოში მცხოვრები არასწრულწლოვანი პირის მოქალაქეობის დადგენა, რომლის რომლის ორივე მშობელი უცნობი იყო.
იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. მოქალაქეობის დაკარგვის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
გააზიარე: