სიახლეები
8 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას მორიგი საპარლამენტო არჩევნების დღის დანიშვნის შესახებ. ამ განკარგულების გამოქვეყნებისთანავე ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და ქვეყანა გადავიდა განსაკუთრებულ რეჟიმზე. კამპანიის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებულმა ინსტიტუტებმა გამართულად იმუშაონ, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ამ მიზნის მისაღწევად, მივმართავთ პროცესში ჩართულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს, გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები. კერძოდ:
საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას:
- აიღოს პასუხისმგებლობა არჩევნების მშვიდ და სამართლიან ფორმატში ჩატარებაზე. გაითვალისწინოს, რომ არჩევნების არადემოკრატიულ და არასამართლიან გარემოში ჩატარება გავლენას მოახდენს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით;
- თავი შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებისგან, მათ შორის, ისეთი სოციალური ინიციატივების განხორციელებისგან, რომელთა მთავარი ამოცანა ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაა და არ ემსახურება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზნებს;
- უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, მის საქმიანობაში ჩაურევლობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, როგორც სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი წინაპირობა;
- თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციისგან, რომლებიც მუშაობენ საარჩევნო საკითხებზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში.
სამართალდამცავ უწყებებს:
- უზრუნველყონ არჩევნებში ჩართული მხარეების უსაფრთხოება, ხოლო სამართალდარღვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიასა და დამოუკიდებელ კანდიდატს საშუალება ჰქონდეს, მშვიდ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია;
- პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის, არ დაუშვან და დროულად აღკვეთონ ყოველგვარი ძალადობრივი აქტი, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. პოლიციამ და პროკურატურამ სამართლიანი და ადეკვატური ზომები გაატარონ კრიმინალურ ინცინდენტებში მონაწილე პირების მიმართ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
- არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ჩარევა ან/და ზეგავლენის მოხდენა საარჩევნო გარემოზე. ამ მიზნით, განახორციელოს ეფექტური შიდა მონიტორინგი საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაზე, რათა ადგილი არ ქონდეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა პარტიების წევრებზე, მხარდამჭერებსა და აქტივისტებზე ზეწოლას, დაშინებისა და გადაბირების ფაქტებს.
იუსტიციის სამინისტროს:
- უზრუნველყოს უწყებათაშორისი კომისიის ეფექტური და მიუკერძოებელი მუშაობა, მათ შორის კომისიაში გამართული დისკუსიის კონსტრუქციული მედიაციის გზით;
- არ წარმოქმნას ხელოვნური ბარიერები და უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმისაწვდომობა შესაბამის მონაცემთა ბაზებზე.
საარჩევნო ადმინისტრაციას:
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე რეაგირების საკითხს;
- ჯეროვნად განიხილოს შემოსული საჩივრები, რათა არ გაჩნდეს კითხვები ამ უწყების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ასევე, უზრუნველყოს საჩივრების განხილვის ერთგვაროვანი მიდგომა ყველა საარჩევნო კომისიის დონეზე;
- ხელი შეუწყოს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მუშაობას;
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს:
- ეფექტური და მიუკერძოებელი ზედამხედველობა განახორციელოს პარტიების დაფინანსებაზე და პერიოდულად საზოგადოებას აცნობოს მონიტორინგის შედეგების შესახებ.
პოლიტიკურ პარტიებს:
- წინასაარჩევნო კამპანია წარმართონ საარჩევნო პროგრამების საფუძველზე. საზოგადოებას მაქსიმალური მიაწოდონ ინფორმაცია პარტიის პროგრამების შესახებ;
- წინასაარჩევნო კამპანია დააფუძნონ პოზიტიურ დღის წესრიგზე და მაქსიმალური აქცენტები გააკეთონ სამომავლო გეგმებზე;
- განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ;
- უზრუნველყონ საარჩევნო სიებში ქალთა ადექვატური მონაწილეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წარმოჩენა;
- თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან და პროვოკაციებისგან, ასევე, მსგავს ქმედებებში პარტიის აქტივისტების ჩართვისგან;
- უარი თქვან ოპონენტების დისკრედიტაციაზე, მათ შორის, პირადი ცხოვრების ან სხვა ტიპის ინფორმაციის გავრცელების გზით, ოპონენტებთან ურთიერთობა გადაიტანონ თემატური დისკუსიის ჭრილში;
- პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და გაიზიარონ სამართლებრივი, სეკულარული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მნიშვნელობა. ასევე, უარი თქვან სხვადსხვა დისკრიმინირებული ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე და დაგმონ მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობით მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისთვის;
- უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე, ასევე, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებზე. იზრუნონ ეთნიკური, რელიგიური და სხვა დისკრიმინირებული ჯგუფების სათანადო ინფორმირებაზე და მათი პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე;
- გაიზიარონ პასუხიმგებლობა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე და იმაზე, რომ არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფოს შემდეგ განვითარებაზე და მისი ევროინტეგრაციის მომავალზე;
- კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების დაცვით მოახდინონ წინასაარჩევნოდ ფინანსების განკარგვა და უარი თქვან ამომრჩევლების მოსყიდვაზე.
მედია ორგანიზაციებს:
- მიუკერძოებლად გააშუქონ წინასარჩევნო კამპანია და არჩევნების დღის მიმდინარეობა;
- ამომრჩეველს მიაწოდონ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებთან და დაპირებებთან დაკავშირებით; ამისათვის მედია საშუალებებმა უზრუნველყონ შესაფერისი სადისკუსიო ფორმატების ეთერში გაშვება;
- ამომრჩეველს მიაწოდონ მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით;
- არ მიმართონ პოლიტიკურ პარტიების განზრახ დისკრედიტაციას და იმოქმედონ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე;
- უზრუნველყონ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისათვის მედიაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს:
- საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებისას დაიცვან ნეიტრალობა და მიუკერძოებლობა;
- გამოიჩინონ პროფესიონალიზმი და არ მოექცნენ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ.
მეგობარ ქვეყნებსა და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს:
- არჩევნების დასაკვირვებლად მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
გააზიარე: