GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

19 მაისი, 2020

დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. გიგა 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს ე.წ. აფხაზმა მესაზღვრეებმა. გიგას მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირთა ვინაობა ცნობილია, დღემდე არ მომხდარა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მათი პასუხისგებაში მიცემა და დასჯა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებაზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, რადგან აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს. 

ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის წევრთა ინტერესებს საია და EHRAC იცავენ. ევროპულ სასამართლოში მხარეებს შორის შიდა კომუნიკაცია უკვე დასრულდა და გადაწყვეტილების გამოცხადებას ველოდებით. ოთხოზორიას საქმეს პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს, რადგან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთი ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე და რამდენად ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე. საქმის წარმატებით დამთავრებას ასევე არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ოთხოზორიას ოჯახის წევრებისთვის მათი დარღვეული უფლების და სამართლიანობის აღდგენისთვის. 

ოთხოზორიას საქმე ასევე ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. 


 

სხვა სიახლეები