სიახლეები
2019 წლის 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე დღემდე შეჩერებული იყო. მრჩეველთა საბჭო დირექტორის შერჩევის პროცედურებს 21 ნოემბერს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონკურსში მონაწილეობს გიორგი კოხრეიძეც.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა ჯერ კიდევ 2019 წლის 30 სექტემბრს განაცხადა, რომ ტელევიზია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა.
სამოქალაქო საზოგადოებას კი გვქონდა მოლოდინი, რომ კონკურსის შეჩერება ემსახურებოდა დირექტორის არჩევას ახალი მრჩეველთა საბჭოს პირობებში. ამ ეჭვს ამყარებდა ის გარემოებაც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელზე ხარვეზი უნდა დაედგინა და განჩინებაში მითითებული საფუძვლით არ უნდა მომხდარიყო დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ახალი კონკურსის შეჩერება.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა და შემდგომში განვითარებული მოვლენები ტოვებს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს პროცესი მართულია ხელისუფლების მიერ.
ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დირექტორად შერჩეული იქნეს ისეთი პირი, რომლის დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ღია საზოგადოების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
გააზიარე: