სიახლეები
2019 წლის 18 სექტემბერს გიორგი კოხრეიძემ, რომელიც მონაწილეობდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევ კონკურსში, სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მმართველთა საბჭოს 2019 წლის 22 აგვისტოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად. ამავდროულად, მოითხოვა ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება, რომელშიც მოცემული იქნება, რომ მოსარჩელე გიორგი კოხრეიძემ განმეორებითი კენჭისყრის დროს ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.
2019 წლის 23 სექტემბერს მიღებული განჩინებებით სასამართლომ წარმოებაში მიიღო გიორგი კოხრეიძის სარჩელი და შეაჩერა 2019 წლის 25 აგვისტოს გამოცემული აქტი, რომლითაც დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადდა ახალი კონკურსი.
საიამ შეისწავლა აღნიშნული განჩინებები და მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელზე ხარვეზი უნდა დაედგინა და განჩინებაში მითითებული საფუძვლით არ უნდა მომხდარიყო დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ახალი კონკურსის შეჩერება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.
სასამართლო განჩინებებთან დაკავშირებული პრობლემები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხის რეალურობას აჭარის ტელევიზიაში.
რატომ არ უნდა მიეღო წარმოებაში სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელი?
გიორგი კოხრეიძის სარჩელი წარდგენილია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიმართ, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოა და დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტს არ წარმოადგენს.[1]
ცალკე აღებული მრჩეველთა საბჭო ვერ იქნება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც შესაძლებელია სარჩელის წარდგენა. მრჩეველთა საბჭოს ორგანიზაცის მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია. გიორგი კოხრეიძის მოპასუხე ამ შემთხვევაში პირდაპირ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.
ვინაიდან სარჩელი წარდგენილია ისეთი პირის მიმართ, რომელიც ვერ იქნება მოპასუხე, სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი და დაენიშნა ვადა მის შესავსებად. შესაბამისად, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრებოდა, სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში.
სამართლებრივად სწორია თუ არა სასამართლოს მიერ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერება?
სასამართლომ შეაჩერა დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. საფუძვლად მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი და იმსჯელა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებაზე.
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს აქტის კანონიერებაზე გიორგი კოხრეიძე არ დავობს. შესაბამისად, გაურკვეველია როგორ მიიღო კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საფუძვლით სასამართლომ. ამ მოცემულობაში სასამართლოს გიორგი კოხრეიძის შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელიდან არ იკვეთება რა საფუძვლით ითხოვდა დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას გიორგი კოხრეიძე. ამიტომ სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის განხილვამდე მიზანშეწონილი იქნებოდა მოსარჩელესთვის დაეკონკრეტებინა კონკურსის შეჩერების შესახებ მისი შუამდგომლობა ეხებოდა ადმინისტრაციული აქტის - დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებას თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელიმე ღონისძიების გამოყენებას.
[1] ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 353, პუნქტი 1.
გააზიარე: