სიახლეები
2020 წლის 28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარუდგინა. 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 24 სექტემბერს ჩატარდება.
ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში, სადაც იგი წამებას დაექვემდებარა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს. ირაკლი ხოფერიას ოჯახის ინიციატივით ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ ირაკლი ხოფერიას სხეულზე არსებული დაზიანებები დაადასტურა.
ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე გამოძიებას 2017 წლის 15 მარტიდან თბილისის პროკურატურა აწარმოებდა სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წამება, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ). თუმცა, 2017 წლის ოქტომბერში გამოძიება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ პოლიციელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. 2017 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება განახლდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მას შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდებოდა ირაკლი ხოფერიას მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სამ წელზე მეტი დასჭირდა პოლიციელებისთვის ბრალის წარსადგენად. ბრალის წარდგენის ეტაპზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალა და პოლიციელებს ბრალი არა 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არამედ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით).
საია მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ პოლიციელების მიმართ სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენასა და სასამართლოს მიერ მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის განსაზღვრას. თუმცა, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით იკვეთებოდა, ირაკლი ხოფერიას მიმართ არასათანადო მოპყრობა განახორციელა ასევე, მეოთხე პოლიციელმა, რომლის ვინაობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია. ამასთან, საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, რომ გამოძიების პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა და სხვა მოწმეებმა საგამოძიებო ორგანოებს ცრუ ჩვენება მიაწოდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სამი პირის მიმართ ბრალის წაყენებით და დაადგინოს ასევე იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებაში ან/და დაფარეს დანაშაული.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ პრობლემურია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენის ეტაპზე საქმის კვალიფიკაციის შეცვლა 333-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ნაკლებად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. ხოფერიას საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეებზე გამოძიების პროცესში სწორი კვალიფიკაციის სისტემურ პრობლემას.
ირაკლი ხოფერიას საქმე ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც განიხილება. წარდგენილ საჩივარში საია ითხოვს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს საქართველოს მხრიდან კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობის საფუძვლით.
გააზიარე: