GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

13 თებერვალი, 2020

საია ეხმაურება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 12 თებერვალს მიღებულ განაჩენს, რომლითაც ღირსების შემლახავ მოპყრობაში მხილებული  მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გამართლდა. საიას შეფასებით, პროცესის მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე, თემურ აბაზოვს პროკურატურამ დაუსაბუთებლად  და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება. ამასთან, საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც წაახალისა დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ასევე გაამართლა ამ საქმეში ბრალდებული კიდევ 3 პირი, რომელთაც ბრალად  დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა ედებოდათ.

როგორ საზოგადოებისათვის ცნობილია, აბაზოვმა 2018 წლის 10 ივნისს, მარნეულში მცხოვრებ პირს, ე.ა.-ს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. პროკურატურამ თეიმურაზ აბაზოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა (დამამცირებელი და არაადამიანური-ე მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ). გამოძიების მიმდინარეობის დროს თეიმურაზ აბაზოვს დამატებით წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც მოიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დაზარალებულის ინტერესებს გამოძიების დაწყების მეორე დღიდან საია იცავს. შესაბამისად, საიას ადვოკატს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები,  ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ჭიქაზე ბიოლოგიური მასალის - შარდის შემცველობა დადგინდა), ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გავრცელებული ვიდეო-მასალა და სხვა), ადასტურებდა, თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობას და იძლეოდა  გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ თეიმურაზ აბაზოვს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოუხსნა, თუმცა აღნიშნულ მუხლში თეიმურაზ აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო. პროკურატურის განმარტებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ის 1443-ე მუხლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და დამატებით სხვა მუხლით ბრალის წარდგენის აუცილებლობა არ იყო. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დასაბუთება არ არის შესაბამისობაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, აბაზოვისთვის წარდგენილი ბრალის, კერძოდ 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალის მოხსნა. თუმცა, საიას მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ ბრალდების შემცირების მიუხედავად, მოსამართლეს შეეძლო 1443-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

საია აგრძელებს აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის ინტერესების დაცვას და დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საზოგადოებას დამატებით შეფასებას გააცნობს.

 

სხვა სიახლეები