GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 აგვისტო, 2023

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის ტერორისტული პოლიტიკის შედეგად დატრიალებულმა ომმა საქართველოს ათასობით მოქალაქე დააზარალა. ომის ტრაგიკული შედეგები დღესაც ახდენს გავლენას მოქალაქეთა ყოველდღიურობაზე. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თუ მათ მიერ ეფექტიანად კონტროლირებადმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, 27 582 ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქციეს.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან განგრძობადად, დღესაც, ადგილი აქვს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, უკანონო დაკავებების, თავდასხმის, წამების, მკვლელობისა და დაშინების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რისი ტრაგიკული მაგალითებიც არის დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. რუსეთის ფედერაცია მცოცავი ოკუპაციის შედეგად დროდადრო კვლავაც აგრძელებს მავთულხლართების გავლებას, რაც ზრდის დაზარალებულ მოქალაქეთა რიცხვს, როგორც მათი ფიზიკური უსაფრთხოების, ისე, საკუთრების უფლების კუთხით, არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და იწვევს ადამიანის უფლებათა განგრძობად დარღვევებს.

აგვისტოს ომი, არამხოლოდ, რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი განყენებული ტრაგიკული მოვლენაა, არამედ, ცხადი მტკიცებულებაა სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართ რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკების ურთიერთკავშირის კუთხით. ამ კუთხით კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამართლის დროულ აღსრულებას, აგრესორი სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დროულ დაკისრებასა და საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირთა დროულ გამოვლენას.

რუსეთის ფედერაციის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება და სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, შემთხვევაში, არღვევს გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვას განამტკიცებს. ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაცია მოქმედებს ერთი და იმავე სცენარით, მეზობელი ქვეყნების სეპარატისტულ რეგიონთა დამოუკიდებლობის აღიარებით არღვევს ამ სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რასაც მოსდევს მისი სამხედრო შენაერთების ინტერვენცია. ეს კი, თავის მხრივ, ნოყიერ ნიადაგს ქმნის საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისათვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განმარტებითაც, დამნაშავეთა ქცევის ერთგვაროვნება საქართველოსა და უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის მსგავსია.

რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების ჩართულობა 2008 წლის აგვისტოს ომში დასტურდება მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მიერ. ასევე, ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა მისიამ მიუთითა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე რუს ჩინოვნიკებს უკვე ჰქონდათ დე ფაქტო კონტროლი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით, კი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე. კერძოდ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ აღიარებული, დე ფაქტო მთავრობა: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო რუსეთის წარმომადგენლებით ან რუსეთის მოქალაქეობის მქონე სამხრეთ ოსური წარმოშობის პირებით, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ეკვივალენტურ თანამდებობებზე რუსეთში. საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში საკვანძო ძალოვან უწყებებს (შსს, თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი) რუსული არმიის ყოფილი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიება და შედეგები

2022 წლის 16 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა საქართველოს სიტუაციის გამოძიება დახურა. ამ ეტაპისთვის პროკურორის ოფისს იდენტიფიცირებული აქვს სამი პირის ბრალეულობა. 2022 წლის 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ, რომის სტატუტის 58-ე მუხლის საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის 3 ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის, მიმართ გამოსცა დაკავების განჩინებები.

წინასასამართლო პალატამ დაადასტურა, რომ სამივე მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები დაკავშირებული იყო სამხედრო კონფლიქტთან და, შესაბამისად, სახეზეა ომის დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ელემენტები. სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, ძირითადად, ეთნიკურად ქართველ სამოქალაქო მოსახლეობას უკანონოდ აკავებდნენ და გადაჰყავდათ იზოლატორში (ე.წ. ‘КПЗ’). წინასასამართლო პალატამ აღნიშნა, რომ განხორციელებული უკანონო დაკავებები კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის (ქართველების) წინააღმდეგ მიმართული კოლექტიური ზომები იყო, რომელსაც, სხვა ფაქტებთან ერთად, ადასტურებს დაკავების დროს პირების მიმართ დასმული კითხვა: იყვნენ თუ არა ისინი ეთნიკურად ქართველები. დაბოლოს, სამოქალაქო მოსახლეობის დაკავების მიზანს წარმოადგენდა შემდგომ მათი გაცვლა ქართულ მხარესთან.

ამასთან ურთიერთკავშირში, აღსანიშნავია, რომ პალატამ მიუთითა, ედუარდ კოკოითის შესაძლო ბრალეულობაზეც, მისი, როგორც ერთიანი მიზნის მქონე ჯგუფის წევრის, შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე, თუმცა, ამ დრომდე, მის მიმართ დაკავების განჩინება პროკურორის ოფისს მოთხოვნილი არ აქვს (The Chamber finds that the de facto President Mr Kokoity,Mr Borisov and Mr Sanakoev were part of the group of persons sharing this common purpose and the intent to use criminal means (hostage taking and unlawful transfers) to achieve it).

2023 წლის 6 აპრილს დაზარალებულთა ნდობის ფონდმა დაიწყო რეპარაციის პროგრამა საქართველოში. რეპარაციების პროგრამა ფოკუსირებულია ყველაზე დაუცველ მსხვერპლთა სამედიცინო მკურნალობის, კონსულტაციისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, ასევე საარსებო წყაროსა და სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებზე კონფლიქტთან დაკავშირებული ზიანის აღმოსაფხვრელად, თუმცა, მიგვაჩნია, რომ გამოყოფილი სახსრები (600’000 ევრო სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის დაზარალებულებისთვის) არასაკმარისია და ფრაგმენტულადაც კი არ პასუხობს იძულებით გადაადგილებული პირების რეალურ საჭიროებებს. იძულებით გადაადგილებული პირები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც ღირსეული და სათანადო ცხოვრებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად ადეკვატურ და ეფექტიან მხარდაჭერას საჭიროებენ. ამ მხრივ, ხაზგასასმელია, რომ დევნილები, განსახლების პირობებშიც, რთულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ყველაზე მეტ სირთულეს სამუშაო ადგილების არარსებობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა ქმნის. დევნილთა დასახლებებში მძიმეა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პირობები ტრანსპორტირების, საგზაო თუ საირიგაციო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო სერვისებზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო. საკითხების მასშტაბურობის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ისინი არა ინდივიდუალურ, არამედ სისტემურ ხასიათს ატარებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო დავები და შედეგები

2023 წლის 28 აპრილს ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მან სახელმწიფოთაშორის დავაზე 2021 წლის 21 იანვარს მიიღო. ინდივიდუალური საჩივრების განხილვა კი სტრასბურგის სასამართლოში დღემდე გრძელდება.

ასევე, ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 20 აპრილს საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (no. 39611/18) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო. ეს საქმე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას შეეხება. კერძოდ იმას, რომ:

ა) რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი აქვს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, უკანონო დაკავებების, თავდასხმის, წამების, მკვლელობისა და დაშინების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. საჩივრის თანახმად  აღნიშნული ადმინისტრაციული პრაქტიკა მიზნად ისახავს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაშინებას, იზოლირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას.

ბ) რუსეთის ფედერაციას აქვს დადგენილი ადმინისტრაციული პრაქტიკა და იგი არ იძიებს ზემოხსენებულ დარღვევებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, რაც ხელს უწყობს დაუსჯელობასა და დე ფაქტო იმუნიტეტს იმ პირებისთვის, რომლებიც დანაშაულს ჩადიან.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დღევანდელი მდგომარეობით იგი გარიცხულია ევროპის საბჭოდან, მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებისთვის შეიქმნას ისეთივე საკომპენსაციო ფონდი, როგორც ეს უკრაინასთან დაკავშირებით მოხდა.

 

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, მოუწოდებს:

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს: 

- მოითხოვოს წინასასამართლო პალატის წინაშე დაკავების განჩინების გამოცემა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, მიმართ;

- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდს:

აქტიურად გააძლიეროს 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულებისთვის მხარდამჭერი მანდატის განხორციელება. 

დამატებით, მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს და რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს ეფექტიანად ითანამშრომლონ და იმოქმედონ დაკავების განჩინებების აღსასრულებლად, ხოლო, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი შესაბამისი პირების სასამართლოსთვის გადასაცემად.


ხელმომწერი ორგანიზაციები:

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

- საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)

- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

- უფლებები საქართველო

- ადამიანის უფლებათა ცენტრი

სხვა სიახლეები