სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ბორდერიზაციის შედეგად დაზარალებული პირების საქმეზე წერილობითი პოზიცია წარადგინა

2022-06-15 00:28
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში მცხოვრები 19 მოქალაქის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დავას აგრძელებს. საქმე შეეხება 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსეთის ფედერაციის კონტროლირებადი „მესაზღვრეების“ მიერ, ე.წ საზღვრის მონიშვნის მიზნით, მავთულხლართების გავლებას, რამაც საოკუპაციო ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია. აღნიშნულის შედეგად დვანში მცხოვრები 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები ოკუპანტი ძალის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. 

სოფელ დვანის მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებზე გავლებული მავთულხლართებისა და სისტემატური უკანონო დაკავებების გამო უკვე 9 წელია არ ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ მიწის ნაკვეთებით, რომელთაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ფლობდნენ. მიწის ნაკვეთებიდან მიღებული მოსავალი დვანის მაცხოვრებელთა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა, ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა კი - მათ მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს. საოკუპაციო ძალების მუდმივი დაკვირვების ქვეშ ყოფნა და გატაცებების პრაქტიკა, რასაც, არც თუ ისე იშვიათად, ადამიანის სხვა ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევა სდევს თან, სოფლის მოსახლეობას მუდმივი წნეხის ქვეშ აცხოვრებს. 

ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყო, რის თაობაზეც მომჩივნებს და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, 2021 წლის 24 თებერვალს შეატყობინა. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას უნდა წარმოედგინა პოზიცია, მათ შორის, იმ საკითხებზე, რამდენად ექცევა მომჩივანთა უფლების დარღვევის შემთხვევები რუსეთის იურისდიქციის ქვეშ; ადგილი ჰქონდა თუ არა მომჩივნების საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევას და დაირღვა თუ არა მომჩივანთა მიმოსვლის თავისუფლება. რუსეთმა პოზიცია 2022 წლის 28 თებერვალს წარმოადგინა. აღნიშნული პოზიციის თანახმად, რუსეთის ფედერაცია საოკუპაციო ზოლთან ჩადენილ ქმედებებს საკუთარი იურისდიქციიდან გამორიცხავს, რადგან, მისი განმარტებით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. იგი, ასევე, მიუთითებს მტკიცებულებათა ნაკლებობაზე, რაც დაადასტურებდა მომჩივანთა უფლებას სახნავ-სათეს მიწებზე. 

მოქალაქეთა ინტერესების უზრუნველსაყოფად, საია-მ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2022 წლის 28 თებერვალს წარდგენილ პოზიციას, 2022 წლის 9 ივნისს სათანადო მტკიცებულებებითა და წერილობითი პოზიციით უპასუხა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი საქმეზე, რომელშიც 2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიმდებარე ბუფერულ ზონაში ჩადენილი ქმედებები, მასზედ წარმოდგენილი რუსული სამხედრო ძალისა და დაქვემდებარებული ადგილობრივი ადმინისტრაციის კონტროლის გამო, რუსეთის ფედერაციის იურისდიქციას მიაკუთვნა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაში განმტკიცებულ უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა დააკისრა. საია-ს მიერ წარდგენილი წერილობითი პოზიცია აღწერს სოფელ დვანში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევებს, რომელიც ხელყოფს საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი), მიმოსვლის თავისუფლებას (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი). საქმეზე მესამე მხარედ ჩართულია საქართველო.

ამ საქმესთან კავშირში, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია კვლავაც აგრძელებს მავთულხლართების გავლებას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ზრდის დაზარალებულ მოქალაქეთა რიცხვს, არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და იწვევს ადამიანის  უფლებათა განგრძობად დარღვევებს.