სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია რელიგიური გაერთიანებების სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ეხმაურება

ამა წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ იქნა ”საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი. საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა წარიმართა დაჩქარებული წესით და ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში სამივე მოსმენით იქნა მიღებული. ასეთი ტემპი გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებების  განხილვაში რელიგიური მიმდინარეობების, განსაკუთრებით რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობას. ამავდროულად, ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმ სხდომებთან დაკავშირებით, სადაც კანონპროექტის განხილვა ხდებოდა პირველი და მესამე მოსმენით, საერთოდ არ გავრცელებულა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით, რაც რეგლამენტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. თავად გუშინ მიღებული კანონპროექტის საბოლოო ელექტრონული ვერსია ჩვენთვის მხოლოდ დღეს გახდა ხელმისაწვდომი. კანონპროექტით საქართველოს სამოქალაქო კოდექსს ემატება 15091 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ”რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება რელიგიური ორგანიზაციებისათვის მართებული არ არის. თუმცა, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმებით უკვე დაშვებულია ამგვარი პრეცედენტი, ხოლო ამ უკანასკნელი დოკუმენტის გადახედვა დღის წესრიგში არ დგას, ვიმსჯელებთ უშუალოდ კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2011-07-05 20:00 სრულად ნახვა

საია პარლამენტს რეფერენდუმის შედეგების პატივისცემისა და კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს

2011 წლის 27 ივნისს ოპოზიციურ პარტიებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის  დადებული შეთანხმება ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის გაზრდას 150-დან 190-მდე. უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტს გააჩნია უფლებამოსილება კონსტიტუციური ცვლილების გზით გაზარდოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა. გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელთა თანახმად აღნიშნული შეთანხმება ეწინააღმდეგება 2003 წელს საქართველოს მოქალაქეთა მიერ რეფერენდუმზე გამოვლენილ ნებას და შესაბამისად, მისი რეალიზაცია პარლამენტის მიერ იქნება უკანონო და არაკონსტიტუციური. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 სექტემბერს #428 ბრძანებულებაში რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე აღნიშნულია: სარეფერენდუმოდ გამოტანილ იქნეს შემდეგი საკითხი: ,,თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არაუმეტეს 150 დეპუტატით.” აღნიშნული რეფერენდუმი ჩატარდა 2003 წლის 2 ნოემბერს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 904  105-მა ამომრჩეველმა. დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა კენჭისყრის მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ: 1 590 000 ამომრჩეველმა.

2011-07-01 17:11 სრულად ნახვა

მოსაზრებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ წარდგენილ წინადადებებზე

2011 წლის 27 ივნისს ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს ეხება. ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებს, მივესალმებით ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობების განახლებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება, რომლებსაც რიგი ოპოზიციური პარტიებისა დათანხმდა, სრულად ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ისევე როგორც ადრე გაკეთებულ განცხადებებში, დღესაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოს პრობლემური საკითხები კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან მხოლოდ ნაწილის მოგვარება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. დათქმა იმის თაობაზე, რომ წარდგენილი წინადადებების გარდა სხვა საკითხებზე შეთანხმება აღარ მოხდება, მიუღებელია, ვინაიდან, შემოთავაზებული დოკუმენტი სისტემურად არ ეხმიანება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის დახვეწა, ფინანსური მონიტორინგის მექანიზმების შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნულ შეთანხმებაში მოცემული რეგულირებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

2011-06-30 13:53 სრულად ნახვა

სამუშაო შეხვედრა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

2011 წლის 30 ივნისს 11:00 საათზე სასტუმრო „ამბასადორში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან.შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაუმჯობესებას საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენისა და ალტერნატიული მექანიზმების შეთავაზების გზით. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:1. არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და დაზარალებულთათვის სპეციალური რეჟიმის განსაზღვრა _ მათთვის დამატებითი უფლებების მინიჭება;2.   ექსპერტის/ექიმის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თავისუფლებააღკვეთილი პირისათვის; 3.   გამოძიებისას მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; 4.    სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისათვის დამატებითი უფლებების მინიჭება მტკიცებულებათა დროულად მოპოვების მიზნით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გეგმავს მომზადებული ცვლილებების წარდგენას არასათანადო მოპყრობის საწინააღმდეგო საუწყებათაშორისო საბჭოს წინაშე განხილვის მიზნით.  

2011-06-30 12:26 სრულად ნახვა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადება

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ მიზნადაა გამოცხადებული, რომელმაც საქართველოს უნდა მოუტანოს პოლიტიკური, ეკონომიკური სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ კურსს და შეძლებისდაგვარად ხელს ვუწყობთ ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ზოგჯერ ისმის ისეთი განცხადებები, რომლებიც მოქალაქეებში ევროკავშირთან ინტეგრაციიის პროცესის დისკრედიტაციას იწვევს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, თითქოს საქართველოში ხორცზე ფასების მკვეთრი ზრდა ევროინტეგრაციის პროცესის შედეგია. ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავრობა ცდილობს ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებას „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ დასადებად. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით დადგა. ეს მექანიზმი ითვალისწინებს არა მხოლოდ სავაჭრო ბარიერების მოხსნას, არამედ ეკონომიკური საქმიანობის სტანდარტების დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან, რაც ქართულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე შეღწევას გაუადვილებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ევროპული სტანდარტების დანერგვის შედეგად, უკეთ იქნება დაცული საქართველოს რიგითი მოქალაქეების უფლებები და გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა. ევროპულ სტანდარდებთან დაახლოების ხელშეწყობისათვის ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას მრავალმილინიონიან დახმარებას უწევს.

2011-06-28 15:02 სრულად ნახვა

შსს-მ ჟურნალისტის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იურიდიულ დახმარებას უწევს მედიაკავშირ „ობიექტივის“ კორესპონდენტს ნინო მიქიაშვილს. ჟურნალისტმა 2011 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ მიტინგის დაშლაში 2011 წლის 26 მაისს. აღნიშნულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მედიის სამართლებრივი ცენტრის დახმარებით ნინო მიქიაშვილმა  გაასაჩივრა თანამდებობის პირის უმოქმედობა, 2011 წლის 10 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის გაცემის დავალება. 2011 წლის 27 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის სხდომაზე. ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა აღიარა, რომ მას ევალება აღნიშნული ინფორმაციის გაცემა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მიაწოდებს მოთხოვნილ მონაცემებს ჟურნალისტს.

2011-06-27 15:21 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია 26 მაისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დარღვევების ეფექტური გამოძიების მოთხოვნით

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი იწყებს ერთობლივ კამპანიას, რომლის ფარგლებში მოქალაქეები ყოველდღიურად ათობით იდენტური განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავარ პროკურატურას  და მოითხოვენ 2011 წლის 26 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევთა მიერ ჩადენილი დარღვევების გამოძიების ეფექტურად, მიუკერძოებლად და სრულად წარმართვას, ასევე ინფორმაციის მიწოდებას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების არაერთ ფაქტს, ასევე გამოიკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის ნიშნები. 20 ივნისს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, 26 მაისს ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე. 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ზუსტად ერთი თვე გავიდა აქციის დაშლის დღიდან, თუმცა საზოგადოებას არ აქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია კანონდამრღვევ სამართალდამცავთა პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით.

2011-06-27 13:59 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აქცია „არ აწამო!“

26 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა წამების წინააღმდეგ საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით საიამ აქციები გამართა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დროებითი მოთავსების იზოლატორების შენობებთან.26 ივნისს 14:00 საათზე აქციები ერთდროულად დაიწყო თითქმის ყველა ქალაქში, სადაც საიას ოფისებია განთავსებული, კერძოდ: თბილისში, რუსთავში, გორში, აჭარაში, ქუთაისსა და ოზურგეთში. თბილისში აქცია გაიმართა დიღომში, #2 დროებითი მოთავსების იზოლატორთან. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  თანამშრომლებმა, მოხალისეებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

2011-06-27 13:37 სრულად ნახვა

თბილისის მერის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

დღეს ქალაქ თბილისის საკრებულო  განიხილავს ქალაქ თბილისის მერის მიერ ინიცირებული გადაწყვეტილების პროექტს. აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის მე-2 პუნქტი ნარჩენების მომსახურების საფასურს ერთ აბონენტზე 1კვ.სთ-ში მოხმარებულ ელექტრო ენერგიაზე  0,05 ლარის ოდენობით განსაზღვრავს. აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონს. ამ უკანასკნელის მე-12 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ,,მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში.” საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტით, დასუფთავების ტარიფის გამოანგარიშების წესი იძლევა შესაძლებლობას, რომ აბონენტის მიერ ყოველთვიურად გადახდილი მოსაკრებლი იყოს  3 ლარზე მეტი, რითაც ირღვევა ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. გარდა ამისა, მოსაკრებლის განსაზღვრის წარმოდგენილი მეთოდი არავითარ ინფორმაციას არ იძლევა ნარჩენების მოხმარებასთან დაკავშირებით. ნარჩენების მოსაკრებელი ეფუძნება აბონენტის მიერ ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას. ეს უკანასკნელი არავითარ მიზეზობრივ კავშირში არ არის დასუფთავებასთან.

2011-06-24 11:29 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარუდგენს

საქართველოს პარლამენტი განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რაც გულისხმობს როგორც ახალი მუხლების დამატებას კოდექსში, ისე არსებული მუხლების შინაარსის შეცვლას. კანონპროექტით შემოთავაზებული სრულიად ახალი, 3531 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ციტირებული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა კოდექსში არსებული სხვა მუხლების გადაფარვას იწვევს, რაც გაუმართლებელია, როგორც ნორმათა კოდიფიკაციის, ისე ერთგავორვანი პრაქტიკის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მაქსიმალური სასჯელის ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა აშკარა არაპროპორციულობაზე მიუთითებს. სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს 117-ე და 118-ე მუხლებს, რომელიც ეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებებს, ასევე 109 მუხლს - განზრახ მკველობას. ყველა დასახელებულ ნორმაში ცალკე დამამძიმებელ გარემოებებად მოყვანილია მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი ქმედების ჩადენა. ეს ნიშნავს, რომ პოლიციელის ან ხელისუფლების ორგანოს სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფა უნდა დაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი შესაბამისი მუხლებით, რაც ითვალისწინებს გონივრულ სასჯელებს.

2011-06-23 10:52 სრულად ნახვა