სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დახურული ინტერნეტ ურთიერთობის დაკვირვების შესაძლებლობას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2011 წლის 20 სექტემბერს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, სასამართლოს თანხმობის გარეშე ინტერნეტში დახურულ საუბრებს დააკვირდნენ. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს, დადგინდეს, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების უფლება) მუხლებს. 2010 წლის 24 სექტემბერს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებზე დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და მისი სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. დახურული ინტერნეტ ურთიერთობის ფორმატი წარმოადგენს ადამიანის პირადულ, ინტიმურ სფეროს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. აღნიშნული ნორმით პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. არც ერთი ეს პირობა საიას მიერ გასაჩივრებული ნორმებით არათუ არ არის გათვალისწინებული, არამედ სასამართლო კონტროლი დახურული ინტერნეტ საუბრების დაკვირვებაზე პირდაპირ გამორიცხულია.

2011-09-26 11:29 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ 2011 წლის 15 სექტემბრის საღამოს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ‘’ჰერკულისის’’ გაფიცული და მოშიმშილე პროფკავშირის წევრების უკანონო დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრის, გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციის 33-მუხლით გარანტირებული გაფიცვის უფლება ქარხანაში არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობებისა გაუმჯობესებისა და პროფკავშირული საქმიანობის გამო უკანონოდ განთავისუფლებული 17 კოლეგის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. სრულმასშტაბიან გაფიცვას, რომელიც დაიწყო 13 სექტემბერს წინ უძღოდა 2 სექტემბრის გამაფრთხილებელი გაფიცვა. საგაფიცვო პროცედურები განხორცილებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მიღებული გაფიცვის დაშლის გადაწყვეტილება კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული.

2011-09-23 08:12 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით: კურსი “შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის) სისხლის სამართალი სამოქალაქო სამართალი საერთაშორისო სამართალი კონსტიტუციური სამართალი თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ.დანართი #1,2,3,4,5) სასწავლო კურსებით დაინტერესეულმა პირებმა 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ : პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი 2 ფოტოსურათი დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა ( განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებგვერდიდან www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას) საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დამიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას. დაწვრილებითი ინფრომაციისათვის მოგვმართეთ: ქ. თბილისი, კახიძის ქ. #15 ტელ: 2936101 (შიდა 125 ან 147); 2910883 (შიდა 125 ან 147) საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი metreveli@gya.ge მარი აბულაძე ltic@gyla.ge

2011-09-19 14:33 სრულად ნახვა

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს. სწავლის მსურველებმა 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2 ფოტოსურათი; შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან www.legaleducation.ge , ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას). საბუთების მიღება ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან გასაუბრებას.მოსწავლეთა შერჩევა მოხდება აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე.

2011-09-19 14:26 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: - იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს. მონაწილეობის პირობები : - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა. შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2011 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. განაცხადები მიიღება 2011 წლის 20 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით. განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

2011-09-19 14:17 სრულად ნახვა

საიას განცხადება ”ჰერკულესის” მუშების გაფიცვის დაშლასთან დაკავშირებით

  2011 წლის 15 სექტემბერს პოლიციამ ქუთაისში არსებული მეტალურგიული ქარხანა ”ჰერკულესის” გაფიცულ მუშათა აქცია დაშალა. გაფიცული მუშების ძირითადი მოთხოვნები ქარხანაში არსებული პირობების გაუმჯობესება იყო. ქარხანა ”ჰერკულესის” მუშები სარგებლობდნენ მათთვის საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული გაფიცვის უფლებით, რაც გულისხმობს დასაქმებულის უფლებას, დავის შემთხვევაში, დროებით, ნებაყოფლობით თქვას უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. დავა ქარხნის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მუშების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები წერილობითი სახით მიეწოდა ქარხნის ადმინისტრაციას, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამ უკანასკნელთა მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ, ქარხნის მუშებმა, შრომის კოდექსის 49-ე მუხლის დაცვით, გაფიცვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართეს გამაფრთხილებელი გაფიცვა. შესაბამისად, გამაფრთხილებელი აქციიდან 24 საათში ქარხანა ”ჰერკულესის” მუშებს წარმოეშვათ გაფიცვის კანონიერი უფლება. რაც შეეხება გაფიცვაში მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ გაფიცვის დაწყების დღიდან, პოლიციის მიერ მოხდა ამ უფლებაში უხეში ჩარევა გაფიცულთა დაშლისა და დაკავების გზით. საია-ს ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები გაფიცვის დაწყების დღიდან თვალ-ყურს ადევნებდნენ აქციის მიმდინარეობას. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, აქცია მიმდინარეობდა ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეები განლაგებულები იყვნენ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად რომ არ ახდენდნენ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას და ქარხნის შესასვლელის ბლოკირებას. ამას ადასტურებს მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ არავითარი კანონიერი საფუძველი ხელი შეეშალათ გაფიცვაში მონაწილე პირებისათვის ამ უფლებით სარგებლობაში.

2011-09-17 14:40 სრულად ნახვა

მოსაზრებები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველად პროექტთან დაკავშირებით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა’’ აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს. 30 ივნისს ორგანიზაციებმა გამოვხატეთ მკვეთრი პოზიცია რვა პარტიის მიერ შეთანხმებულ საკითხებთან დაკავშირებით, შევაფასეთ რა ისინი როგორც არასაკმარისი საარჩევნო გარემოს რეალური გაჯანსაღებისათვის ქვეყანაში. 1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვესწრებოდით საქართველოს პარლამენტში სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვერას, რომლის დროსაც განიხილებოდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი. მიგვაჩნია, რომ რვა პოლიტიკურ პარტიას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე სარედაქციო ჯგუფის მიერ შეხვედრაზე განხილული შეთანხმების საკანონმდებლო ფორმულირებები საჭიროებს მნიშვნელოვან დამუშავებას. მათი სრულყოფის შემთხვევაშიც, არასაკმარისად მივიჩნევთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის შემოფარგვლას მხოლოდ შეთანხმებულ საკითხებზე მსჯელობით, მათი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ სარედაქციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ პროექტში ფორმულირების მიღმა დარჩენილი იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და მისი საქმიანობის წესი, მედია მონიტორინგი.

2011-09-13 07:23 სრულად ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საიას სოლიდარობას უცხადებენ

2011 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მიმდინარე წლის 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბრიტანეთში დაფუძნებული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics Ltd დასკვნა წარუდგინა, რომელიც ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებისათვის მეტად საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საია სიცრუის შეგნებულ გავრცელებაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის მისამართით არაკორექტული კომენტარები გაკეთდა ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც საია „პოლიტიკურ თამაშებში“ ჩართვისთვის დაადანაშაულეს. ამის პარალელურად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერი“ და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პროგრამაში „ქრონიკა“ რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, რომლებიც არღვევს ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის რომ კრიტიკის ობიექტია საიას უფლება - მოიპოვოს და გაავრცელოს საქმესთან დაკავშირებული პროფესიული ინფორმაცია, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია და არა ექსპერტის დასკვნის სიზუსტე.

2011-09-13 07:04 სრულად ნახვა

საიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა

2011 წლის 9 სექტემბერს, 16:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია/მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობამდე გამართა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, ორგანიზაცია იქცა ხელისუფლებისა და მედიის ნაწილის თავდასხმის ობიექტად. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებულ ლეგიტუმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, რამდენიმე დღეა საიას წინააღმდეგ მიმართული, ჟურნალისტიკის სტანდარტებისა და ეთიკის ნორმებს მიღმა მომზადებული სიუჟეტები ვრცელდება, რომლებიც ორგანიზაციაზე თავდასხმას უფრო წარმოადგენს ვიდრე დისკუსიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

2011-09-09 14:10 სრულად ნახვა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია საიას ოფისთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისთან 8 სექტემბერს 13:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საიას მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საიას, რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაკორექტული კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერით საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები გადაიცა. სოლიდარობის აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.

2011-09-08 13:58 სრულად ნახვა