სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია საიას ოფისთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისთან 8 სექტემბერს 13:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საიას მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საიას, რომლის მიმართაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაკორექტული კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერით საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები გადაიცა. სოლიდარობის აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.

2011-09-08 13:58 სრულად ნახვა

კვინტრაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით საია თავის კომენტარს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვინტრაძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. პირველ რიგში, საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ საიას მიერ ექსპერტიზისთვის გაგზავნილ ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პიროვნებები ერთი და იგივეა. შესაბამისად, შსს-ს მტკიცება საიას მიერ ფაქტების განზრახ დამახინჯების თაობაზე უსაფუძვლოა. მიგვაჩნია, რომ საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და ეფექტურ გამოძიების ჩატარების მიზნებისათვის, შს სამინისტროს პირველ რიგში უნდა შეესწავლა საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ნაცვლად ამისა, შსს-მ განცხადებები ისე გააკეთა, რომ ფოტო ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ შეუსწავლია, აპრიორი გამორიცხა ამ მტკიცებულების სანდოობა და აღნიშნა, რომ საიას მხრიდან ადგილი აქვს ფაქტების დამახინჯებას.

2011-09-06 16:17 სრულად ნახვა

ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საია მის მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს აქვეყნებს

2011 წლის 6 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საიას თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს შეეხებოდა. 26 მაისის შემდეგ საია აქტიურად მუშაობს აქციის დაშლის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. უახლოეს მომავალში საია ამ საკითხებზე მომზადებულ სრულყოფილ ანგარიშს გამოაქვეყნებს. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშის საგანი აქციის დაშლის დროს სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ანალიზია. ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროულად აცნობოს მათ შესახებ საზოგადოებას და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება მოსთხოვოს. ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საიამ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics Ltd1 სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ექსპერტიზა შეუკვეთა. ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით ჩვენ ექსპერტ კენეტ ლინჯს2 გავუგზავნეთ 1. რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეო მასალა, 2. ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო (ფოტო #2) და 3. ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს DABS Fingerprints/Forensics Ltd-მა გამოგვიგზავნა ექსპერტიზის დასკვნა (იხ. დანართი). ექსპერტიზამ მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და #4 სურათზე (რუსთავი 2-ის ეთერში გასული ვიდეოს ამსახველი ფოტო მასალა) გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის ექსპერტიზამ 7 მსგავსების ნიშანი აღმოაჩინა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სავარაუდოდ დარტყმისგან მიყენებული ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე, რომელიც დაფიქსირდა როგორც #4 ფოტოზე, ისე სიკვდილის შემდეგ პროზექტურაში გადაღებულ ფოტოზე. ვიდეო ჩანაწერის შემოწმების შედეგად ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეო მასალაში მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეო მასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული.

2011-09-06 09:05 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის ინტერესებს, რომელიც ამჟამად სასჯელს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დეწესებულებაში იხდის. ამჟამად, ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ის გადაყვანილია ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტრში. იოსებ წიკლაურის ჯამრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის დროული კურსის ჩატარება. სწორედ ამ მიზნით მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით, დანიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა 2011 წლის 28 ივნისს ჩატარდა. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ, სასამართლო სამედიცინო ექპერტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომელიც გადაიგზავნა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში თუმცა, მსჯავრდებულის ოჯახს დღემდე არ ჩაბარებია.

2011-08-18 09:57 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასტუმრო ,,აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლებას ეხმაურება

15 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო "აფხაზეთის" ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნულ ობიქტში მცხოვრები დევნილების ნაწილის მიმართ გამოსახლების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან სასტუმრო ,,აფხაზეთიდან~ გამოსახლების მომენტისათვის, მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე თანხმობა არ ჰქონდათ მიცემული. როგორც საიამ არაერთხელ აღნიშნა წინა პერიოდში გავრცელებულ განცხადებებში, "იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა იძულებით გამოსახლებას, ვიდრე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია ვალდებული იყო დევნილის მოწმობის (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს) წარდგენისთანავე, შეეწყვიტა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები.

2011-08-15 13:25 სრულად ნახვა

საია სასამართლოს სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილების სავარაუდო გამოსახლების პროცესის შესახებ მიმართავს

2011 წლის 10 აგვისტოს 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. 2011 წლის 05 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქ. თბილისში, სასტუმრო ,,აფხაზეთიდან“ მცხოვრებ დევნილებს ინდივიდუალური შეტყობინებები გადასცა, რომლის თანახმადაც, სასატუმროდან დევნილების გამოსახლება, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს განხორციელდება. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747-ე ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევაში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას. ამასთან, კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.

2011-08-10 07:24 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსია თემაზე „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება“

29 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ინიციატივით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება“. დისკუსიის მსვლელობისას სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა სახელმწიფოს მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლების მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურების მექანიზმები, მათ შემუშავებასა და ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები. აღნიშნული განხილვის მიზანი იყო, ხელი შეეწყო ეფექტური გზების მონახვისთვის იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც დღის წესრიგში დადგა ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი დავალიანება აღიარა სახელმწიფო საშინაო ვალად. დღესდღეობით აღნიშნული დავალიანების გასტუმრება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის #835 განკარგულების საფუძველზე ევალება თბილისის მერიას, თუმცა ამ დრომდე საქართველოს 4000-მდე მოქალაქე ამაოდ ელოდება საკუთარი უფლების დაკმაყოფილებას.

2011-07-29 16:07 სრულად ნახვა

კოალიციის „მედია ადვოკატირებისათვის“ განცხადება

კოალიციამ „მედია ადვოკატირებისათვის“, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობით აერთიანებს კიდევ ათ არასამთავრობო ორგანიზაციას, 2011 წლის 29 ივლისს საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ნიკა გილაურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა. კოალიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ონლაინ აუქციონი შპს ”ალფა-კომი”-ს (საიდენტიფიკაციო კოდი №203829250) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე (მართვის უფლებით გადაცემის ვადა 4 წელი). შპს. „ალფა-კომი“ შეიქმნა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბაზაზე და მისი სამართალმემკვიდრეა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციას უწევს 36 ანძას, მათ შორის თბილისში ფუნიკულიორზე მდებარე ანძას, რომელთა დახმარებით გადაიცემა ტელე-რადიო, სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო სიგნალები და ემსახურება 30-ზე მეტ რადიოსა და 16 ტელეკომპანიას.

2011-07-29 14:10 სრულად ნახვა

სატელეფონო მოსმენების ვადების გასაიდუმლოების საკითხი საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენებს შეეხება. აღნიშნული კანონი მართალია არეგულირებს მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის წესს, თუმცა, არ განსაზღვრავს ვადებს, თუ რა პერიოდით არის ნებადართული კონკრეტული პირის მიმართ ხსენებული ღონისძიების განხორციელება. ვადებთან დაკავშირებულ საკითხს ცალკე არეგულირებს უწყებრივი ნორმატიული აქტი, რომელსაც, თავის მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ადევს. შესაბამისად, უცნობი რჩება, თუ რა ვადით არიან უფლებამოსილნი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, პირის სატელეფონო მოსმენებზე ფარული მოსმენები აწარმოონ. ხოლო „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზოგადი ვადები არ იძლევა იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ამა თუ იმ პირს უსმენენ თუ არა ფარულად.

2011-07-26 14:13 სრულად ნახვა

საია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ცნობილი გახდა, რომ  2011 წლის 12 ივლისს ს/ს ,,პარკ პლეისი~-ს დირექტორის განცხადების საფუძველზე პოლიციამ დაიწყო ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #80-ში (ყოფილი სასტუმრო ,,ვაკე~) მდებარე შენობიდან დევნილთა გამოსახლება. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ მასში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747-ე ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. Aსაია-ს დახმარებით დევნილებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ განცხადებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარალელურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ ობიექტში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ)~ შესაბამისად განახორციელა ინდივიდუალური შეტყობინებების დარიგება, რომლის თანახმად გამოსახლება სავარაუდოდ 25 ივლისს განხორციელდება.

2011-07-22 11:05 სრულად ნახვა