სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას არასამთავრობოები გამოეხმაურნენ

2011-12-15 13:13
Featured image

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 2011 წლის 14 დეკემბრის   განცხადებით კატეგორიულად არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების  შეფასებას კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია,  რომ კომპანია “მაგი სტილი მედია”  “ამზადებს და ათავსებს რეკლამას”. მასში ასევე  ნათქვამია, რომ “რეკლამის განთავსება კომისიის რეგულირების სფერო არ არის”.

ვფიქრობთ, კომისიის ხსენებული განცხადება მკაფიოდ არ განმარტავს კომპანია “მაგი სტილი მედია”_ს საქმიანობის სფეროს და კომისიის უფლებამოსილებებს სატელევიზიო სივრცეში რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით.კერძოდ, განცხადებიდან არ ჩანს, თუ კონკრეტულად სად განათავსებს ხსენებული კომპანია რეკლამებს და შეუძლია თუ არა კომისიას, რაიმე ზემოქმედების მოხდენა რეკლამების არამართლზომიერად განთავსებაზე.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი  მოგმართავთ თხოვნით,  საზოგადოებას დაუზუსტოთ კომისიის განმარტება შემდეგი გარემოებების შესახებ:

განათავსებს თუ არა “მაგი სტილი მედია” სარეკლამო რგოლებს სატელევიზიო მაუწყებლების ეთერში?

აკისრია თუ არა კომისიას ვალდებულება, გააკონტროლოს და გამოავლინოს სატელევიზიო მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსების ლიმიტის დარღვევის ფაქტები და მოახდინოს მათზე შესაბამისი რეაგირება?

გამოიყენა თუ არა კომისიამ აღნიშნული უფლებამოსილება (რეაგირება სარეკლამო დროის ლიმიტის დარღვევის ფაქტებზე) კომისიაში დაინტერესებული მხარის მიერ საჩივრის წარდგენის გარეშე?

მიგვაჩნია, რომ კომისიის ობიექტურ და მიუკერძოებელ მუშაობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სატელევიზიო მედიის განვითარებისათვის. ამასთან, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, თუ სრულად არ გაეცა პასუხები არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებსა და შეფასებებს კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე.

მონიტორინგის ჯგუფი პროექტის “სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის” ფარგლებში  კომისიის პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგს 2011 წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. აღნიშნული  პროექტი ხორციელდება  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით“.