სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შრომითი ტრავმისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გაუქმების საკითხს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2011-12-16 07:18
Featured image

საია ქუთაისის მანქანამონტაჟის სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის ბენიამინ აბრამიძის სახელით კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის #53-ე დადგენილების ცალკეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

საიას მიაჩნია, რომ მთავრობის #53-ე დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს, 39-ე მუხლს და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. სადავო ნორმატიული აქტით იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო ფულადი დახმარების გონივრულ ოდენობამდე შემცირება, რაც აუცილებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისათვის, ყოველთვიური სარჩო ტოტალურად გაუქმდა. გარდა ამისა, სახელმწიფოს არ იყო უფლებამოსილი, სრულად უარეყო  ადამაინის უფლება - მიეღო ყოველთვიური სარჩო, ვინაიდან ეს მოთხოვნა ეფუძნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ადმინისტრაციული აქტით წარმოშობილ კანონიერ მოლოდინს. სახელმწიფოს მიმართ სოციალურ შემწეობის უზრუნველყოფაზე არსებული კანონიერი მოლოდინი გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, რაც კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი მახასიათებელია.

სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, თავი დააღწიოს დაქირავებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობისაგან, იმ სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის გზით, სადაც დაზარალებულმა განიცადა შრომითი ტრავმა. ამასთან დაკავშირებით სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის ადამიანისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია არა ის სახელმწიფო ორგანო ან მოსამსახურე, რომელმაც დაქირავებულს ზიანი მიაყენა, არამედ სახელმწიფო მთლიანობაში. აღნიშნულ პასუხისმგებლობაზე კი არანაირ გავლენას არ შეიძლება ახდენდეს სახელმწიფოს იმ სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაცია, რომლის ბრალეული ქმედებითაც მუშაკს მიადგა საწარმოო ტრავმა.

სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ყოველთვიური სარჩოს გაუქმების საკითხი საიამ ასევე აქცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსჯის საგნად. საია  სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე გვარაძე საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენს განმცხადებლის ინტერესებს.