შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 2024 წლის 19 ნოემბერს დაკავებულთა პროცესების თაობაზე
20 ნოემბერი, 2024არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ინტერესებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დაკავებულები სასამართლოში დღეს სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე.
ამ დროისთვის საქმეებს რამდენიმე მოსამართლე პარალელურად იხილავს. მოსამართლეები მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადით სხდომების გადადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში პროცესი გადაიდო მხოლოდ 10 ან 30 წუთით და ამ დროში მხარეებს დაევალათ ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
მიგვაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა.
მოვუწოდებთ სასამართლოს, მისცეს ადვოკატებსა და მხარეებს საქმის მასალების სრულად გაცნობის და ახალი მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო და ორგანიზებულად წარიმართოს წინამდებარე საქმეების განხილვა.
სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
უფლებები საქართველო (RG)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
უფლებადამცველთა გაერთიანება ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRD)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
გააზიარე: