სიახლეები

2025 წლის 24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან, ოჯახების იძულებითი გამოსახლება კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფოში უსახლკარობის პოლიტიკის არარსებობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებების დაუცველობის, ბავშვების საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფისა და საპოლიციო მეთოდების სისასტიკის სიმწვავესა და მძიმე შედეგებს.
2025 წლის 24 ივლისს, დილიდან თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან მიმდინარეობდა ოჯახების, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების და სოციალურად დაუცველი პირების იძულებითი გამოსახლება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული შენობა არის კერძო საკუთრება, ხოლო მესაკუთრეს მოგებული აქვს სასამართლო დავა. 1 მან, ასევე, აღნიშნა, რომ შენობა არის ავარიული. 2 მისი განცხადებით, გამოსახლება აღსრულების საკითხია და “მუნიციპალიტეტის თემა არ არის”. 3 კალაძის განცხადების მიხედვით “არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და ქირით გაყვანა. 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენები არ დაეთანხმნენ აღნიშნულს“. 4
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, “შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია”. 5 ბიუროს განცხადების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობით გამოსახლების პროცესი უკვე გადადებული იყო ორჯერ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა. 6 ბიუროს განცხადების მიხედვით, “მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია - 24 პირი; ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს - 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ.” 7
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, [მისამართზე მცხოვრები დევნილების] “ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არამც თუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომლებიც განხილვის პროცესშია” 8
აღნიშნული განმარტების მიხედვითაც კი, გამოდის, რომ მისამართზე მცხოვრებ დევნილთა დაახლოებით ნახევრის გამოსახლება ხდება ისე, რომ მათი საცხოვრისის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. გამოსახლებული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათ წასავლელი და ღამის გასათევი არსად აქვთ.9 გამოსახლებულთა ნაწილმა 24-25 ივლისის ღამე თვალჭრელიძის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ გაათენა. 10 მედიის ინფორმაციით ერთ-ერთი გამოსახლებული პირი, რომელმაც ღამე თვალჭრელიძის ქუჩაზე გაათენა, შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი გადაყვანა სასწრაფო დახმარების მანქანით. 11
გამოსახლებულთა ნაწილი ასევე მედიასთან აცხადებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები და პრო-სახელისუფლებო მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ გამოსახლებულთა თანხით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. 12 გამოსახლებული ადამიანების ნაწილის ცნობით, მათ 3 თვით ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს, თუმცა, უცნობია, რა ბედი ეწევათ მათ 3 თვის შემდეგ. 13
საქართველოში სხვადასხვა მიზეზით ოჯახების იძულებითი გამოსახლების ისეთი პრაქტიკები, რომლებიც უგულებელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, აქამდეც პრობლემური იყო. 14 სახლმწიფო ვალდებულია გამოსახლების შემთხვევებში უზრუნველყოს ადამიანების ძირითადი უფლებების დაცვა: იძულებითი გამოსახლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკურებულ შემთხვევებში,15 კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების ზედმიწევნით დაცვით. 16 ამას გარდა, ადეკვატური დაცვის გარეშე პირის იძულებით გამოსახლება არ შეესაბამება პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის მოთხოვნებს.17
მართალია, ავარიული შენობიდან მომდინარე საფრთხეებისაგან მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა ამ ვალდებულების შესრულებად ვერ ჩაითვლება ავარიულ შენობაში ცხოვრების რისკის ჩანაცვლება უსახლკარობით, რომელიც ადამიანებს კვლავ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ღირსების დაცულობის წინაშე არსებული საფრთხეების მიმართ დაუცველს ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში წლების განმავლობაში პრობლემურია სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული სისტემური ხასიათის პრობლემები. 18 არ არსებობს ერთიანი ხედვა უსახლკარობის თავიდან ასაცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, შეუსწავლელია უსახლკარობის გამომწვევი მიზეზები და მისი მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა, სათანადო საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებული ჩარჩო კანონმდებლობა და უსახლკარო პირის საკანონმდებლო განმარტება.19
სერიოზულ გამოწვევეას წარმოადგენს ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა უფლებრივი მდგომრეობა და მათი განსახლების პოლიტიკის არაეფექტიანობა. 2024 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 299 172 იძულებით გადაადგილებული პირი და 96 130 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 48 640 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, 43 792 ოჯახს კი გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. 20 პრობლემად რჩება დევნილი ოჯახებისათვის გათვალისწინებული ქირის მცირე ოდენობა - 300 ლარი. ამასთან, პრობლემაა, რომ დევნილებს ხშირად ნგრევად შენობებში უწევთ ცხოვრება: 2024 წელსაც, 2023 წლის მსგავსად 29 ე. წ. ნგრევადი ობიექტი იყო და ასეთ ობიექტებში ჯამში 491 ოჯახი ცხოვრობდა. 21
აღსანიშნავია, რომ 24 ივლისს გამოსახლება წარიმართა საპოლიციო ძალების მობილიზებისა და მათ მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალით.22 კერძოდ, მედიაში გამოქვეყნებულ კადრებს ჩანს თუ როგორ უჭერენ ყელში, ქაჩავენ ტანსაცმელზე, და ისე ათავსებენ ადამიანებს სატრანსპორტო საშუალებაში. 23 ადვოკატი ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, სახლიდან იძულებით გამოსახლებულ ახალგზარდა მამაკაცს პოლიციელები დამცირების მიზნით ეძახდნენ “პრინცესას”. 24
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ძალადობრივი გამოსახლების პროცესი ბავშვების თვალწინ ხდებოდა. ბავშვის უფლებებს უხეშ დარღვევას წარმოადგენს როგორც თავად გამოსახლების ძალადობრივი ფორმა, ასევე ბავშვების უსახლკარობის რისკის ქვეშ დაყენება. ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მონაწილე საქართველოცაა, განამტკიცებს ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, მიმართოს საჭირო ზომებს, რათა დახმარება გაუწიოს მშობლებს და ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევით და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების ხელშეწყობით.25
ამასთან, მედიის თანახმად, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 17 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის არიან ზემოაღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები და მათ მხარდასაჭერად მისული ადამიანები. 26 ამ მუხლში 2025 წლის თებერვალში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დაკავებულებს 2000-5000 ლარამდე ჯარიმა ან 4-ჯერ გაზრდილი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, 60 დღემდე, პატიმრობა ემუქრებათ (უწინდელ რედაქციაში აღნიშნული სამართალდარღვევა 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა.). ღირსებაშემლახავი გამოსახლების პარალელურად ადმინისტრაციული დაკავების თანმდევი პრაქტიკა უკანონობისა და სახელმწიფო საპოლიციო ძალების რეპრესიულ სახეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე, ცხადი ხდება, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს და იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღნიშნული პრინციპიდან და ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე ეკისრება, მათ შორის, უსახლკარობის პრევენციის და ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის კუთხით.
ფოტო: რადიო თავისუფლება
1 IPN, კახა კალაძე - თვალჭრელიძის ქუჩაზე მისვლას არ ვაპირებ, ეს შენობა კერძო საკუთრებაა და მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია - მათგან 9 ოჯახია თბილისში რეგისტრირებული, რომელთაც ქირით უზრუნველყოფა შევთავაზეთ, თუმცა მხოლოდ 2 დათანხმდა, 24.07.2025, https://www.interpressnews.ge/ka/article/844647-kaxa-kalaze-tvalchrelizis-kuchaze-misvlas-ar-vapireb-es-shenoba-kerzo-sakutrebaa-da-municipaliteti-araper-shuashia-matgan-9-ojaxia-tbilisshi-registrirebuli-romeltac-kirit-uzrunvelqopa-shevtavazet-tumca-mxolod-2-datanxmda/, [25.07.2025]
2 იქვე.
3 იქვე.
4 იქვე.
5 IPN, აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ არსებული შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშია, 24.07.2025, https://www.interpressnews.ge/ka/article/844618-agsrulebis-erovnuli-biuro-tvalchrelizis-kuchaze-mimdinare-gamosaxlebis-shesaxeb-inpormacias-avrcelebs-da-ganmartavs-rom-arsebuli-shenoba-nagebobebi-srulad-amortizebulia-da-ik-mcxovrebi-adamianebis-sicocxlistvis-sashishia, [25.07.2025].
6 იქვე.
7 იქვე.
8 იმედი, სარჯველაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილებზე: ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უძრავი ნივთების გადაცემის ვალდებულება შესრულებული აქვს, რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, არის კონკრეტული პროექტები, 24.07.2025, https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/396118/sarjveladze-tvalchrelidzis-quchaze-avariul-shenobashi-mtskhovreb-devnilebze-nakhevartan-mimartebashi-sakhelmtsipos-udzravi-nivtebis-gadatsemis-valdebuleba-shesrulebuli-aqvs-rats-sheekheba-darchenil-natsils-aris-konkretuli-proeqtebi, [25.07.2025].
9 ტვ პირველი,გამოსახლება თბილისში | თვალჭრელიძის ქუჩაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა, 24.07.2025, https://www.youtube.com/watch?v=205lcKeMfw4, [25.07.2025].
10 ტვ პირველი, პირველი ღამე ღია ცის ქვეშ | რა ხდებოდა ღამით თვალჭრელიძის ქუჩაზე, https://www.youtube.com/watch?v=SviPu7Kewg8 , [25.07.2025].
11 იქვე.
12 ფორმულა,დაკავებები და გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე, 24.07.2025, <https://www.youtube.com/watch?v=iO1q7kM4Wqc> [25.07.2025].
13 მაუწყებელი, გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე, 24.07.2025, https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/2729219767469179 [25.07.2025].
14 საია, აღსრულების ბიუროს მიერ მოქალაქეთა გამოსახლების პროცესი არღვევს ადამიანის უფლებების საბაზისო გარანტიებს, 23.01.2024, https://www.gyla.ge/post/aghsrulebis-biuros-mier-moqalaqeta-gamosakhlebis-procesi-arghvevs-adamianis-uflebebis-sabaziso-garantiebs#sthash.u9PGsifd.dpbs, [25.07.2025]
15 CESCR General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11 (1) of the Covenant), Adopted at the Sixth Session of the Committee on Economic, Social and Cultural Rights, on 13 December 1991 (Contained in Document E/1992/23), 18 https://www.refworld.org/pdfid/47a7079a1.pdf [25.07.2025]
16 CESCR General comment 7. (General Comments), The right to adequate housing (Art.11.1): forced evictions : . 20/05/97, 11. https://www.refworld.org/docid/47a70799d.html [25.07.2025]
17 CESCR General comment 7. (General Comments), The right to adequate housing (Art.11.1): forced evictions : . 20/05/97, 8. https://www.refworld.org/docid/47a70799d.html [25.07.2025]
18 სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 294, https://www.ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf, [25.07.2025].
19 იქვე. 294.
20 იქვე, 368.
21 იქვე, 370.
22 ტვ პირველი, გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე | პოლიციამ 5 შვილის დედას ხელბორკილები დაადო - რა ხდება ადგილზე, 24.07.2025, https://www.youtube.com/watch?v=m2JdcIsjg4Q [25.07.2025].
23 ტვ პირველი, პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, კიდევ 5 პირი დააკავა, 24.07.2025,
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/106285-politsiam-tvalchrelidzis-quchaze-sadats-gamosakhleba-mimdinareobs-kidev-5-piri?fbclid=IwY2xjawLwJx1leHRuA2FlbQIxMQABHuaMcGEdHf2gIvJlTDGQDAEt76dSIWn1Hkf38nJSbTY-szrEbmQUEYvYHlr5_aem_Nr-J1o0UND4cC3UKrluCTA [25.07.2025].
24 ფორმულა,ადვოკატი: თვალჭრელიძეზე დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადეს, კაცებს ეძახდნენ "პრინცესებს", 25.07.2025, https://formulanews.ge/News/127626 [25.07.2025].
25 კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 27.
26 პუბლიკა, აღსრულების ბიურო გამოსახლებულ ოჯახებზე - მხარს ვუჭერდით ფსიქო-ემოციურად, ვამზადებდით პროცესისთვის, 24.07.2025, https://publika.ge/aghsrulebis-biuro-gamosakhlebul-ojakhebze-mkhars-vucherdit-fsiqo-emociurad-vamzadebdit-procesistvis/?fbclid=IwY2xjawLwDS5leHRuA2FlbQIxMQABHj36VqOy-F9XP_YOgallsF6PDqsLfHZXH45_8Uc5ICqZO24uouOgq4STOu8p_aem_iYMuKO2YDEOm3pD2_nDPcA, [25.07.2025].
გააზიარე: